რუსული აგრესიისა და სამხედრო ინტერვენციის საფრთხის ფონზე, ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე მუშაობენ. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და უკვე ქვეყნების ლიდერებმაც დაადასტურეს. უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განმარტებით, ამ ალიანსის საფუძველი რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერებაა.

რა ვიცით ამ ეტაპზე

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 18 იანვარს განაცხადა, რომ ქვეყნებთან პოტენციური სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.

"ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად და რუსული აგრესიის შესაჩერებლად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პოლონეთსა და უკრაინასთან", — დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა Twitter-ზე.

პირველ თებერვალს ამაზე უკვე უკრაინა-პოლონეთის პრემიერმინისტრებმა ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის მთავარი ამოცანები რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ერთობლივი მუშაობა უნდა იყოს.

"ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში უკრაინა-პოლონეთი-ბრიტანეთის თანამშრომლობის ახალი რეგიონალური ფორმატის ოფიციალურად დაწყებას შევძლებთ. მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, ჩვენ ხელი უნდა მოვაწეროთ სამმხრივ დოკუმენტს", — აღნიშნა შმიგალმა.

პოლონეთიც აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს გმობს. როგორც საერთო ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, ვარშავა უკრაინას გაზსა და იარაღს მიაწვდის, ასევე, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს.

ისეთ მეზობელთან ახლოს ცხოვრებით, როგორიც რუსეთია, ჩვენ გვაქვს შეგრძნება, რომ ვულკანის ძირში ვცხოვრობთ

მატეუშ მორავიეცკი

განხილვების ფონზე, ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულებაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი "პატარა ალიანსის" შესახებ გაჟონილმა ცნობებმა საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რის გამოც 4 დეტალზე საუბარი გადაწყვიტა.

პირველი — სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ ინიციატივა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გაჩნდა. კულება ხაზს უსვამს, რომ ეს იდეა ეკუთვნოდა უკრაინას და არა პარტნიორებს.

"მადლობელი ვარ კოლეგებისა და მეგობრების, ლიზ ტრასისა და ზბიგნევ რაუს, რომლებიც გამოგვეხმაურნენ და სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების სამმხრივი მუშაობა დაიწყეს, რომელშიც თითოეულ ქვეყანას თანაბრად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს", — წერს ის.

მეორე — ეს ფორმატი უკრაინის აქტიური საგარეო პოლიტიკის ფარგლებში პატარა ალიანსების შექმნის სტრატეგიის ნაწილია. კულება ამბობს, რომ ამას მათი საგარეო პოლიტიკური საქმიანობის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა.

შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებამდე ვერ დაველოდებით. ჩვენ ის ახლა გვჭირდება. ამიტომ ჩვენ პრაქტიკულ გაძლიერებას მეგობრებთან მცირე ალიანსების შექმნით ვაღწევთ

დმიტრი კულება

კულება აცხადებს, რომ სწორედ ასე შეიქმნა ლუბლინის სამკუთხედი პოლონეთსა და ლიტვასთან, კვადრიგა თურქეთთან და ასოცირებული ტრიო საქართველოსა და მოლდოვასთან და აღნიშნავს, რომ სამივე მათგანი წარმატებით ვითარდება და უკრაინისთვის სარგებელი მოაქვს.

მესამე — ეს თანამშრომლობა არა გეოგრაფიულ მდებარეობას, არამედ საერთო პრინციპებს უკავშირდება. კულება მიუთითებს, რომ ეს არის იმ ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც იზიარებენ საერთო ინტერესებს, ისწრაფვიან უსაფრთხოების გაძლიერების, ვაჭრობის განვითარებისკენ და მზად არიან კონკრეტული ქმედებებისთვის.

"ვარშავას, კიევსა და ლონდონს აქვთ ევროპის უსაფრთხოების საფრთხეებზე არა მხოლოდ რეალური გააზრების უნარი და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე გამოწვევების დაძლევის სტრატეგია, არამედ სამმხრივი თანამშრომლობის შესანიშნავი პოტენციალი ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: ვაჭრობა, ინვესტიციები, ენერგეტიკა, განსაკუთრებით განახლებადი ენერგეტიკის სფეროები. ჩვენი ძალების ატლანტის, ბალტიისა და შავ ზღვებში გაერთიანებით, ვქმნით შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონისთვის", — ვკითხულობთ კულებას განცხადებაში.

მეოთხე — ახალი ფორმატის შესახებ ოფიციალური განცხადება მიმდინარე კვირაში იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო.

"იგეგმებოდა, რომ პირველი ოფიციალური განცხადება ახალი ფორმატის შექმნის შესახებ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ბრიტანელი კოლეგის კიევში ვიზიტის ფარგლებში გაკეთდებოდა, თუმცა ეს გადაიდო. სამწუხაროდ, ლიზ ტრასს კორონავირუსი აქვს და მოგვიწია გამოცხადების თარიღის გადავადება. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში უმოქმედოდ არ ვისხდებით და ახალი ფორმატის გაძლიერებაზე მუშაობას გავაგრძელებთ. გქონდეთ მოთმინება, გწამდეთ საკუთარი თავის, უკრაინისა და მისი ნამდვილი მეგობრების", — დაწერა კულებამ.

ჯონსონის ვიზიტი კიევში

უცნობია, როდის გახდება საჯარო სხვა დეტალები, თუმცა ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები და ვიზიტები აქტიურად მიმდინარეობს. პირველ თებერვალს კიევში ჩაფრინდა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი.

ბორის ჯონსონმა რუსეთისგან მომავალი საფრთხე რეალურად შეაფასა — თქვა, რომ ის ცდილობს ძირი გამოუთხაროს მიღწევას, რომელიც ქვეყნების თავისუფალ ნებასა და არჩევანს ეხება. მისი განცხადებით, თუ კრემლის ამბიციები გაგრძელდება, უკრაინა არ იქნება ერთადერთი, რომელიც რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნდება და საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზეც უნდა იფიქრონ. ჯონსონმა აღნიშნა ისიც, რომ ეს მომენტი ძალიან კრიტიკულია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკრაინის მხარდაჭერა.

"ვიღაცები ამბობენ, რომ ჩვენ საფრთხეს ვაზვიადებთ, რომ აშშ და ბრიტანეთი ამის გამწვავებას ცდილობენ. ეს არ არის შესაძლებობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. საფრთხე აშკარა და არსებულია [...] რუსეთი ცდილობს ევროპის უსაფრთხოების რუკა გადახაზოს, ცდილობს ახალი იალტისა და გავლენის ზონების დამყარებას", — თქვა მან.

ფოტო: Peter Nicholls/Pool Photo via AP

ჯონსონი ამბობს იმასაც, რომ სანქციები უკვე მზად აქვთ და რა წამსაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ბრიტანეთი მას დააწესებს. მისივე თქმით, რუსეთის შეჭრა პოლიტიკური და სამხედრო "კატასტროფა" იქნება.

"უკრაინის არმიის ქვეშ 200 000 კაცი და ქალია, ისინი ძალიან, ძალიან სასტიკ და სისხლიან წინააღმდეგობას გაუწევენ [...] მშობლები, დედები რუსეთში უნდა დაფიქრდნენ ამ ფაქტზე და დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი კონფლიქტის გზიდან უკან დაიხევს და დიალოგში ჩაერთვება", — აღნიშნა ჯონსონმა.


პარალელურად, ქართველი ოპოზიციონერები 2 თებერვალს კიევში მიემგზავრებიან. დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა ამ რეგიონის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღერძი იქნება.

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ცივი ომის დასრულების შემდეგ სისტემებს მოდიფიკაცია სჭირდება და ამ კრიზისმა ამაზე ფიქრი დაძრა. საქართველო უნდა იყოს ამ კონფიგურაციის ნაწილი. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, უკრაინა — მათთან მუშაობა არის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი", — ამბობს ის.

ხოშტარია აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიცია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ ამ დისკუსიის ნაწილი იქნებიან. მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ეს საკითხი განხილვის საგანი აუცილებლად იქნება, თუმცა საქართველოს მთავრობის წევრებს არც ალიანსზე და არც ხოშტარიას ინიციატივაზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გაიგე მეტი: