როგორ გავგზავნოთ შეტყობინება მომავალში? — Gmail-ის დაგეგმვის ფუნქცია
Google-მა ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში გამოაცხადა, რომ Gmail-ზე მალე მეილის დაგეგმვას შევძლებდით, ფუნქცია კი დესკტოპსა და მობილურზე დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაემატა.
მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია და არაერთ საკითხში გამოგადგებათ. მაგალითად, თუკი დროის განსხვავებულ ზონაში მყოფ პირთან გსურთ წერილის გაგზავნა, ანდა გინდათ, საკუთარ მომავალ "მეს" რაიმე შეახსენოთ, შეგიძლიათ, კონკრეტულ დროს მისაღებად მეილი წინასწარ გაგზავნოთ.
Gmail-ის ვებვერსიიდან შეტყობინების დასაგეგმად შემდეგ ინსტრუქციას უნდა მიჰყვეთ:
- დაწერეთ შეტყობინება;
- დააჭირეთ გაგზავნის ღილაკის ("Send") გვერდით არსებულ სამკუთხედს;
- ამოირჩიეთ ვარიანტი "Schedule send";
- შეარჩიეთ შემოთავაზებული დროდან ერთ-ერთი, ანდა "Pick date & time" ვარიანტის მეშვეობით სასურველი თარიღი და დრო თავად მიუთითეთ.
ფოტო: The Verge
პროცესი Gmail-ის მობილურ აპლიკაციაზეც ანალოგიურია, თუმცა, გაგზავნის ღილაკის გვერდით სამკუთხედის ნაცვლად, მეილის შექმნის დროს ეკრანის მარჯვენა ზედა კიდეში სამ წერტილს უნდა დააჭიროთ, რათა დაგეგმვის ვარიანტი გამოჩნდეს.
ფოტო: The Verge
დაგეგმილი შეტყობინებების მოძებნა და გაუქმებაც საკმაოდ მარტივია: Gmail-ის დესკტოპისა და მობილურ ვერსიაზე ახალი "Scheduled" — დაგეგმილი შეტყობინებების საქაღალდე დაგხვდებათ. აქ სასურველ მეილს ამოირჩევთ და ფანჯრის მარჯვენა ზედა ნაწილში "Cancel send" — დაგეგმვის გაუქმების ვარიანტს დააჭერთ. ასე მეილი მონახაზების საქაღალდეში დაბრუნდება.
კომენტარები