"ჩინელებს მოპარვა კარგად გამოსდით" — NASA-ს ხელმძღვანელი
მედიაში აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ხელმძღვანელის, ბილ ნელსონის განცხადება გავრცელდა, რომელშიც ის ჩინელ კოლეგებზე და მათთან მზარდ კონკურენციაზე საუბრობს.
"ვფიქრობ, ჩინეთთან კოსმოსურ შეჯიბრში ვიმყოფებით. მათ საოცარი მიღწევები აქვთ, მაგალითად, მარსზე გაგზავნილი მავალი, კოსმოსური სადგური და სხვა. დიახ, მათ მოპარვა კარგად გამოსდით. საჭიროა, კიბერუსაფრთხოებას სერიოზულად მიუდგეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორი", — ვკითხულობთ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ციტატაში.
ნელსონმა ეს მოსაზრება ჩინური და ამერიკული რაკეტების მსგავსებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააჟღერა. მისი აზრით, კოსმოსური აპარატების დიზაინის საერთო მახასიათებლები არაფერია, თუ არა სწორედ მოპარვა. ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამის შესახებ უკვე დიდი ხანია, ხმამაღლა საუბრობს.
"როგორც იქნა, ეს გზავნილი კერძო სექტორამდეც მივიდა", — ამბობს NASA-ს ხელმძღვანელი, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩინეთთან ამჟამინდელი შეჯიბრი ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის ცივი ომის დროს გაჩაღებულ კოსმოსურ "ბრძოლას".
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი მართლაც ბევრ წარმატებას აღწევს. ქვეყანამ მარტში ახალი რაკეტით Long March 6 ორბიტაზე 2 ხელოვნური თანამგზავრი უკვე გაიყვანა, რომ აღარაფერი ვთქვათ დამოუკიდებელ კოსმოსურ სადგურზე. ამის მიუხედავად, გვახსოვს წარუმატებელი მისიებიც, რომლებიც ხმელეთზე ჩამოვარდნილი რაკეტის ნარჩენებით დასრულდა.
რაც შეეხება NASA-ს, ის ჯერჯერობით პირველობას ინარჩუნებს. სააგენტო უახლოეს მომავალში მთვარის პროგრამა Artemis-ის განხორციელებას დაიწყებს, რომლის საბოლოო მიზანიც დედამიწის თანამგზავრზე ადამიანების დაბრუნებაა.
კომენტარები