რუსეთი უკრაინაში შეჭრის გაშუქებაზე ინგუში ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმეს იძიებს
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ გამოქვეყნებული "დეზინფორმაციის" გამო, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო ინგუშური ახალი ამბების საიტის, Fortanga-ს დამფუძნებლის წინააღმდეგ. Fortanga ასევე დაბლოკა მედიის ზედამხედველობის რუსულმა სააგენტომ, როსკომნადზორმა.
25 მარტს იზაბელა ევლოევმა განაცხადა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის ახლად შემოღებული 207.3 მუხლით იძიებდა საქმეს. ეს მუხლი რუსული ჯარის შესახებ გამოქვეყნებული "დეზინფორმაციის" გამო სასჯელს გულისხმობს. კანონის დარღვევა მაქსიმუმ 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ევლოევა ამჟამად პრაღაში მოღვაწეობს. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია იმის გამო, რომ ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში გამართულ ომის მხარდამჭერ აქციაში ბავშვების მონაწილეობა გააკრიტიკა. აქციის დროს ერთ-ერთ კოშკზე ასო Z-ის გამოსახულებიანი დროშა აღმართეს.
"ამ აქციის ინიციატორი ქალაქის მერი, უსმან აუშევი იყო. მე უბრალოდ შეკითხვა დავსვი: არ გრცხვენიათ, რომ ამაში ბავშვები ჩართეთ? ჩემი სიტყვები, რომ Z სიმბოლო ტყუილების, ტკივილის, მანიპულაციის სინონიმად მიმაჩნია, სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მიზეზი გახადეს".
Z უკრაინაში რუსეთის ომის სიმბოლო მას შემდეგ გახდა, რაც შეჭრაში მონაწილე მანქანებზე ეს წარწერები შენიშნეს.
როგორც ევლოევა ამბობს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩეჩნეთ-ინგუშეთის მიწებზე შეთანხმებას აკრიტიკებს და ინგუშეთში ადამიანების უფლებების დარღვევის საკითხებს აქტიურად აშუქებს, მის წინააღმდეგ ბრალის წაყენება არ გაჰკვირვებია.
Fortanga 2018 წელს იმ საკამათო შეთანხმების შემდეგ დაარსდა, რომელმაც ინგუშეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი მათ აღმოსავლელ მეზობლებს გადასცა, რასაც რამდენიმე თვიანი პროტესტი მოჰყვა.
"ჩემთვის ნათელი იყო, რომ ადრე თუ გვიან, სისხლის სამართლის საქმეს აღძრავდნენ, თუმცა ძირითადად ამ მიზეზების გამო", — თქვა მან.
ევლოევას თქმით, Fortanga-ს დაცვა იმით სცადა, რომ უფრო "მგრძნობიარე საკითხების" საკუთარ Facebook-სა და Telegram გვერდებზე წერა დაიწყო, ხოლო საიტზე მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ამბებს აშუქებდნენ.
იზაბელა ევლოევა
28 მარტს მედიის ზედამხევდელობის ფედერალურმა სააგენტო, როსკომნადზორმა Fortanga დაბლოკა.
"მე ამას დანამდვილებით ვუკავშირებ უკრაინაში არსებული სიტუაციის გაშუქებას, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვწერდით და ვითვლიდით მსხვერპლებისა და ტყვეების რაოდენობას, გადმოვცემდით იმ ადგილობრივების მოსაზრებებს, რომლებიც ომს ეწინააღმდეგებიან", — თქვა ევლოევმა.
"ჩვენ ბოლო დროს ამის [ადგილობრივების ჩაწერა] შევწყვიტეთ, რადგან გვეშინია, რომ მათ გაასამართლებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამას რაღაც კავშირი აქვს უკრაინაში ომის გაშუქებასთან".
როსკომნადზორი დახურვითა და შეზღუდვების დაწესებით არაერთხელ დამუქრებია Fortanga-ს. 2021 წლის ოქტომბერში სააგენტომ ინგუშეთის საინფორმაციო გამოშვებას დაავალა, რომ ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის სასაზღვრო შეთანხმებაზე გამოქვეყნებული მასალები აეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბლოკვით დაემუქრა.
თუმცა მუდმივი მუქარებისა და ბოლოდროინდელი სისხლის სამართლის საქმის მიუხედავად, ევლოევამ განაცხადა, რომ საკუთარ საქმიანობას სოციალურ ქსელებში გააგრძელებს და ითანამშრომლებს სპეციალისტებთან, რათა სრულიად აღიდგინოს საკუთარი სამსახური და კანონიერად დაიცვას თავი.
"თუ საქმე სასამართლოში წავა, უკვე მაქვს ადვოკატებისგან დახმარების შემოთავაზება. ვიცი, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა, მაგრამ საქმეს დააკვირდებიან, მე კი საკუთარ თავს დავიცავ, ჩემი ადვოკატი წარმოდგენილი იქნება სასამართლო პროცესზე და საგამოძიებო ღონისძიებების დროს".
"ახლა ეს ჩემთვის კოღოს ნაკბენს ჰგავს — ის კიდევ უფრო მიმძაფრებს სურვილს, რომ ჩემი სამუშაო გავაგრძელო, რადგან ეს ნიშნავს, რომ ცუდ ბიჭებს ვუშლი ხელს", — უთხრა ევლოევამ OC Media-ს.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჯგუფის, Agora-ს ხელმძღვანელის, პაველ ჩიკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში "ცრუ ინფორმაციის" გამოქვეყნებისა თუ შეიარაღებული ძალების რეპუტაციის შელახვის გამო, 46 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყეს დევნა.
"უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან მხოლოდ ერთ თვეში, რუსეთის ფედერაციაში 60 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელთაგან ყველა, ასე თუ ისე, დაკავშირებულია რუსეთის ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ პროტესტსა თუ მათ ღია კრიტიკასთან", — დაწერა ჩიკოვმა საკუთარ Telegram არხზე.
საქმეები რუსეთის 21 რეგიონში სისხლის სამართლის კოდექსის 14 სხვადასხვა მუხლით აღიძრა — მათგან 10 სამხედროების შესახებ "დეზინფორმაციის" ახლად შემოღებული რეგულაციების ფარგლებშია.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები