Reddit უკრაინის მხარეს დგას — პლატფორმაზე ყველა .ru ბმულის გაზიარება იკრძალება
Reddit მომხმარებლებს RT-ისა და Sputnik-ის ან მათთან დაკავშირებული წყაროების გაზიარების შემთხვევაში მომენტალურად ბლოკავს. მეტიც, პლატფორმა აქ გაჩერებას არ აპირებს და როგორც Reddit-ის ადმინისტრატორი განმარტავს, დაიბლოკება ყველა ის ვებსაიტი, რომელიც .ru-ზე მთავრდება.
შეფასებისთვის უნდა ითქვას, რომ Reddit-ის ეს ქმედება ერთ-ერთი ყველაზე ხისტი აღმოჩნდა სხვა პლატფორმებთან შედარებით. Apple-მა, Google-მა, Meta-მ, Microsoft-მა, Twitter-მა და YouTube-მა რუსებსა და რუსულ კომპანიებს უკვე შეუზღუდეს პლატფორმებზე რეკლამის განთავსების ფუნქცია. ამასთანავე, Facebook-მა და YouTube-მა სრულად აკრძალეს ევროკავშრის ტერიტორიაზე RT-ისა და Sputnik-ის გვერდები, თუმცა არცერთ მათგანს .ru-ზე დასრულებული ლინკების გაზიარება მთელი პლატფორმის მასშტაბით არ აუკრძალავს.
Engadget-თან საუბარში რედიტმა განაცხადა, რომ მათ უკვე აკრძალეს ნებისმიერი სახის რეკლამის განთავსება "რომელიც დაკავშირებულია რუსულ ან რუსეთში დაარსებულ კომპანიასთან ან სახელმწიფო სტრუქტურასთან". Reddit-ის თქმით, მოდერატორები აქტიურად პლოკავენ საბრედიტებს, რომლებიც რუსულ სახელმწიფო მედიებთან იყვნენ კავშირში.
რედიტი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პლატფორმის მწყობრში მოყვანა გართულდა, რადგან რუსეთის მხრიდან მასიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, მაგრამ მოდერატორები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ახლა კონტენტის გაფილტვრის პროცესში მთელი რედიტის ჯგუფი უფრო აქტიურადაა ჩართული.
კომენტარები