"ჩვენ ვართ უძველესი ევროპელები" — გია დვალის 3 არგუმენტი ევროპული საქართველოსთვის
ქართველმა ფიზიკოსმა, გია დვალმა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორ სულხან მეტრეველთან ჩაწერილ ახალ ვიდეოინტერვიუში საქართველოსა და ევროპაზე ისაუბრა. მან გაგვიზიარა 3 ფუნდამენტური არგუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი უნდა გახდეს.
“ის, რომ ადამიანს შეუძლია გაიაზროს სამყარო, მომავალი და წარსული, შემთხვევითი არაა. რაღაც კოდია ჩვენში ჩადებული, რომელსაც სჭირდება განვითარება და არა განიავება”, — აცხადებს დვალი.
მისი აზრით, ადამიანი სამყაროში რომ ორიენტირდეს, აუცილებელია ათვლის წერტილები და ამის ერთ-ერთი მაგალითი იდენტობაა, ეროვნული, ენობრივი თუ სხვა, რომელიც ტვინის ფუნქციონირებაში გარკვეულ როლს ასრულებს. ასეთი იდენტობა და ფასეულობები, რა თქმა უნდა, ქართველებსაც გაგვაჩნია, თუმცა ზოგჯერ ისინი დამახინჯებულად აღიქმება. მაგალითად, სამშობლოსთვის თავგანწირვა დღეს ვაჟკაცობის კულტში გადაიზარდა, რაც ბევრ რამეში გვიშლის ხელს.
"ქართველს ურჩევნია, მოკვდეს, ვიდრე აღიაროს, რომ ეშინია", — ამბობს ფიზიკოსი და ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობაზე მიანიშნებს.
ის აღნიშნავს, რომ საქართველოს კურსი ოდითგანვე სწორედ დასავლეთისკენ ჰქონდა აღებული, ხოლო თუ ამ გზას გადავუხვევთ, შედეგად საზოგადოების სერიოზულ რღვევას მივიღებთ. და მაინც, რატომ ევროპა? მეცნიერის პირველი არგუმენტი ზუსტად ჩვენი იდენტობა და ფასეულობებია, რაც კარგად ჩანს როგორც ანტიკურ რუკებზე საქართველოს ყოფნითა და ელინურ კულტურაზე გავლენით, ასევე, მწერლობით, რომელმაც ეს ყველაფერი უმაღლეს ხარისხში აიყვანა.
მისი თქმით, "ჩვენ ვართ უძველესი ევროპელები ამ სიტყვის ნებისმიერი განმარტებით. მთელი ჩვენი ისტორია არის ბრძოლა და დაცვა ევროპული ფასეულობების. ხანდახან ისინი იმდროინდელ ევროპულ ფასეულობებსაც კი უსწრებდა...
პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი საზოგადოება, რომელიც უწყვეტად მოვდივართ უძველესი ევროპიდან, გვინდა, ვიყოთ მისი ნაწილი და არ ვართ".
მეორე არგუმენტი მეტად პრაქტიკულია და დემოკრატიზაციას გულისხმობს. ფიზიკოსი ამბობს, რომ ევროპის გარეშე დემოკრატიისკენ ჩვენით ნაბიჯი ვერ გადავდგით, რადგან ამ მხრივ წინსვლაში უდიდესი წვლილი ისევ და ისევ დასავლელ მეგობრებს მიუძღვით.
”თუ ამ ჩარჩოდან ამოვვარდით, ვერაფერს დემოკრატიულს ვერ შევქმნით. ჩვენნაირი ქვეყნისთვის კი არადემოკრატიულობა დამღუპველია... სხვანაირად ფეოდალური სახელმწიფო გავხდებით, რომელსაც უფრო დიდი ფეოდალური სახელმწიფო შეისრუტავს", — აცხადებს დვალი.
თუ არ გვინდა, რომ ვიყოთ “ფეოდალური სახელმწიფო რუსეთის ორბიტაზე”, დასავლეთისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. მეცნიერის აზრით, დემოკრატიის გარეშე გაგვიჭირდება ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის აშენება, რომელშიც ადამიანის უფლებები დაცულია, რადგან "როცა ყველა თანაბარ პირობებშია, ქვეყნის განვითარების მეტი შანსია".
რაც შეეხება მესამე არგუმენტს, ეს ეკონომიკური კეთილდღეობაა. ამასთან, ევროპისგან ინტელექტუალურ და მორალურ მხარდაჭერასაც მივიღებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მსგავსი შანსის ხელიდან გაშვება არ გვეპატიება.
"დღეს ევროპის ფანჯარა გახსნილია და შესვლა უნდა მოვასწროთ, სანამ ისევ დაიკეტება", — ამბობს დვალი.
სამწუხაროდ, ამ დროს რუსულ ალტერნატივასაც ახსენებენ, რომელიც, დვალის თქმით, მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაზე დგას, რადგან ამ ქვეყნისგან რეალური შემოთავაზება არ მიგვიღია, ევროპამ კი პირობები პირდაპირ გადმოგვცა. მეტიც, ჩრდილოელ მეზობელს ულტიმატუმიც კი არ წამოუყენებია.
"არ შეიძლება ჩვენი მოქმედება დავაფუძნოთ ირაციონალურ შიშზე, რომელიც არანაირ ინფორმაციაზე არაა დამყარებული. ირაციონალურ არსებობას არავისთვის სიკეთე არ მოუტანია", — აღნიშნავს ის.
სრული ვიდეოინტერვიუს ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
ასევე, იხილეთ:
- "სამყარო არის კვანტური კომპიუტერი" — გია დვალი სამყაროს სიმულაციურობასა და მეხსიერებაზე
- "ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რევოლუცია ადამიანის აზროვნებაში" — გია დვალი კვანტური ფიზიკის შესახებ
- "სულ ყველანი ერთი წერტილის შვილები ვართ" — რას ამბობს გია დვალი სამყაროს საწყისებზე
- "რელიგიაზე კამათი მეცნიერულად ან მეცნიერების ჩასწორება რელიგიურად, გამორიცხულია" — გია დვალი
კომენტარები