გაიცანით Pixy — Snapchat-ის ბიუჯეტური ყვითელი დრონი, რომელიც ხელისგულზე ეტევა
Snap Inc. ადამიანთა დიდ ნაწილს უბრალოდ Snapchat-ის შემქნელი კომპანია გონია, თუმცა Snap მხოლოდ სოციალური ქსელით არ შემოიფარგლება და ისინი გარკვეულ აპარატარუსაც აწყობენ. ჯერ კიდევ 2016 წელს Snap-მა Spectacles ჭკვიანი სათვალეები გამოუშვა, მას შემდეგ სათვალეების სამი თაობა გამოვიდა.
Snap Inc ამჯერად პატარა, საყვარელი ყვითელი დრონის გამოშვებას გეგმავს, რომელიც კამერითაც აღიჭურვება.
Pixy, როგორც უკვე ვთქვით, დიდი არ არის და ჩვენთვის ცნობილი მწარმოებლების, მაგალითად DJI-ს დრონებს საერთოდ არ ჰგავს. მისი მთავარი ხიბლი ის არის, რომ Pixy-ს ტარება ჯიბითაც შეგვეძლება, მას ოთხი პატარა პროპელერი აქვს და სულ რაღაც 101 გრამს იწონის. ყველაზე უცნაური ალბათ ის არის, რომ დრონს კონტროლერი არ აქვს, არც SD ბარათის ჩასადები ადგილი. ამის მაგივრად დრონს წინასწარ კონფიგურირებული საფრენი მარშუტები აქვს და ფოტოები და ვიდეობი პირდაპირ Snapchat-ის აპლიკაციაში შეინახება.
წინასწარ კონფიგურირებულ საფრენ მარშუტებში არის რეგულარული ფრენის რეჟიმი, ასევე დრონს შეუძლია ჩვენ გარშემო ორბიტალურად იფრინოს ან სიარულისა და სირბილის დროს უკან გამოგვყვეს. როცა ვიდეოს გადაღების შეწყვეტა მოგვინდება ამისთვის Pixy-ს მიმართულებით ხელის გაშვერა საკმარისი იქნება და დრონი ჩვენს ხელისგულზე დაეშვება. რაც შეეხება ელემენტს, Snap გვპირდება, რომ დატენვიდან დატენვამდე დრონი 5-დან 8-მდე ფრენის განხორციელებას შეძლებს.
რაღა თქმა უნდა Pixy რეგულარულ დრონს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა კრეატიული ვიდეოებისა და ფოტოების გადასაღებად ის იდეალური არჩევანი იქნება. Pixy-ს ფასი 230 დოლარიდან დაიწყება, შესაძლებელი იქნება პორტატული დამტენის შეძენაც და ის დამატებით $20 ეღირება, აღსანიშნია, რომ მას ორი დამატებითი ელემენტიც მოყვება. ჯამში სრული პაკეტი 250 დოლარი გამოვა, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ დრონების ფასების გათვალისწინებით ძალიან ძვირი ნამდვილად არ არის. Pixy დასაწყისისთვის გასაყიდად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში გამოჩნდება.
კომენტარები