უძველეს მეტეორიტებში სიცოცხლის წარმოქმნისთვის აუცილებელი ოთხივე ნუკლეოდიტი აღმოაჩინეს
ეს კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ მეტეორიტებმა ჩამოიტანა.
მეცნიერებისათვის ჯერაც უცნობია, როგორ გაჩნდა დედამიწაზე სიცოცხლე. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, მისი "საშენი აგურები" აქ კოსმოსიდან მოხვდა, ნახშირბადით მდიდარ რამდენიმე მეტეორიტზე ჩატარებული კვლევა კი სწორედ ამ ჰიპოთეზას უჭერს მხარს.
ახალი, მეტად ზუსტი მეთოდების გამოყენებით ჰოკაიდოს უნივერსიტეტის (იაპონია) მკვლევრებმა მეტეორიტებში ორგანული ნაერთები აღმოაჩინეს, რომლებიც ნუკლეინმჟავათა (დნმ და რნმ, რომლებიც ყველა ცოცხალ ორგანიზმში გვხვდება) მოლეკულების ჩონჩხს წარმოადგენს. კვლევა ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა ნახშირბადით მდიდარი სამი მეტეორიტი შეისწავლეს: მურჩისონის მეტეორიტი, რომელიც 1969 წელს ჩამოვარდა ავსტრალიაში; მიურეის, რომელიც კენტუკიში 1950-ში დაეცა და ტაგიშის ტბის, რომელიც 2000 წელს ჩამოვარდა ბრიტანეთის კოლუმბიაში. მართალია, ზემოხსენებული მეტეორიტები დედამიწაზე დიდი ხნის წინ არ მოხვედრილა, თუმცა ისინი საკმაოდ ძველებია: სავარაუდოდ, მზის სისტემის საწყის ფაზებში ან კიდევ უფრო ადრე არსებობდა.
ნახშირბადით მდიდარ მეტეორიტებში ორგანული ნაერთები მრავლადაა. დედამიწაზე დნმ და რნმ მოლეკულების გაჩენის საკითხზე მსჯელობისას ძირითადად აზოტოვანი ფუძეებით ვინტერესდებით — ისინი ერთმანეთს ებმის და გენეტიკური ინფორმაციის გრძელ ჯაჭვებს წარმოქმნის.
აზოტოვანი ფუძეების ორი ძირითადი კლასი არსებობს: პურინები და პირიმიდინები. დახვეწილი კვლევითი მეთოდების წყალობით მეცნიერებმა მეტეორიტთა ნიმუშებში რამდენიმე ისეთი პირიმიდინი აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე შეუმჩნეველი რჩებოდა.
"პირიმიდინის მრავალი აზოტოვანი ფუძე და მათი სტრუქტურული იზომერები აღმოვაჩინეთ მურჩისონის ორივე სინჯში, რომელთა უმრავლესობაც მეტეორიტებში აქამდე არასოდეს გვინახავს", — წერენ ავტორები.
რატომაა ეს ნაერთები ასეთი მნიშვნელოვანი? დნმ-ისა და რნმ-ის ძაფებს სტრუქტურული "ჩონჩხი" აქვს, რომელიც შაქარ-ფოსფატური ჯაჭვისაგან შედგება. აზოტოვანი ფუძეები შაქრებს ემაგრება, დნმ-ის სპირალში კი გარკვეული პრინციპით წყვილდება და "კიბის საფეხურებს" ქმნის.
დნმ-ში პურინისა და პირიმიდინის აზოტოვანი ფუძეები ყოველთვის ერთმანეთს უკავშირდება მათი სტრუქტურიდან და იქიდან გამომდინარე, თუ რა ტიპის წყალბადური ბმების დამყარება შეუძლია თითოეულს. შესაბამისად, დნმ-ის მოლეკულაში ორივე ტიპის აზოტოვანი ფუძეების თანაფარდობა ყოველთვის მუდმივია.
სავარაუდოდ, ეს აზოტოვანი ფუძეები კოსმოსში ფოტოქიმიური რეაქციების შედეგად გაჩნდა მზის სისტემის ფორმირებამდე. ავტორების აზრით, შესაძლოა, დაახლოებით 3,8-4 მილიარდი წლის წინ არაერთი სახის საშენი აგური მოხვედრილიყო დედამიწაზე მეტეორიტების წყალობით.
საკითხის შესახებ დამატებით ინფორმაციას მას შემდეგ მივიღებთ, რაც მისიები ასტეროიდებზე რიუგუ და ბენუ კოსმოსიდან მეტ მასალას ჩამოგვიტანს შესასწავლად. სინჯები მეცნიერებს საშუალებას მისცემს დაადგინონ, მოხვდა თუ არა ეს მოლეკულები დედამიწაზე მეტეორების წყალობით.
კომენტარები