ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება კიდევ ერთხელ გადაიდო
მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, ბევრი ჩვენგანი 24 დეკემბერს ჩანიშნული ისტორიული მისიისთვის, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვებისთვის თვალყურის სადევნებლად ემზადებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოცდა კიდევ 1 დღეს მოგვიწევს.
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში უმძლავრეს ობსერვატორიას სამყაროს შესასწავლად 25 დეკემბერს გაგზავნიან.
ასევე, იხილეთ: კაცობრიობის ახალი თვალი კოსმოსში — ყველაფერი ჯეიმს ვების ტელესკოპზე
სპეციალისტებმა მსგავსი გადაწყვეტილება საფრანგეთის გვიანაში განლაგებული კოსმოსური ცენტრის მიმდებარედ მოსალოდნელი ქარის გამო მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ასტრონომიული ხელსაწყოს გაშვებას სწორედ იქიდან აპირებენ, ამიტომ ხელის შემშლელი ნებისმიერი ფაქტორის გათვალისწინება, იქნება ეს მეტეოროლოგიური ხასიათის თუ სხვა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
მას შემდეგ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი რაკეტით Ariane 5 ცაში აიჭრება, 1 თვის განმავლობაში დაახლოებით 1.6 მილიონ კილომეტრს დაფარავს. ის ამ პერიოდში ნელ-ნელა გაშლის სარკეებს, მზის პანელებს, საკომუნიკაციო ანტენას და ა.შ. ეს ყველაზე საპასუხისმგებლო და კომპლექსური პროცესია, რადგან თითოეული მანევრი ზედმიწევნით, უშეცდომოდ უნდა შესრულდეს. ამის მიუხედავად, მისიის უკან მდგომი გუნდი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, რადგან მათ ამისთვის ყველაფერი გააკეთეს.
ასევე, იხილეთ: 5 რამ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შესახებ უნდა ვიცოდეთ
შეგახსენებთ, რომ ობსერვატორიაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო, ხოლო მისი გაგზავნის თარიღმა 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე, მრავალჯერ გადაიწია. ახლა კი, 14 წლის შემდეგ, ბევრისთვის სანატრელი მომენტი დადგა, რომელსაც სულ მალე ვიხილავთ.
კომენტარები