18 იანვარს დედამიწას 1 კილომეტრი სიგანის მქონე ასტეროიდი მოუახლოვდება
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 იანვარს დედამიწას 1 კილომეტრი სიგანის მქონე ასტეროიდი 76,192 კმ/სთ სიჩქარით მოუახლოვდება.
თუმცა, არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან აღნიშნული ობიექტი პლანეტას უსაფრთხო დისტანციაზე ჩაუვლის. კერძოდ, ჩვენ შორის მანძილი 1.93 მილიონი კილომეტრი იქნება.
ეს გახლავთ ასტეროიდი, სახელად 1994 PC1, რომელიც ავსტრალიელმა ასტრონომმა, რობერტ მაკნოტმა 1994 წელს, საიდინგ სპრინგის ობსერვატორიიდან აღმოაჩინა. მზის გარშემო საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებას ის 1.57 წელს ანდომებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კოსმოსური სხეული დაახლოებით 30 წელში ერთხელ გვსტუმრობს.
18 იანვარს ის დედამიწასთან იმაზე ახლოს მოვა, ვიდრე მომდევნო 200 წელში. ზემოხსენებული მანძილი, შესაძლოა, ერთი შეხედევით დიდად მოგვეჩვენოს, თუმცა ასტრონომიული მასშტაბების გათვალისწინებით, ეს ასე არაა. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მსგავს ობიექტებს მუდმივად აკვირდებიან, რათა ნებისმიერი მოსალოდნელი საშიშროება წინასწარ გათვალონ.
მოვლენისთვის თვალის მიდევნებას აქ შეძლებთ, ხოლო ისინი, ვისაც ტელესკოპი აქვს, ცაში 1994 PC1-ის ადგილმდებარეობას ამ ვებგვერდზე ნახავენ.
უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენს პლანეტასთან უფრო დიდი ზომის ასტეროიდსაც ჩაუვლია. ასეთია 3122 Florence, რომელიც 8.85 კილომეტრი სიგანისაა. ის 2057 წლის სექტემბერში გვეწვევა.
კომენტარები