ახალი მეთოდით გულის შეტევისა და ინსულტის რისკების წინასწარ განსაზღვრაა შესაძლებელი
მეცნიერებმა შეიმუშავეს სისხლის ანალიზის ახალი მეთოდი, რომელსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, არის თუ არა ვინმე გულის შეტევის და ინსულტის რისკის ქვეშ. ტესტს, რომელიც ეყრდნობა სისხლში ცილების ანალიზსს, გააჩნია დაახლოებით ორჯერ უფრო მეტი სიზუსტე, ვიდრე აქამდე არსებულ პროგნოზირების მეთოდებს.
ახალ მეთოდს შეუძლია განსაზღვროს, მუშაობს თუ არა პაციენტებზე ესა თუ ის კონკრეტული მედიკამენტები და სჭირდებათ თუ არა მათ დამატებითი მკურნალობა რისკების შესამცირებლად.
"ვფიქრობ, ეს არის პერსონალიზებული მედიცინის ახალი მწვერვალი, რა დროსაც შევძლებთ კითხვაზე პასუხის გაცემას, სჭირდება თუ არა ადამიანს გაძლიერებული მკურნალობა და რამდენად ეფექტიანი იყო კონკრეტული მკურნალობის მეთოდი", — თქვა დოქტორმა სტივენ უილიამსმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას.
ეს ასევე შეიძლება კლინიკური კვლევებისა და გულ-სისხლძარღვთა ახალი მედიკამენტების განვითარების დასაჩქარებლად გამოიყენონ. რაც მნიშვნელოვანია, ტესტის გამოყენება უკვე დაიწყეს აშშ-ში და უილიამს იმედი აქვს, რომ ის მალე დიდ ბრიტანეთშიც დაინერგება.
მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკურ ტესტებს შეუძლიათ განსაზღვრონ გარკვეული დაავადებების რისკი, ცილის ანალიზს შეუძლია უზრუნველყოს უფრო ზუსტი სურათი იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებენ ორგანოები, ქსოვილები და უჯრედები დროის მოცემულ მომენტში.
უილიამსმა და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს მანქანური სწავლება 22 849 ადამიანის სისხლის პლაზმის 5000 ცილის გასაანალიზებლად და გამოავლინეს 27 ცილა, რომლებსაც შეუძლიათ გულის შეტევის, ინსულტის, გულის უკმარისობისა და სიკვდილის ოთხწლიანი ალბათობის პროგნოზირება.
ანალიზის შემდეგ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მათი მოდელი დაახლოებით ორჯერ უკეთესი იყო, ვიდრე არსებული რისკის ამსახველი მეთოდები, რომლებიც იყენებენ ადამიანის ასაკს, სქესს, რასას, სამედიცინო ისტორიას, ქოლესტერინს და არტერიულ წნევას გულ-სისხლძარღვთა მოვლენის ალბათობის შესაფასებლად. შედეგები გამოქვეყნდა Science Translational Medicine-ში.
მნიშვნელოვანია, რომ ტესტს ასევე შეუძლია ზუსტად შეაფასოს რისკი იმ ადამიანებში, რომლებსაც ადრე ჰქონდათ გულის პრობლემები, ინსულტი, ან აქვთ დამატებითი დაავადებები და იღებენ წამლებს რისკის შესამცირებლად.
"პრობლემა არ იქნებოდა, ყველა ერთნაირი რომ იყოს. პრობლემა ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ მკურნალობის გაიდლაინები, თუმცა ზოგს დაუბრუნდება იგივე რისკები. ვიღაცის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 30-40 წლის ასაკში, მაშინ როცა კონკრეტულ შემთხვევაში იგივე შეიძლება მოხდეს ერთ წელში, თუმცა გარედან განსხვავება არ ჩანს", — ამბობს უილიამსი.
მკვლევრების თქმით, ცილები ჩვენი სხეულის სამშენებლო მასალაა. მათი კვლევა კი ითვალისწინებს გენების მიერ კოდირებული ყველა ცილის მეოთხედს. ეს შესაძლებელი გახდა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ათასობით ცილის გაანალიზების საშუალებას იძლევა და პაციენტებში რისკის შეფასების ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს.
კომენტარები