აპლიკაცია, რომელიც 2 წელი არ განახლებულა, AppStore-დან წაიშლება
სავარაუდოდ, Apple იმ აპლიკაციებს, რომლებსაც განახლება დიდი ხანია არ მიუღიათ App Store-დან წაშლის. ამ ინფორმაციის შემცველი მეილები სახელით "App Improvement Notice," იმ დეველოპერებმა მიიღეს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ეს ცვლილება შეეხებათ. Apple მეილში დეველოპერებს აფრთხილებს, რომ "აპლიკაციები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ განახლებულა" წაიშლება, ხოლო განახლების გამოსაშვებად მხოლოდ 30 დღე ექნებათ.
"იმისათვის რომ აპლიკაცია მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი და გადმოწერადი იყოს თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ აპლიკაცია ახალი განახლების 30 დღეში დადასტურებით. თუ 30 დღეში აპლიკაციის განახლება არ მოხდება, ის გაყიდვიდან წაიშლება" — ვკითხულობთ Apple-ის იმეილში.
Apple-მა მეილში აღნიშნა, რომ ვისაც აპლიკაცია უკვე გადმოწერილი აქვს მათთან ცვლილებები არ მოხდება.
Apple-ის გადაწყვეტილების შესახებ მწუხარება ბევრმა დეველოპერმა გამოხატა. Protopop Games-ის დეველოპერი რობერტ კაბვე ფიქრობს, რომ მისი სრულად გამართული თამაში — Motivoto საფრთხის წინაშე დგას რადგან ბოლო განახლება 2019 წლის მარტში მიიღო.
ასევე, Apple Watch-ის ერთ-ერთი კლავიატურის FlickType-ის დეველოპერი Kosta Eleftheriou აღნიშნავს, რომ Apple-მა კონკრეტულად ის აპლიკაცია წაუშალა, რომელიც მხედველობის უნარ შეზღუდულთათვის იყო განკუთვნილი, რადგან ის 2 წელია არ განახლებულა.
დეველოპერი Emilia Lazer-Walker ასევე აღნიშნავს, რომ Apple წაშლით მის რამდენიმე ძველ თამაშსსაც ემუქრება.
ზოგადად გეიმინგ ინდუსტრიისთვის ეს ნაბიჯი ძალიან დამაზიანებელი იქნება. უამრავი თამაში ბაზარზე დასრულებული სახით გამოდის და მას არანაირი განახლება აღარ ესაჭიროება, შესაბამისად ასეთ შემთხვევებში, Apple-ის მოთხოვნა უსამართლოცაა და ალოგიკურიც.
App Store-ის ოფიციალური ფეიჯზე ვკითხულობთ — "ჩვენ ვნერგავთ ახალ პროცესს, რომელიც მოიცავს ძველი და უფუნქციო აპლიკაციების წაშლას, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც არ იცავენ ამჟამინდელ გაიდლაინებს".
იმის შესახებ რომ კომპანია "მიტოვებული" აპლიკაციების წაშლას ოდესმე დაიწყებდა, Apple-მა ჯერ კიდევ 2016 წელს გაგვაფრთხილა.
კრიტიკოსების აზრით Apple-ის ეს ნაბიჯი ძალიან ხისტია. მათი აზრით მობილური აპლიკაციები App Store-ში წლები უნდა რჩებოდეს და მით უმეტეს, ეს არ უნდა ეხებოდეს თამაშებს, რადგან ისინი გარკვეული პერიოდის შემდეგ განახლებებს აღარ საჭიროებენ. კრიტიკოსების აზრით ყველაზე მეტად Indie ჟანრის თამაშებზე მომუშავე დეველოპერები დაზარალდებიან.
ამ თვის დასაწყისში მსგავსი რამ Google-მაც განაცხადა და თქვა, რომ გარკვეული აპლიკაციების ხილულობა შეიზღუდება — "აპლიკაციები, რომლებიც ბოლო ანდროიდის გამოსვლის შემდეგ ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლებენ მასზე მორგებას Play Store-ში აღარ გამოჩნდება".
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები