აზერბაიჯანელი აქტივისტები ისტორიაში პირველად პრაიდის ღონისძიებებს გამართავენ
აზერბაიჯანში ქვიარ უფლებების აქტივისტებმა დააანონსეს, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრაიდის თვესთან დაკავშირებით, ივნისში ღონისძიებებს გამართავენ.
"ეს ინიციატივა ერთად წამოვიწყეთ, რათა წარმოვადგენდეთ ყველა იმ ადამიანის ხმას, ვინც პრობლემების წინაშეა, საზოგადოებისა და მთავრობის მხრიდან მუქარას განიცდის, ვისი უფლებებიც ირღვევა", — განაცხადა ფემინისტმა აქტივისტმა, რაბია მამადოვამ ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე. ამ ღონისძიების თანაორგანიზატორები, ასევე, იყვნენ ქვიარ უფლებების აქტივისტები, ჯავიდ ნაბიევი და ალი მალიკოვი.
"ჩვენ ვიფიქრეთ, რომ პრაიდის თვე, რომელიც მსოფლიოს გარშემო ყოველ წელს აღინიშნება, ასევე, უნდა აღინიშნებოდეს აზერბაიჯანში. ჩვენ ამისთვის ძალიან კარგი მიზეზები გვაქვს. ლგბტქ+ თემი მუქარას განიცდის, როგორც საზოგადოების, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან. არსებული მუქარების ფონზე, დროა, ქვიარ თემმა საზოგადოებაში საკუთარი ადგილი უნდა იპოვოს", — უთხრა OC Media-ს მალიკოვმა.
ამასთან, როგორც მამადოვამ OC Media-ს განუცხადა, ზუსტ ფორმატსა და თარიღებზე ჯერ კიდევ მსჯელობენ.
"აზერბაიჯანის მსგავს ქვეყანაში ძალიან სახიფათოა ღონისძიებების წინასწარ დაგეგმვა და მათი დაანონსება. ამიტომ, ჩვენ კვლავ ვმსჯელობთ. პრაიდის თვესთან დაკავშირებით, ეს ჩვენი პირველი ნაბიჯია, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომდევნო წლებში ის გაგრძელდეს", — თქვა მან.
პრესკონფერენციის დროს, აქტივისტებმა აზერბაიჯანში მცხოვრები ქვიარ ადამიანების პრობლემები განიხილეს, მათ შორის, მთავრობისა და ფართო საზოგადოებისგან წამოსული. მათ მოიყვანეს მაგალითები, რომელიც მოიცავდა ჟურნალისტისა და ქვიარ აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის, ასევე, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობებს.
ჯავიდ ნაბიევმა OC Media-ს განუცხადა, რომ ბოლოს ქვიარ აქტივისტები პრესასთან საჯაროდ სასაუბროდ ერთად 2014 წელს, ისა შაჰმარლის გარდაცვალების შემდეგ შეიკრიბნენ.
"დღევანდელ მსოფლიოში, საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ადამიანების უფლებები უმთავრესია, დროა, აზერბაიჯანში ლგბტქ+ თემმა თავიანთი პრობლემები და საქმიანობა საზოგადოებას წარმოუდგინონ. ჩვენ ამის გაკეთება დავაგვიანეთ კიდეც", — თქვა ნაბიევმა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები