როკვამდე ძალიან ცოტა დრო რჩება — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
პანდემიური ორი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ჩვენს ცხოვრებაში ფესტივალები დაბრუნდა. ივლისის მიწურულს რაჭაში დიდი ჟრიამული იგეგმება. თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვს როკვაზე წასვლა, ალბათ, გაინტერესებს, რა უნდა გაითვალისწინო.
ჩვენ ფესტივალის ორგანიზატორებს დავუსვით კითხვები, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს გაუჩნდათ.
1. მერამდენედ ტარდება წელს როკვა, რით იქნება წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული და რას უნდა ველოდეთ?
როკვა წელს მეოთხეჯერ ანონსდება, თუმცა მესამედ ტარდება. შარშან ფესტივალი მოულოდნელად გამოცხადებული რეგულაციების გამო ჩაიშალა. 2019 წელს ჩატარდა ფესტივალის საპილოტე ვერსია, 1-დღიანი, მხოლოდ ლოკალური არტისტებით. დროთა განმავლობაში, მასშტაბშიც გავიზარდეთ — 3 დღე, 3 სცენა -— Main stage, Night stage,Mzesumzira Stage. 50-ზე მეტი ქართული თუ საერთაშორისო მუსიკალური პროექტით.
2. როკვა სხვადასხვა ასაკისა და მუსიკალური გემოვნების ადამიანს გააერთიანებს, სად შეიძლება ლაინაფის ნახვა? ვინ არიან ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტები?
ლაინაფის ნახვა და ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც tkt.ge-ზე, ასევე Facebook ივენთის მეშვეობით.
3. დაუვიწყარ მუსიკალურ გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვანია დასვენებისა და კვების ნაწილი, სტუმრები ამ კუთხით რას უნდა ელოდნენ?
ფესტივალზე მუსიკალური სცენების გარდა, იქნება სხვადასხვა გასართობი ზონები, ხელნაკეთი ნივთების მარკეტი და რაც მთავარია, ფუდკორტი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ყველანაირი გემოვნების მომხმარებელზე — ვეგანებს და ვეგეტარიანელებს არ დავტოვებთ მშივრებს. ყველა გათვალისწინებულია.
4. რაჭამდე ტრასნპორტირებისა და დასარჩენ ადგილებთან დაკავშირებით რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა?
ფესტივალიდან 900 მეტრში იქნება ფასიანი პარკინგი, ლიმიტირებული ადგილებით, ასე რომ წინასწარ თადარიგის დაჭერა აუცილებელია. ასევე იქნება საკარვე ზონაც, რომელშიც ადგილის დაჯავშნა შეგიძლიათ eventer.ge/rokva2022-ზე. ესეც ფესტივალამდე 900 მეტრში მდებარეობს, ძალიან ლამაზ ადგილას. ჯავშანში შედის მხოლოდ ადგილი 4 პერსონამდე ტევადობის კარვისთვის (მხოლოდ ადგილი და არა თვითონ კარავი), ფესტივალის სამივე დღეს. ზონაში დაგხვდებათ საშხაპე წერტილი, სპარის მაღაზია, სასაუზმე ჯიხური და ფასიანი ლოქერები, სადაც 10 კილოგრამამდე ტევადობის ზურგჩანთის დატოვება შეიძლება
შოვი (სადაც ფესტივალია) ძალიან პატარა სოფელია, ამიტომ მანდ ყველა ვერ დავეტევით, თუმცა ფესტივალის პერიოდში Georgian Bus-ის ავტობუსები სისტემატურად ივლიან ამბროლაურიდან შოვამდე, ამიტომ ნებისმიერ სასტუმროში / სახლში შეგიძლიათ დარჩენა.
ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ თბილისიდან ახალი გზით რაჭამდე, ჩვენს ტერიტორიამდე 3.5-4 საათში შეგიძლია ჩამოხვიდე, როდესაც ადრე 6 საათი გჭირდებოდა. ეს კიდევ უფრო მარტივს ხდის ფესტივალზე მოხვედრას და უიქენდზე ამორბენაც კი შესაძლებელია.
5. როგორ უნდა ჩაიცვა ფესტივალისთვის?
დილაობით მზეში ცხელა, თუმცა ნებისმიერ ჩრდილში უკვე კარგი სიგრილეა. ღამე 13-15 გრადუსია ხოლმე, თბილი ჰუდის ტემპერატურა, თუმცა ხანდახან 11 გრადუსიცაა და ცივა საკმაოდ, ამიტომ ზამთრის ქურთუკის წამოღებაც არ იქნება ცუდი. არ დაგავიწყდეთ საწვიმრები.
6. მოგვიყევით ადგილმდებარეობის შესახებ, როგორ შეარჩიეთ და რითაა გამორჩეული? როგორ უნდა მოაგნონ სტუმრებმა?
შოვის კურორტი 20-ე საუკუნის დასაწყისში, შამშე ლეჟავამ დააარსა და ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს ტერიტორია მდინარე ჭანჭახის კალაპოტში შეჭრილ მცირე კონცხისებურ პლატოზეა, თვალუწვდენელ მთებს შორის.
როკვა არის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი, რომელიც ქალაქგარეთ ტარდება. ფესტივალის მთავარი იდეა და მიზანი რაჭის ჰორეკა სისტემის განვითარება, ადგილობრივებისთვის აქამდე არნახული მასშტაბის კულტურული გამოცდილების გაზიარება და ქართველი არტისტების მხარდაჭერაა. 3 დღის განმავლობაში 10,000-მდე სტუმარს ველოდებით.
კომენტარები