პოლიციამ განაცხადა, რომ სამშაბათს საღამოს მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებელი მორიგე ოფიცერია — თუმცა ისინი არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას, იყო თუ არა პოლიციის მანქანა ფაშინიანის ავტოკოლანში.

პოლიციის ოფიცერმა, რომელიც მანქანას მართავდა, თავდაპირველად, შემთხვევის ადგილი დატოვა, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა და ადგილზე დააპატიმრეს. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოფიცერს ბრალი წაუყენა.

კომიტეტმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ 29 წლის ქალი და ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ, ის 7 თვის ორსული იყო.

შემთხვევა ერევნის ცენტრალურ ლეო-პარონიანის კვეთაზე მოხდა. კრიტიკოსები მომხდარს მალევე გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მსგავსი "დაუდევარი მოძრაობა" ფაშინიანის კოლონასა და მისი პოლიციის ესკორტს ახასიათებთ.

"საგზაო პოლიციის ესკორტები უკვე დიდი ხანია უპრეცედენტოდ უწესოდ მოძრაობენ", — დაწერა ერევანში მოღვაწე აქტივისტმა, დანიელ იონისიანმა Facebook-ზე.

"ყველა პოლიციელი, ვინც მსგავს შემთხვევებში ადამიანების სიცოხლეს შეუქმნა საფრთხე, დაუსჯელი რჩება", — დაამატა მან.

სოციალურ მედიაში სომხებმა მთავრობის წარმომადგენლები იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ სახელმწიფოს კუთვნილი მანქანების რაოდენობის შემცირების შესახებ გაცემული დაპირება არ შეასრულეს — დაპირება, რომელიც მთავრობამ, როგორც ჩანს, გატეხა, რადგან ოფიციალური ავტოკოლნები აგრძელებენ მოძრაობის შეფერხებას.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.