მზიდან "იდუმალებით მოცული" ტალღები ამოდის, რომელთა წარმომავლობას მეცნიერები ვერ ხსნიან
მეცნიერების თქმით, მზისგან უჩვეულო, "იდუმალებით მოცული" ტალღები მოდის. ისინი იმაზე სამჯერ სწრაფად მოძრაობს, ვიდრე თეორიულად შესაძლებელი ჩანდა. შესაძლოა, მოვლენა ჯერაც აღმოუჩენელი ფიზიკური პროცესების არსებობაზე მიუთითებდეს და ინფორმაციას გვაძლევდეს მზის შიდა ნაწილის შესახებაც — მასზე დაკვირვება ჩვეულებრივ შეუძლებელია. კვლევა ახლახან ჟურნალში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
მეცნიერებმა მზის შესახებ დედამიწიდან და კოსმოსიდან 25 წლის განმავლობაში შეგროვილი მონაცემები შეისწავლეს, შედეგად კი აღმოაჩინეს, რომ მზის ზედაპირზე ტალღების ახალი ნაკადი — მაღალსიხშირული რეტროგრადული, იგივე HFR, ტალღები — მორევის სახით წარმოგვიდგება. ზემოხსენებული მორევები ჩვეულებრივისაგან საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, პრაქტიკაში კი იმაზე სწრაფია, ვიდრე თეორიულად შეიძლებოდა.
როგორც წესი, მეცნიერები სამყაროს ტრადიციული მეთოდების გამოყენებით იკვლევენ, მაგალითად, ოპტიკური სინათლეზე ან რენტგენის სხივებზე დაყრდნობით. მზისა და სხვა ვარსკვლავების შიგნეულობის ამ გზებით შესწავლა შეუძლებელია, ამიტომაც მეცნიერები ამის ნაცვლად ზედაპირზე არსებულ ტალღებს უნდა დააკვირდნენ.
მკვლევრების აზრით, შესაძლოა, HFR ტალღები ამისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. სასარგებლო იქნება იმის დადგენაც, თუ რატომ მოძრაობს ისინი წარმოუდგენელი სიჩქარით. აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, ეს სხვა კარგად ნაცნობ ტალღებსა და მაგნეტიზმს, გრავიტაციას ან კონვექციას, შორის არსებულ ურთიერთმოქმედებას მიეწერებოდეს.
"თუკი HFR ტალღებს ზემოხსენებული მოვლენები იწვევს, აღმოჩენის წყალობით მზის შესახებ რამდენიმე შეკითხვაზე მივიღებდით პასუხს", — განაცხადა კრის ჰენსონმა, კვლევის ხელმძღვანელმა — "მიუხედავად ამისა, ახალი ტალღები ამ პროცესთა შედეგს არ წააგავს, რაც ამაღელვებელია, რადგან კითხვათა სრულებით ახალ წყებამდე მივდივართ".
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს და სხვა ტალღები ვარსკვლავის შიგნით მიმდინარე პროცესების უკეთ გარკვევაში დაეხმარებათ. შესაძლოა, ასე მეტი ინფორმაცია მივიღოთ იმის შესახებაც, თუ რა გავლენა აქვს მზეს დედამიწასა და მზის სისტემის სხვა პლანეტებზეც.
კომენტარები