ნახეთ: იაპონიაში შექმნეს გიგანტური რობოტი, რომელიც ელექტროსადენების შემკეთებლად მუშაობს
იაპონურმა რკინიგზის კომპანიამ JR West გიგანტური ჰუმანოიდი რობოტი შექმნა, რომელიც ელექტროსადენების შესაკეთებლადაა შექმნილი და მას უკვე პრაქტიკაში იყენებენ.
როგორც New Atlas იუწყება, ამჟამად, რობოტი უკვე მუშაობს დისტანციური სარკინიგზო ელექტროგადამცემი ხაზების შემკეთებლად. აღსანიშნავია, რომ ის ადამიანის მიერ იმართება, რომელიც, თავის მხრივ, VR კონფიგურაციას იყენებს.
რობოტის გიგანტურ ჰიდრავლიკურ მკლავი ჰაერში 10 მეტრის სიმაღლეზე იწევა, ამ დროს კი ის Pixar-ის პერსონაჟ WALL-E-ს წააგავს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოპერატორის მოძრაობას იმეორებს. სწორედ VR ინსტრუმენტებით აღჭურვილი ადამიანი კარნახობს რობოტს, საით გაიხედოს და კონკრეტულად რა გააკეთოს.
ჯერჯერობით, JR West-ის მიერ შექმნილი რობოტი პროტოტიპია და ფართო მოხმარებაში მისი ჩაშვება 2024 წლამდე არ იგეგმება. თუმცა, ის კარგად გვაჩვენებს სხვადასხვა სერვისის სფეროში რობოტების დასაქმების პერსპექტივას.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს კონკრეტული რობოტი რკინიგზის ინდუსტრიის საჭიროებებს მოარგეს, სავარაუდოა, რომ მისით სხვა ქვეყნების რკინიგზის კომპანიებიც დაინტერესდებიან. უფრო შორეულ მომავალში კი შესაძლოა რკინიგზის ელექტროსადენებთან მდგარი და ჩვენი შეუფერხებელი გადაადგილებისთვის მომუშავე გიგანტური რობოტები იაპონიის გარეთაც ვიხილოთ.
კომენტარები