ინგუშეთი ჩეჩნეთისთვის ნაკრძალის ნაწილის გადაცემის გეგმას უარყოფს
რუსეთის მთავრობის მტკიცებით, ინგუშეთის ხელისუფლებამ 2018 წლის მიწის გაცვლის შეთანხმების ფარგლებში ხელი მოაწერა ერზის ნაკრძალის ნაწილების ჩეჩნეთისთვის გადაცემას — მომდევნო დღეს, ეს ინფორმაცია ინგუშეთის ვიცე-პრემიერმა უარყო.
რუსეთის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრმა, ალექსანდერ კოზლოვმა ეს კომენტარი 13 ივნისს რამზან კადიროვთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, ერზის ნაკრძალის ნაწილი ჩეჩნეთს 20 ჰექტარი ეროვნული პარკის ასაშენებლად უნდა გადაეცეს.
მინისტრის თანახმად, ეს საკითხი დღის წესრიგში ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის მხრიდან ვლადიმერ პუტინისა და მიხაილ მიშუსტინისადმი წერილობითი მიმართვის საფუძველზე დადგა. ტრანსფერის შესახებ პუტინის ბრძანება მთავრობას 2023 წლის პირველ მაისამდე უნდა წარედგინოს.
კოზლოვის თქმით, ორივე მეზობელი რესპუბლიკის ლიდერები განსაზღვრავენ გუნდს, რომელიც ახალი პარკის მშენებლობის სამოქმედო გეგმას შექმნის. გეგმის წარდგენის ბოლო ვადა 15 ივლისია.
"ინგუშეთში ეს უკვე გასულ კვირას გაკეთდა, ჩვენ თქვენს ხელმოწერას ველოდებით", — უთხრა კოზლოვმა კადიროვს.
თუმცა, 15 ივნისს ინგუშეთის პრემიერმინისტრის მოადგილემ, მაგომედ ევლოევმა კოზლოვის მტკიცება უარყო და განაცხადა, რომ რესპუბლიკას ტრანსფერი არ დაუდასტურებია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწა 2018 წელს ჩეჩენ-ინგუშური მიწების გაცვლის შეთანხმების ნაწილი იყო.
"დოკუმენტში მოხსენიებული მიწები ის მიწებია, რომლებიც ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცვალა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს მიწები ერზის დაცულ ტერიტორიებზე მდებარეობს, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ნეგატიური პოზიცია გვაქვს", — თქვა ევლოევმა.
აღმოსავლეთ ინგუშეთში მდებარე ერზის ნაკრძალის, დაახლოებით, ერთი მესამედი 2018 წლის შეთანხმებით ჩეჩნეთისთვის უნდა გაცემულიყო. მოსალოდნელი იყო, რომ ინგუშეთი ჩეჩნეთს 340 კვადრატულ კილომეტრს გადასცემდა (ტერიტორიის, დაახლოებით, 9%-ს).
ამ შეთანხმებას ინგუშეთში რამდენიმეთვიანი პროტესტი და სამოქალაქო აქტივისტების დარბევები მოჰყვა.
ინგუშეთის ადგილობრივმა ახალი ამბების გამოცემამ დაადასტურა, რომ ინგუშურმა მხარემ ხელი მოაწერა პარკის შექმნის რუკის დოკუმენტს, თუმცა აღნიშნა, რომ შემოთავაზებულ წინადადებაზე უთანხმოება არსებობდა. როგორც RFE/RL-მა დაწერა, ორი რესპუბლიკა 2020 წლის დასაწყისში უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს პარკის დაარსებასთან დაკავშირებით.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები