Meta ავატარებს შორის სავალდებულო დისტანცირების შემოტანას გეგმავს
Meta ვირტუალურ რეალობაში ავატარებს შორის სავალდებულო დისტანცირების შემოტანაზე იწყებს მუშაობას. ეს მას შემდეგ რაც ვირტუალურ რეალობაში სექსუალურ შევიწროვებაზე გავრცელდა ინფორმაცია.
მარკ ცუკერბერგის კომპანია რამდენიმე მილიარდ დოლარს ჩამოდის ვირტუალური რეალობის განვითარებაზე. თუმცა, ამ ყველაფერს ახლავს საფრთხეებიც. ჯერ კიდევ დეკემბერში, მეტავერსის გაშვებიდან სულ 10 დღეში უკვე დაფიქსირდა სექსუალური შევიწროების პირველი ფაქტი. ქალი, რომელიც Meta-ს Horizon Worlds-ის ბეტა ტესტირებაში იღებდა მონაწილეობას, აცხადებს, რომ პლატფორმის სხვა მომხმარებელი ვირტუალურ რეალობაში მას არასასურველად შეეხო. ქალის თქმით, მის ავატარს უცხო ადამიანი მისთვის დაუკითხავად შეეხო და გარშემომყოფებმა დაგმობის მაგივრად მის საქციელს მხარიც კი დაუჭირეს.
აქედან გამომდინარე, Meta-მ განაცხადა, რომ შემოაქვს პერსონალური საზღვრები ორ VR აპლიკაციაში: Horizon Worlds, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეხვდნენ VR მომხმარებლებს და შექმნან საკუთარი სამყარო; და Horizon Venues, რომელიც მასპინძლობს VR ღონისძიებებზე დასწრების საშუალებას აძლევს, როგორიცაა კომედი შოუები ან მუსიკალური კონცერტები. კომპანიის განცხადებით, ადამიანებს შორის სავალდებულო დისტანცია 1.2 მეტრის ექვივალენტი იქნება.
"სავალდებულო დისტანცირების შემოტანა სხვას თქვენი ავატარის პირადი სივრცის დარღვევის საშუალებას არ მისცემს. თუ ვინმე შეეცდება თქვენს პირად სივრცეში მოხვედრას, სისტემა მათ ავტომატურად შეაჩერებს. ეს ის საზღვარი იქნება, რომელსაც ვერ გადალახავენ. ეს ახალ სტანდარტებს გააჩენს, რაც VR სამყაროსთვის მნიშვნელოვანი იქნება", — ნათქვამია Meta-ს განცხადებაში.
ასევე: რა არის მეტავერსი — "ინტერნეტის მომავლის" მოკლე მიმოხილვა
ცნობისთვის, 2021 წლის 28 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ Facebook-ის ახალი სახელი Meta იქნება. კომპანიას აქვს ამბიცია შექმნას მეტავერსი — ერთგვარი ციფრული რეალობა, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეგრძნებების დონეზე დაუკავშირდებიან.
ბევრს მიაჩნია, რომ ეს ინტერნეტის მომავალია, სადაც ინფორმაციის ბრტყელი ეკრანებიდან მიღების ნაცვლად, შეგვეძლება, შიგნით, ვირტუალურ რეალობაში გადავიდეთ.
კომენტარები