ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 308 დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 218 იყო.

გუშინ, 8 ივნისს ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა საქართველოში მედიაგარემო კრიტიკულად შეაფასეს და შეშფოთება გამოხატეს მთავრობის დამოკიდებულებებზე, რაც რეზოლუციაში დაწვრილებით აისახა.

ტექსტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას და მის კრემლთან ურთიერთობას ეხება. რეზოლუცია საქართველოს მთავრობას ზოგადი პრინციპებისა და მოვალეობების დაცვისკენ მოუწოდებს, ამასთანავე მასში განხილულია კონკრეტული საკითხები, რაზეც ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს, როგორიცაა 5 ივლისის, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები.

კრიტიკულ რეზოლუციას ქართული ოცნების მხრიდან ევროპარლამენტარების მიმართ კრიტიკა მოყვა. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტი ე.წ ფეიკის მსხვერპლი გახდა და ამას სამწუხაროსა და შემაშფოთებელს უწოდებს. კობახიძის მტკიცებით, რეზოლუციაში არაერთი "ფაქტობრივი უზუსტობა და ტყუილია". ამის გამო მან ევროპარლამენტი დაიწუნა და იმედი გამოთქვა, რომ როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, სხვაგვარი ევროპარლამენტი დახვდებათ.

რეზოლუცის ტექსტი უკვე გამოქვეყნდა ევროპარლამენტის ვებგვერდზე და ის 19 პუნქტს მოიცავს. On.ge მას სრულად გთავაზობთ.


ევროპარლამენტი გმობს ჟურნალისტების დაშინებას, მუქარას, მათზე ძალადობის შემთხვევების ზრდას და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება. ამასთანავე, რეზოლუციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ პასუხისგებაში უნდა მისცეს ყველა ის პირი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ჟურნალისტებზე ძალადობასა და ძალადობის წაქეზებაში.

1. შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გამოხატვისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს მყარი საკანონმდებლო ბაზის მიუხედავად, მედიის მდგომარეობა და ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა;

2. ვგმობთ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, ჟურნალისტების დევნას და მედიის მუშაკებსა და მფლობელებზე სისხლის სამართლებრივ დევნას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა და დაისაჯოს ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მედიის სხვა მუშაკებზე ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებასა და განხორციელებაში, რაც არ შექმნის ხელისუფლების მიერ ამგვარი დანაშაულების დაუსჯელობის შთაბეჭდილებას. მოვუწოდებთ საქართველოს, შეზღუდოს საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული საჩივრების გამოყენება, რომლებიც მიმართულია უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ და ხელს უშლის მათ კრიტიკულ და დამოუკიდებელ მუშაობას;

3. მოვუწოდებთ საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რომელიც უნდა მოიცავდეს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიის გამჭვირვალე მფლობელობას და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და განსაკუთრებით საჯარო მაუწყებლების გადაცემებში, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს; მოვუწოდებთ საქართველოს, უზრუნველყოს საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე შეუფერხებელი წვდომის გარანტია და ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკების უსაფრთხოება, დაცვა და მხარდაჭერა.

ევროპარლამენტი გმობს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ სასამართლოს განაჩენს და აღნიშნავს, რომ მხარს უჭერენ რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს მოწოდებას განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით. ტექსტში საუბარია სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზეც.

4. კატეგორიულად ვგმობთ 2022 წლის 16 მაისის განაჩენს მთავარი ოპოზიციური არხის, ტელეკომპანია მთავარის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ. განაჩენი ხაზს უსვამს მუდმივ უნდობლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. მხარს ვუჭერთ რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს მოწოდებას ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გადახედვის შესახებ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს გადაუდებელ აუცილებლობას, რომ მთავრობამ განახორციელოს კონკრეტული ქმედება სასამართლო სისტემის რეფორმისთვის ფართო და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის მეშვეობით სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერების მიზნით, ქვეყნის, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის ვალდებულებების შესაბამისად.

რეზოლუციაში საუბარია მთავრობის წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკაზეც. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მათ, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია მედიის წარმომადგენლების მიმართ.

ამასთანავე, რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტი 5 ივლისის მოვლენებს ეხება, სადაც ევროპარლამენტარები გმობენ ლგბტქი+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას და ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მთავრობამ სრულად უნდა განახორციელოს ადამიანის უფლებათა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა პრაქტიკაში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სწორედ 5 ივლისს თავდასხმის შემდეგ მიყენებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა. კობახიძემ ეს პუნქტი უარყო და თქვა, რომ ლაშქარავას "გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი". ამაზე ისაუბრა ქართული ოცნების კიდევ ერთმა წევრმა, გია ვოლსკიმაც და თქვა, რომ კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ოჯახს, თუმცა "ლაშქარავა ძალადობის გამო არ გარდაცვლილა".

5. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, არ გამოიყენონ აგრესიული რიტორიკა და არ განახორციელონ დისკრიმინაცია მედიის წარმომადგენლების მიმართ, მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს;

6. კატეგორიულად ვგმობთ, რომ 2021 წლის 5 ივლისის თბილისის პრაიდის აღლუმზე ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები ჯერ კიდევ არ არიან საფუძვლიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საგანი; ვიმეორებთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ არის მისაღები დამნაშავეების დაუსჯელად დატოვება, რაც არღვევს საქართველოს შიდა კანონმდებლობას, საერთაშორისო და ევროპულ ვალდებულებებს. მოვუწოდებთ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების რეალურ გამოძიებას; ვგმობთ ლგბტქი+ ადამიანების მიმართ მიმდინარე დისკრიმინაციას; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ადამიანის უფლებათა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა პრაქტიკაში.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ეფექტურად გამოიძიოს ფარული ჩანაწერებისა და მიყურადების საქმეები. ასევე, რეზოლუციაში აღნიშნულია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას როლი მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით.

ევროპარლამენტარები გმობენ დაძაბულ ურთიერთობას მმართველ პარტიას, ოპოზიციასა და პროსამთავრობო მედიებს შორის. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ პოლარიზებული მედიის გამო და აღნიშნავენ, რომ ეს აისახება პოლიტიკურ პოლარიზაციაზეც.

7. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად გამოიძიოს ფარული მოსმენების სკანდალი და ჩამოაყალიბოს ადეკვატური მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების დემოკრატიული კონტროლისთვის;

8. ხაზს ვუსვამთ ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და მედიასაშუალებების უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობას, როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში, მათ შორის იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ რუსეთის, ბელორუსიის და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან; ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს, გააუმჯობესოს მედიაგარემო საერთაშორისო თანამშრომლობის გზისა და შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;

9. ვაფასებთ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით გაწეულ ქმედებებს, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან რეგულარული თავდასხმებისა;

10. ვაღიარებთ მედიის მრავალფეროვან და პლურალისტურ ლანდშაფტს საქართველოში, მაგრამ ვგმობთ უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობებს მმართველ პარტიას, ოპოზიციურ პარტიებსა და პროსამთავრობო მედიას შორის; გამოვხატავთ ძლიერ უკმაყოფილებას მედიალანდშაფტის პოლარიზაციის გამო, რაც აისახება პოლიტიკური ლანდშაფტის გაზრდილ და საზიანო პოლარიზაციაში.

11. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან და მედიის მფლობელების ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან;

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ევროპარლამენტის რეზოლუცია ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა. ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფაქტობრივი უზუსტობა და ტყუილია, "რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს".

"რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება", — ამბობს კობახიძე მაშინ, როდესაც რეზოლუციაში წერია, რომ სააკაშვილი საბოლოოდ გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში, რადგან ექიმების დასკვნით, მისი მდგომარეობა სხვაგვარად ვერ გაუმჯობესდებოდა.

12. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა შეეძლოს შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღება საზღვარგარეთ.

ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში რუსული დეზინფორმაციული კამპანიის გაზრდის გამო. ისინი მოუწოდებენ მთავრობას, განავითაროს მედიაწიგნიერება და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები დეზინფორმაციის თავიდან აცილებისთვის. ამასთანავე, მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, არ გამოიყენონ დეზინფორმაცია ოპონენტების წინააღმდეგ.

13. შეშფოთებული ვართ, რომ რუსეთი სტაბილურად ამძაფრებს დეზინფორმაციულ კამპანიებს და საინფორმაციო მანიპულირებას საქართველოში უკრაინაში შეჭრის გამო. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განავითაროს მედიაწიგნიერების ტრენინგის პროგრამები თავისი მოქალაქეებისთვის სამოქალაქო საზოგადოებისთვის ფაქტების შემოწმების მხარდაჭერის მექანიზმების ჩამოყალიბებისთვის; გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს დეზინფორმაციული კამპანიები უცხოური ან ადგილობრივი აქტორების მიერ, რომელთა სამიზნეც არის ქვეყანას, პოლიტიკური პარტიები, დაუცველი ჯგუფები ან ინდივიდები, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობები ან კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებნი;

14. მოვუწოდებთ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციის გამოყენებისაგან მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობასა და დემოკრატიას;

15. მოვუწოდებთ საქართველოს, სრულყოფილად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც მიმართულია აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებისკენ. მოვუწოდებთ ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის საქართველოში.

რაც შეეხება ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას, რეზოლუცია საბჭოსა და პარტნიორებს ამ საკითხის განხილვას პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო სთხოვს. ევროპარლამენტარების განცხადებით, ივანიშვილს პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან, რაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს.

"პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე, ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ლამის ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს", — ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე რეზოლუციის ამ პუნქტს და აღნიშნა, რომ მას ჩალის ფასი აქვს.

16. გამოვხატავთ შეშფოთებას ერთპიროვნული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე, კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. ღრმად შეშფოთებული ვართ ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიმართ. მოვუწოდებთ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ქართველი ხალხი იმსახურებს საკუთარი ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და ამიტომ ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

17. მივესალმებით საქართველოს მონაწილეობას Creative Europe 2021-2027 პროგრამაში; მოვუწოდებთ კომისიას და წევრ სახელმწიფოებს მხარი დაუჭირონ მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების რისკების მონიტორინგისა და შეფასების ღონისძიებებს, დაიცვან საფრთხის ქვეშ მყოფი ჟურნალისტები და ხელი შეუწყონ საინფორმაციო მედიის ტრანსფორმაციასა და კონკურენტუნარიანობას საქართველოში;

18. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში, რითაც ცალსახად აჩვენებენ საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების აქტუალიზაციის მიმართულებით; გვჯერა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს თავისი ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და ამიტომ მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

გარდა ამისა, დღეს ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზეა საუბარი. ტექსტში საქართველო მოლდოვასა და უკრაინისგან გამიჯნულად არის ნახსენები და აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე უნდა იმუშავოს.

რეზოლუციის ტექსტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს გადაეცა.

ამავე თემაზე: