რატომ მარცხდება რუსეთი უკრაინასთან წარმოებულ საინფორმაციო ომში
მაშინ, როცა რუსულმა ჯარებმა კიევისკენ სვლა დაიწყეს და პარასკევს დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსულმა სახელმწიფო მედიამ ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნიდან გაქცევის შესახებ ჭორები გაავრცელა.
ზელენსკიმ — როგორც ამას კვირების განმავლობაში აკეთებდა — იმ საღამოსაც რუსული დეზინფორმაციული ნარატივის გაქარწყლება უშუალოდ გადაწყვიტა. სოციალურ ქსელში მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის შენობასთან მდგომი მოგვმართავდა. კადრში ვოლოდიმირ ზელენსკის გარშემო პრემიერმინისტრი და მაღალი თანამდებობის სხვა პირებიც ჩანდნენ. "ჩვენ ყველა აქ ვართ. ჩვენ კიევში ვართ. ჩვენ ვიცავთ უკრაინას. აქ არიან ჩვენი სამხედროები, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება. ყველანი ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს და ეს ასეც იქნება", — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთის ქვეყანაში შეჭრის ფონზე, უკრაინის მთავრობა საინფორმაციო ბრძოლას დამატებით ფრონტად განიხილავს. თანამდებობის პირები სოციალურ მედიაში უკრაინულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე დაუღალავად ავრცელებენ და აახლებენ ინფორმაციას. ისინი აფრთხილებენ საზოგადოებას, არ აჰყვნენ ჭორებს და რუსულ პროპაგანდას — ამ გზით, დეზინფორმაციას იქამდე ამხელენ, სანამ ის მთელი ძალით გავრცელებას მოასწრებდეს.
პარასკევს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გააფრთხილა საზოგადოება რუსეთის მიერ დაგეგმილი დეზინფორმაციის მასშტაბურ კამპანიაზე იმის შესახებ, თითქოს უკრაინული ხელისუფლება ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს. "არ ენდოთ ყალბ ანგარიშებს. უკრაინა თავის მიწას სამართლიან და თავდაცვით ომში იცავს. რუსეთისაგან განსხვავებით, ჩვენ არ ვუმიზნებთ საბავშვო ბაღებსა და სამოქალაქო პირებს", — დაწერა მან ტვიტერზე. ამგვარად, თავდაცვის მინისტრიც ყალბი ცნობების გავრცელებას ინფორმაციის მყისიერი განახლებებით აღუდგა წინ.
კრემლის დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს გაფრთხილება, რომ რუსეთი სამიზნეში უკრაინელ ჯარისკაცებს იღებს, რათა დეზინფორმაციის საშუალებით დაწიოს მათი მორალი და "უბიძგოს დანებებისკენ" მაშინ, როცა კიევი იერიშისთვის ემზადება. "ჩვენი ინფორმაციით, რუსეთი ქმნის დეზინფორმაციულ კამპანიას იმ ცრუ ცნობების გავრცელებით, თითქოს უკრაინელი ჯარისკაცები მასობრივად ბარდებიან ტყვედ", — განუცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა TIME-ს პარასკევს. მისივე თქმით, დაზვერვა იმაზეც მიანიშნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელი ჯარისკაცები რუსულ ძალებს არ ჩაბარდებიან, "რუსეთი ოჯახის წევრების მოკვლის მუქარით აპირებს მათ დაშინებას".
ომის წინა დღეებში რუსეთმა, რომელსაც ჰიბრიდული ომის წარმოების დიდი გამოცდილება აქვს, ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის, დაბნეულობისა და ეჭვის დასათესად ნაცნობი სტრატეგია გამოიყენა. ეს მოიცავდა დეზინფორმაციულ კამპანიებს, რომლებიც მიზნად ხალხში პანიკის გაჩენას ისახავდა. მაგალითად, უკრაინელებმა თავიანთ ტელეფონებზე მიიღეს ტექსტური შეტყობინებები, სადაც მათ აცნობებდნენ, რომ ბანკომატებმა მუშაობა შეწყვიტეს. ეს ცრუ ცნობები სწრაფად გააქარწყლა უკრაინის კიბერპოლიციამ.
ეს შემთხვევა 2014 წელის ტექსტური შეტყობინებების მასობრივ კამპანიას წააგავს. მაშინ ტექსტური გზავნილები, "წადი და იცოცხლებ", "არავის სურს შენი შვილების ობლად დარჩენა" და "ჯარისკაცებო, როდესაც თოვლი გადნება, თქვენს სხეულებს იპოვიან", იმ უკრაინელ ჯარისკაცებს გაეგზავნათ, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში პრორუს სეპარატისტებს ებრძოდნენ. შეტყობინებები ისეთი ფორმის იყო, თითქოს მათ უკრაინელი თანამებრძოლები გზავნიდნენ. ზოგ მათგანში იტყობინებოდნენ, რომ მათ მეთაურმა უღალატათ. ამ კამპანიის მიზანიც ჯარისკაცების დაშინება და მათი მორალური გატეხა იყო.
ამჯერად, დაშიფრული შეტყობინებების პლატფორმებმა — რომლებიც სოციალურ მედიაზე მეტად დეცენტრალიზებული და ნაკლებად შეზღუდულია — დაიწყეს უფრო დიდი როლის თამაში. პრორუსული პროპაგანდა განსაკუთრებით გააქტიურდა Telegram-ის არხებზე, რომლის დიდი ნაწილი სწრაფად გამოჩნდა ინგლისურენოვან მემარჯვენე ჯგუფებში. "რუსულმა ჯარებმა ალყა შემოარტყეს კიევს. შესაძლოა, ზელენსკი გაიქცა. რუსეთი იბრძვის არა უკრაინელი ხალხის და არმიის წინააღმდეგ, არამედ ნაცისტური ბატალიონებისა და უცხოელი დაქირავებული მეომრების წინააღმდეგ", — ნათქვამია დეზინფორმაციულ გზავნილში, რომელიც პარასკევს აშშ-ის მემარჯვენე ჯგუფების ტელეგრამის ათობით არხზე გადაზიარდა.
"საოცარია თანამედროვე საინფორმაციო ომის მსვლელობის რეალურ დროში ხილვა", — ამბობს სინდი ოტისი, დეზინფორმაციის მკვლევარი და CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი. ნაადრევია იმის თქმა, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს უკრაინის მცდელობები რუსული დეზინფორმაციული ნარატივების შესაჩერებლად, ამბობს ის და აღნიშნავს, რომ მათი წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, აღწევენ თუ არა ისინი სამიზნე აუდიტორიამდე.
კონფლიქტისას დეზინფორმაციასთან ბრძოლა დასაწყისშივე იყო თეთრი სახლის ტაქტიკის ნაწილი. აშშ-ის უპრეცედენტო ქმედებებმა გამოააშკარავა საიდუმლო ინფორმაცია რუსეთის გეგმების შესახებ და ჩაშალა კრემლის მცდელობები, უკრაინაში შეჭრის წინ დაემკვიდრებინა წინასწარ შემუშავებული და ამ ნაბიჯის გამამართლებელი ნარატივი. "ჩვენ გავასაჯაროეთ გასაიდუმლოებული მტკიცებულებები რუსეთის გეგმების და შეჭრის ცრუ საბაბების შესახებ, რათა არ ყოფილიყო დაბნეულობა და გაცხადებულიყო ის, თუ რას აკეთებს პუტინი. პუტინი არის აგრესორი. პუტინმა აირჩია ეს ომი", — თქვა ბაიდენმა გასულ ხუთშაბათს.
მართალია, დეზინფორმაციული ომი ახლა საწყის ეტაპს გასცდა, მაგრამ ის კვლავ დიდი სისწრაფით მიმდინარეობს. როდესაც პუტინი დაუფარავად ითხოვს რეჟიმის შეცვლას უკრაინაში და მოუწოდებს ქვეყნის სამხედროებს, "ძალაუფლება ხელში აიღონ", რათა დაამხონ მთავრობა, ამ შემთხვევაში აქცენტი გადატანილია ტაქტიკურ დეზინფორმაციაზე, ამბობს ოტისი. ეს ასევე მოიცავს "დეზინფორმაციას ბრძოლის ველზე, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას და დემორალიზებას. ასეთ დროს ცრუ ნარატივები უკრაინული ჯარების დანებების თუ მეთაურების მიერ თავიანთი ჯარების მიტოვების შესახებ, არის რუსეთის იმ წარმატებაზე აპელირება, რომლისთვისაც რეალურად არ მიუღწევია", — განუცხადა მან TIME-ს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ათწლეულების განმავლობაში აფართოებს ამ დეზინფორმაციულ გარემოს, არსებობს ნიშნები იმისა, რომ ამ ყველაფერს, შესაძლოა, მათთვის საზიანო გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს. პოლონეთმა და გერმანიამ გამოაცხადეს, რომ Russia Today-ს ქსელს კრძალავენ. ფრანგმა კანონმდებლებმა კი ამ სატელევიზიო კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმება მოითხოვეს. რამდენიმე სხვა ქვეყანამ ქსელის მთავარ რედაქტორს სანქციები დაუწესა.
მოკლევადიან პერსპექტივაში ბრძოლა იმისთვის, რომ სწრაფად პროგრესირებადი კონფლიქტის აღქმა თითოეულმა მხარემ თავისდა სასიკეთოდ ჩამოაყალიბოს, იმაზე თანაბარი ჩანს, ვიდრე — სამხედრო ტექნიკით შეიარაღების დონეები. ამაზე მოწმობს რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი შეუდრეკელი უკრაინული ჯარისკაცების შესახებ გავრცელებული ცნობები თუ ვიდეომასალა, რომლებმაც სხვა ქვეყნებში უკრაინის მიმართ სიმპათია და მხარდაჭერა გამოიწვია.
კომენტარები