ბრიტანეთში "უჩინმაჩინის ფარი" შექმნეს — ნახეთ, როგორ მუშაობს
ფარი, რომელიც უჩინარს გაგხდით, წლის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა, მასთან ერთად ვერ ივლით.
ლონდონში დაფუძნებულმა კომპანიამ Invisibility Shield Co "უჩინმაჩინის ფარი" შექმნა, რომლის უკან აღმოჩენის შემთხვევაშიც ნებისმიერ გარემოში უჩინრად იქცევით. მისი გამოწერა წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი, მანამდე კი შეგიძლიათ ამ პროექტს თანადაფინანსების პლატფორმაზე Kickstarter დაუჭიროთ მხარი.
სამეცნიერო ფანტასტიკასა და რეალობას შორის ზღვარის წაშლა ბევრ გამომგონებელს სურს, თუმცა, უჩინმაჩინის მოსასხამისა თუ ფარის შექმნის გზაზე არაერთი მათგანი დანებებულა. Invisibility Shield-შიც არაერთხელ დამარცხდნენ, თუმცა, გარკვეულ შედეგამდე მისვლა მაინც მოახერხეს. ორწლიანი მუშაობის შედეგად, მათ შექმნეს ეფექტიანი მექანიზმი "უჩინმაჩინის ფარის" შესაქმნელად. ფარისა და მისი ეფექტის ნახვა ქვემოთ მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ.
ინოვაციის უკან საკმაოდ მარტივი ტექნოლოგია დგას. ფარზე არსებული ლინზების წყება ფარის უკნიდან წამოსულ სინათლეს, ობიექტის გამოსახულებას წარმატებით ამრუდებს და ფარის წინ მყოფი დამკვირვებლისგან შორს ფანტავს. ლინზები ვერტიკალურადაა ორიენტირებული, რათა დასამალი ობიექტიდან არეკლილი გამოსახულება — სინათლე ზემოთკენ მიმართოს, ზემოთ აირეკლოს და არა პირდაპირ.
ფარის შექმნას წინ უამრავი ექსპერიმენტი უძღოდა. მკვლევრები ცდიდნენ ლინზების სხვადასხვა განლაგებას, ფორმას, სიღრმეს, კუთხეს. ამის შემდეგ გუნდი საუკეთესო გადაწყვეტამდე მივიდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფარით დამალვისას საუკეთესო შედეგს ერთგვაროვან ფონზე მიაღწევთ, ეს შეიძლება იყოს ბალახი, ქვიშა, ფოთლები, ცა. ასევე, კედლები, რელსები თუ სხვა გარემო.
ამ ეტაპზე, კომპანია "უჩინმაჩინის ფარს" ორ ზომაში გვთავაზობს. დაახლოებით, ერთი მეტრის სიმაღლის ფარის ყიდვა 394 დოლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო უფრო მომცროს შეძენა 65 დოლარადაც შეგეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ ფარი მთლიანად ოპტიკური პროდუქტია და მას სამუშაოდ ენერგია არ სჭირდება (დამუხტვა, ან დენის წყაროსთან მიერთება საჭირო არ არის). ის ორი დუიმის სისქისაა, ხოლო მისი წონა 4 კილოა (თუმცა, ზომას გააჩნია). მას სადგამი არ სჭირდება (მისი სისქე საკმარისია დასადგამად) და ასევე, ფარი ტემპერატურისადმი მდგრადი მასალისგანაა შექმნილი.
კომპანიას ამ ეტაპზე უკვე ასობით შეკვეთა აქვს და პროდუქციის მიწოდების დაწყებას 2022 წლის დეკემრისთვის აპირებს.
კომენტარები