რა (არ) თქვა პუტინმა 9 მაისის აღლუმზე
დღეს, 9 მაისს წითელ მოედანზე რუსული არმია, უფრო ზუსტად კი მისი ნარჩენები საზეიმო აღლუმით გამოვიდა. მოედანზე მანქანით თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ჩაიარა და ტრიბუნასთან მივიდა, სადაც ვეტერანებთან ერთად აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი იჯდა. მან პუტინს მოახსენა, რომ ჯარი აღლუმისთვის მზად არის, მილოცვა მიიღო და სცენა დატოვა.
მიკროფონთან პუტინი მივიდა, რომლის სიტყვასაც მთელი მსოფლიო ელოდა. არაერთი თეორია არსებობდა იმაზე, რას იტყოდა. მაგალითად, ოფიციალურად გამოაცხადებდა ომის დაწყებას, ან დასრულებას, ისაუბრებდა, რა გეგმები აქვთ სამომავლოდ, როდის დასრულდება "სამხედრო ოპერაცია". თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მოლოდინები არ გამართლდა.
პუტინმა გამოსვლა მეორე მსოფლიო ომის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და დღევანდელ სიტუაციას შეადარა. მისი თქმით, მაშინაც და ახლა "თავისი ხალხის დასაცავად" და "სამშობლოს უსაფრთხოებისთვის" იბრძვიან. მანვე აღნიშნა, თითქოს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა წინაპრებმა მოუწოდეს, ყოფილიყვნენ ყურადღებით და ამტკიცებდა, რომ ამიტომ რუსეთი მსოფლიოში თანასწორი უსაფრთხოების მომხრეა.
ამის შემდეგ კი ტრადიციულად ის ნარატივი გაატარა, თითქოს უკრაინაში შეჭრა დასავლეთმა, ნატოს გაფართოებამ და უკრაინის აგრესიულმა რიტორიკამ აიძულა. რა თქმა უნდა, ამას თან ახლდა ტყუილები იმაზე, რომ უკრაინა ბირთვულად შეიარაღებას, ყირიმში შეჭრას და დონბასში სადამსჯელო ღონისძიებებს გეგმავდა.
"ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ძლიერი, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადაწყვეტილება", — განაცხადა მან, როცა ომის გამართლებას ცდილობდა.
პირდაპირ ეთერში პუტინის გარდა წითელ მოედანზე განლაგებული ჯარი და სტუმრები ჩანდნენ. კადრში მარტივად შეამჩნევდით, დმიტრი მედვედევს და პატრიარქ კირილს.
პუტინის სიტყვა აშშ-ის ლანძღვით გაგრძელდა. ის ამტკიცებდა, თითქოს საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ ქვეყანა თავს განუმეორებლად მიიჩნევს და ამით აკნინებს, არამხოლოდ მთელ მსოფლიოს, არამედ "თავის სატელიტებს". აქვე იმის მტკიცებას მოყვა, რომ რუსეთი "სხვანაირი ქვეყანაა", რომელიც პატივს სცემს წინაპრებს და ტრადიციულ ღირებულებებს, ისევე, როგორც "სხვა ერსა და კულტურებს".
ამის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე პროპაგანდისტული ქვეყნის პრეზიდენტმა იკადრა და იმაზე ალაპარაკა, რომ დასავლეთი და აშშ ისტორიის ფალსიფიკაციას ახდენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნაციზმზე გამარჯვების 9 მაისს აღნიშვნაც კი ისტორიის გადაწერის მცდელობა და პროპაგანდის გამოვლინებაა.
"როგორც ჩანს, დასავლეთში ამ ათასწლოვანი ღირებულებების გაუქმება გადაწყვიტეს. სწორედ ეს მორალური დეგრადაცია გახდა მეორე მსოფლიო ომის ცინიკური ფალსიფიკაციის საფუძველი. რუსოფობიის გაღვივება, მოღალაატეების დიდება, მათ მსხვერპლებზე დაცინვა, მათი სიმამაცის გადახაზვა, ვინც მოიპოვა და იტანჯა გამარჯვებისთვის", — განაცხადა მან.
სიტყვით გამოსვლისას პუტინმა დონბასში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს მიმართა და უმტკიცებდა, თითქოს ისინი სხვის სამშობლოში შეჭრით საკუთარი სამშობლოსთვის იბრძვიან.
"იბრძვით სამშობლოს მომავლისთვის. იმისთვის, რომ არავინ დაივიწყოს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები, რომ მსოფლიოში არ იყოს ადგილი ჯალათებისთვის, ნაცისტებისთვის", — განაცხადა მან.
აქვე პუტინს არ მოერიდა და განაცხადა, რომ ქედს იხრიან მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა წინაშე, ისევე, როგორც დონბასში დაღუპული ბავშვების, ქალებისა და მოხუცების წინაშე, რომელთა გარდაცვალება "ნეონაცისტების ბარბაროსულ სროლას" დააბრალა და რა თქმა უნდა, საკუთარ დანაშაულზე არ უსაუბრია. მან მოუწოდა ყველას წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნისთვის.
პუტინმა ყოველგვარი გადასვლის, ჩანართის ან მინიშნების გარეშე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომში რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები დაიღუპნენ, თან ისე, რომ არც უკრაინა უხსენებია და არც დაღუპულთა რაოდენობა.
"ჩვენი ყოველი ჯარისკაცისა და ოფიცრის გარდაცვალება ჩვენთვის ტკივილია. ახლობლებისთვის კი აუნაზღაურებელი დანაკარგია. სახელმწიფო, რეგიონები, სამოქალაქო ორგანიზაციები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ასეთ ოჯახებზე იზრუნონ და დაეხმარონ", — განაცხადა მან.
ამ საუბრის დროს კადრში ჩანდა წითელ მოედანზე განლაგებული ჯარი, რომლითაც აგრესორი ქვეყანა თავისი ძლევამოსილების ხაზგასმას ცდილობდა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წითელ მოედანზე იმყოფებიან ისინიც, ვინც დონბასში იბრძოდა. ომის დანაშაულში ბრალდებულ ჯარისკაცებზე საუბრისას პუტინი იტყუებოდა, თითქოს ისინი იბრძვიან იმისთვის, რისთვისაც მამები და ბაბუები.
"მათთვის ცხოვრების უდიდესი აზრი იყო სამშობლოს დაცვა და კარგად ყოფნა. ჩვენთვის, მათი მემკვიდრეობისთვის, ერთგულება მთავარი ღირებულებაა და რუსეთის დამოუკიდებლობის სანდო საყრდენია".
საუბრისას დასასრულს პუტინმა ხმას აუწია და ნახევრადწამოყვირებით თქვა: "დიდება ჩვენ მამაც შეიარაღებულ ძალებს, რუსეთისთვის, გამარჯვებისთვის, ურა". ამ დროს კი მოედანზე მდგარმა ჯარმა ერთხმად შეყვირა: "ურა, ურა, ურა".
პუტინმა უკან დაიხია, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაირთო, ფონად არტილერია ისროდა.
აღსანიშნია, რომ აღლუმზე არ გამოჩენილა ავიაცია. პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, თითქოს ამის მიზეზი ამინდი იყო. არადა, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა, რომ რუსული ავიაცია Z სიმბოლოს გამოხატვას ცდილობდა.
აღლუმის დასრულების შემდეგ პუტინი წითელ მოედანზე ჩავიდა და შოიგუსთან ერთად ჩაიარა. ამ დროს იქ მყოფი ხალხი ტაშს უკრავდა და მის სახელს სკანდირებდა.
ფოტო: კადრი რუსული პირველი არხიდან
ფოტო: კადრი რუსული პირველი არხიდან
პუტინმა ყვავილები მიიტანა უცნობი ჯარისკაცისა და მეორე მსოფლიო ომის გმირი ქალაქების მემორიალებთან, მათ შორის იყო კიევიც. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ტერიტორია დატოვა და მოედნიდან პირდაპირი ეთერი გაითიშა. გამოჩნდა რუსული პირველი არხის წამყვანი გეორგიევსკის ლენტით, რომელიც მაყურებელს უმტკიცებდა, რომ პირდაპირ ეთერში ნახეს "სილამაზე და ძალა", რომლისგანაც სული შეგეკვრებათ.
თუმცა, შესაძლოა, ეს ყველაფერი ახლა არ მომხდარა და დიდი ხნის წინ დადგმული იყო. მართალია, რუსული სახელმწიფო არხები ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ, თუმცა ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ მათი ნდობა რთულია, რადგან უკვე არაერთხელ აჩვენეს, რომ მონტაჟი, ძველი კადრების გამოყენება და ტყუილი მათი ძლიერი მხარეა.
კომენტარები