ილონ მასკი Twitter-ის საბჭოს გაწევრიანების დღესვე გამოეთიშა
ილონ მასკს Twitter-ის საბჭოს წევრობა აღარ აინტერესებს.
"ილონმა გადაწყვიტა, ჩვენს საბჭოს აღარ შემოუერთდეს", — წერს Twitter-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, პარაგ აგრავალი კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც მან გუშინ საღამოს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მასკს Twitter-ის საბჭოსთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული. 5 აპრილს Tesla-ისა და SpaceX-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა დატვიტა, რომ "მოუთმენლად ელოდა Parag & Twitter საბჭოსთან მუშაობას, რათა მომავალ თვეებში სოციალური ქსელი მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა". მაგრამ, 9 აპრილს, როცა იგი საბოლოოდ უნდა გამხდარიყო საბჭოს წევრი, მან საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
არსებობს ვარაუდი, რომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ამ შესაძლებლობაზე უარი იმიტომ თქვა, რომ მისი აქციების წილი მხოლოდ 14.9%-ით არ შემოფარგლულიყო.
მასკს ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია. 10 აპრილის საღამოს იგი Twitter Blue-ის ყოველთვიური გამოწერის სერვისს აკრიტიკებდა და გამოკითხვაც დადო იმის შესახებ, უნდა გადაეკეთებინა თუ არა Twitter-ს თავისი სათავო ოფისი სან ფრანცისკოში უსახლკაროების თავშესაფრად, რადგან "იქ ისედაც არავინ დადის".
მასკი, რომელსაც აგრავალმა ამ მიკრობლოგინგის ქსელის "მგზნებარე ენთუზიასტი და ექსცენტრული კრიტიკოსი" უწოდა, კომპანიის აქციების ყველაზე დიდ ნაწილს — 9%-ს ფლობს. გარდა ამისა, მილიარდერს Twitter-ზე 81.3 მილიონი გამომწერი ჰყავს და მისი გამოკითხვები ამ სოციალურ ქსელში, შესაძლოა, უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდეს, ვიდრე ხმის მიცემა დახურულ სხდომაზე.
კომენტარები