9 პირადი კითხვა, რომელზეც განვადების პროცესში პასუხის გაცემა აღარ მოგიწევთ
გახსოვთ თქვენი პირველი განვადება? დიდი შანსია, გახსოვდეთ და არა იმიტომ, რომ ყველა საბანკო ოპერაცია მნიშვნელოვანია. უბრალოდ, ბევრი ადამიანისთვის სწორედ პირველ განვადებას უკავშირდება ზრდასრულობის შეგრძნება. სასურველი ნივთის სწრაფად ყიდვის შესაძლებლობა ბანკთან ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ასპექტია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ განვადება შორიდან ბევრად მარტივი ჩანს, ვიდრე რეალურადაა.
ახალბედებმა არ იციან, რომ განვადების აპლიკაცია მოულოდნელი კითხვებით არის სავსე. მართალია, თითოეული კითხვა ბანკისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება, მაგრამ მორცხვი ადამიანისთვის ეს დიდი ვერაფერი შეღავათია.
მაინც რას გვეკითხება "ასეთს" ბანკირი?
1. რას ყიდულობთ? რა ღირს ნივთი?
მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულიად ბუნებრივი კითხვაა და ამის გარეშე განვადება უბრალოდ შეუძლებელია, "ანგარიშის ჩაბარება" მაინც უსიამოვნოა. უეცრად ხვდები, რომ სურვილი, უძვირფასესი ფეხსაცმელი გეყიდა, უმეტესად სპონტანური იყო და ნივთის ფასის ხმამაღლა წარმოთქმა მთელ ამ ჯადოსნურობას აქრობს.
2. გვიკარნახეთ თქვენი სახლის ნომერი
უპპპს... რა ხანია, სახლის ტელეფონზე მხოლოდ მოხუცი ნათესავები რეკავენ, შენ კი ამ ნივთს გვერდს ისე უვლი, რომ ვეღარც ამჩნევ. ბანკირს ეუბნები, რომ სახლის ტელეფონი არ გაქვს, რადგან იმის თქმა, რომ საკუთარი ნომერი არ გახსოვს, შენს ძალებს აღემატება.
3. როგორია თქვენი ოჯახური მდგომარეობა?
როგორია და, დიდი ხანია, შეყვარებული მყავს, რომელთანაც გაურკვეველი ურთიერთობა მაქვს. მე მინდა, რომ შემდეგ საფეხურზე გადავიდეთ, მაგრამ ის ფეხს ითრევს. იქნებ ჩემში ეპარება ეჭვი? ან იქნებ საკუთარ თავში? შეიძლება ფინანსური მდგომარეობა აბრკოლებს... თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჯერ მაინც ადრეა. სად გვეჩქარება, ჰო? ახალგაზრდები ვართ. თუმცა მგონი, თქვენ ეს არ გიკითხავთ. დაუოჯახებელი. ასე ჩაწერეთ.
4. თქვენი მისამართი?
ორივე საჭიროა: იურიდიული მისამართიც და ფაქტობრივიც. დეტალურად უნდა ჩააწერინოთ უბანი, კორპუსი, სადარბაზო, ბინის ნომერი. აუხსნათ მისასვლელი გზა და უთხრათ, რა ნომერი სამარშრუტო ტაქსები დადის. რა თქმა უნდა, ეს ბოლო პუნქტი ჩვენ მოვიგონეთ, მაგრამ დიდად არ გაგვიზვიადებია.
5. როგორი ხელფასი გაქვთ და რაში ხარჯავთ მას?
ხელფასის კითხვა უტაქტობააო, ამბობენ, მაგრამ განვადების დროს უტაქტო კითხვები არ არსებობს. თუ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ, ესე იგი, რეგულარული ხარჯი გაქვთ და გადახდის გრაფიკის შედგენისას ამ ფაქტსაც გაითვალისწინებენ.
6. შეგიძლიათ თანამშრომლის ნომერი გვითხრათ?
სწორედ ამ მომენტში აფასებთ საკუთარ კარიერულ ცხოვრებას გვერდიდან. საუკეთესო შემთხვევაში, სამსახურში კარგი ნაცნობებიც გყავთ და მეგობრებიც, მაგრამ ისეც ხდება, რომ თანამშრომლებთან ნელ-თბილი ურთიერთობა გაქვთ და მათი გარევა ტელევიზორის შეძენის პროცესში სულაც არ გინდათ.
7. ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები? სად მუშაობენ და რა შემოსავალი აქვთ?
განვადების კითხვარი უეცრად "კაი ოჯახიშვილობის" ტესტს ემსგავსება, რადგან ამ პუნქტში თქვენი ოჯახის წევრები, მათი განათლება და საქმიანობა საუკეთესო კუთხით უნდა წარმოაჩინოთ.
8. წინა სამუშაო ადგილი? ვის შეიძლება გავესაუბროთ თქვენი წინა სამსახურიდან?
სცენაზე შემოდის საშინელი კომპანია, რომლიდანაც კარის გამოჯახუნებით წამოხვედით. გეგონათ, მეტჯერ ამ ადგილის გახსენება აღარ მოგიწევდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, მოგიწევთ.
9. განვადების ვადა, შენატანის ოდენობა, გადახდის თარიღი და სხვა წვრილმანები.
თუ აქამდე მხოლოდ ბანკირი იყო გამოთვლებით დაკავებული, ახლა თქვენც უნდა აწარმოოთ მათემატიკური ოპერაციები და გამოთვალოთ თანხა, რომლის გადახდასაც თავისუფლად შეძლებთ მომდევნო თვეების განმავლობაში.
რამდენიმე ადგილას ხელის მოწერისა და გულის გადაშლის შემდეგ, აპლიკაცია ბანკში იგზავნება. სანამ თქვენ მაღაზიაში ბოლთას სცემთ, უცნობი ადამიანები წყვეტენ, სახლში ამ არაჩვეულებრივ ლეპტოპთან ერთად წახვალთ, თუ თქვენი გზები აქვე გაიყოფა.
მოკლედ რომ ვთქვათ, განვადების გაფორმების პროცესს ყველაფერი აქვს, რაც კარგ ფილმს უნდა ახასიათებდეს: გულახდილი დიალოგი, დაძაბულობა (სასპენსი) და კვანძის გახსნა. მათთვის კი, ვისაც მძაფრი ემოციების გარეშე სურს ნივთის შეძენა, თიბისი ბანკმა განსაკუთრებული ბარათი შექმნა.
ერთგულით განვადება ხდება წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში. გარდა ამისა, იზრდება განვადებით შესაძენი პროდუქტების არეალი. შეგიძლიათ განვადებით შეიძინოთ საწვავი, საკვები პროდუქტები, კოსმეტიკა, მანქანის ნაწილები და ასე შემდეგ.
ასე რომ, თუ თიბისი ბანკის ერთგულ ბარათს ფლობთ, შეგიძლიათ მარტივად აარიდოთ თავი ბანკირების მიერ დასმულ პირად შეკითხვებს და უკიდურესი გულახდილობა მხოლოდ ძვირფასი ადამიანებისთვის შემოინახოთ.
კომენტარები