მეცნიერებს ცათამბჯენების გრავიტაციულ ბატარეებად გარდაქმნა სურთ — როგორ
გამოყენებითი სისტემების ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის (IIASA) მეცნიერებს სურთ, მაღალი შენობების სიმაღლე თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ და ე.წ. Lift Energy Storage ტექნოლოგიას (LEST) გვთავაზობენ. მათი მიზანია, ცათამბჯენები გრავიტაციაზე მომუშავე ბატარეებად აქციონ და განახლებადი ენერგიის შენახვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში ასე დაგვეხმარონ.
იდეა შემდეგში მდგომარეობს: როცა ენერგიაზე მოთხოვნა დაბალი იქნება, ავტონომიური რობოტები არსებულ ლიფტებს მძიმე ბალასტებით დატვირთავენ და შენობის უმაღლეს წერტილზე შეინახავენ. მაშინ, როდესაც ენერგიის მოხმარება პიკს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება, ეს წონა კვლავ ლიფტებზე მოთავსდეს და ქვემოთ ჩამოვიდეს, რაც გენერატორის საშუალებით დამატებით ელექტრობას წარმოშობს.
სავარაუდოდ, LEST სისტემა ცალკეულ შენობებს ცენტრალურ ელექტროქსელზე დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შემცირებაში დაეხმარება (განსაკუთრებით პიკურ საათებში), ამავდროულად კი საშუალებას მოგვცემს, დასახლებულ პუნქტებში მეტი განახლებადი ენერგია შევინახოთ.
აღსანიშნავია, რომ მაღალსართულიანი შენობების გიგანტურ ბატარეებად გარდაქმნამდე მეცნიერებმა არაერთი დეტალი უნდა გაითვალისწინონ. პირველ რიგში, გუნდმა უნდა გაარკვიოს, თუ სად შეიძლება სისტემისთვის სიმძიმეების მოთავსება შენობის წვერზე, როცა სისტემა სრულად იქნება დამუხტული. შემდეგი პრობლემა წონის იმგვარად გადანაწილებაა, რომ ჭერი არ ჩამოინგრეს.
მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, მეცნიერთა გუნდი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი.
"გარემოსათვის LEST-ის მსგავსად მეგობრული და მოხერხებული ტექნოლოგიები საზოგადოებისათვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება მომავალში, როდესაც ელექტრობის უდიდესი ნაწილი განახლებადი რესურსებისაგან წამოვა", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა, ბეჰნამ ზაკერიმ.
კომენტარები