როდის დაირწა კაცობრიობის აკვანი? — ახალი კვლევა უძველესი ჰომინინების ასაკს 1 მილიონ წელს მატებს
სამხრეთ აფრიკაში არის ადგილი, სადაც ავსტრალიოპითეკთა გვარის უძველესი ჰომინინების მრავალი ნამარხია აღმოჩენილი. ეს გახლავთ სტერკფონტეინის გამოქვაბულთა სისტემა, რომელსაც მეორენაირად "კაცობრიობის აკვანსაც" უწოდებენ. ის ადამიანთა ევოლუციის ისტორიის შესასწავლად უმნიშვნელოვანესია, რასაც ახალი კვლევაც ცხადყოფს.
მეცნიერებმა ნიმუშების დათარიღების თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დაადგინეს, რომ შესაძლოა, ამ ჰომინინების ნაშთები დაახლოებით 4 მილიონი წლის იყოს, ანუ იმაზე ბევრად ძველი, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ეს მათ ლუსის სახელით ცნობილ ჩონჩხზე ხნიერად აქცევს, რომელიც ავსტრალოპითეკ-აფარენსისის სახეობის წარმომადგენელს ეკუთვნის.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ნიმუშების ასაკის დადგენა მარტივი ნამდვილად არაა. ამისთვის სპეციალისტები გეოლოგიურ მასალას, ვულკანურ მატერიას ან ახლომდებარე არეალში ნაპოვნ ცხოველთა ნაშთებს აანალიზებენ, თუმცა, სტერკფონტეინის შემთხვევაში, კვლევის შედეგები სხვადასხვაგვარია, თანაც იქ ვულკანური მტვერი არ გვხვდება, არამედ ვარაუდები აქამდე კალციტის მინერალების დანალექს ეფუძნებოდა. მიიჩნეოდა, რომ ის 2 ან 2.5 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა, თუმცა მისი ფორმირება უფრო ძველი დანალექის ზემოდანაცაა შესაძლებელი. სწორედ ასე უნდა მომხდარიყო "კაცობრიობის აკვნის" ტერიტორიაზეც.
ავტორებმა მსგავსი მინერალებისა თუ ძვლების ნაცვლად, ის დანალექი ქანები შეისწავლეს, რომლებშიც ნამარხები ინახებოდა, განსაკუთრებული ყურადღება კი იშვიათი იზოტოპების — ალუმინ-26 და ბერილიუმ-10 — რადიოაქტიური დაშლის პერიოდზე გაამახვილეს. ეს უკანასკნელი სწორედ ქვებისა და ჩონჩხების ასაკს ემთხვევა, რომელიც, ახალი მონაცემებით, 3.4-3.7 მილიონი წელია, ანუ ავსტრალოპითეკთა ერის დასაწყისს მიეკუთვნება და არა დასასრულს.
მეცნიერთა თქმით, ახალგაზრდა ჰომინინები, მათ შორის ჰომოები (რომელშიც ჰომო საპიენსი ერთიანდება) და პარანტროპები 2.8-2 მილიონი წლის წინ ჩნდებიან. ადრეული კვლევების თანახმად კი ავსტრალოპითეკები მათი წინაპრები ვერ იქნებოდნენ, ამიტომ მიიჩნეოდა, რომ ისინი აღმოსავლეთ აფრიკაში განვითარდნენ.
ახალი ნაშრომი შესაძლებლობას იძლევა, რომ ეს მოსაზრება გადაიხედოს და ჩვენი წინაპრების სამხრეთაფრიკული წარმომავლობა გამოიკვეთოს.
კომენტარები