ლაბორატორიაში ადამიანის "მინი-ტვინებს" კომპიუტერული თამაში ასწავლეს — ვიდეო
ლაბორატორიაში, პეტრის თეფშზე განთავსებულ ადამიანის ტვინის უჯრედებს Pong-ის თამაში ასწავლეს. აღნიშნული მოვლენა ბიოტექნოლოგიურ სტარტაპ Cortical Labs-ს უკავშირდება, რომლის გუნდმაც "მინი-ტვინები" შექმნა. "მინი-ტვინები" 800 000-დან მილიონამდე ტვინის უჯრედისგან შედგებიან. როგორც New Scientist იუწყება, პეტრის თეფშზე ეს უჯრედები მოთავსებულია მიკროელექტროდების თავზე, რომელიც მათ ნერვულ აქტივობას აანალიზებს.
პეტრის თეფშზე ნეირონულ კავშირებს, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი გუნდი აკვირდება. ხშირად ისინი ასე ტვინის მსგავს ორგანოიდებსაც კი ქმნიან. თუმცა, როგორც Cortical-ის მეცნიერების მიმართულებისა და ამ კონკრეტული კვლევის ხელმძღვანელი, ბრეტ კაგანი ამბობს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მინი-ტვინებმა მიზანზე ორიენტირებულ დავალებას გაართვეს თავი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამისთვის უჯრედები "ვირტუალურ სათამაშო სამყაროში" მოათავსეს და მისი აღქმით, ასე "კიბორგი ტვინები" მიიღეს.
იმისათვის, რომ ამ "მინი-ტვინებისთვის" კომპიუტერული თამაში ესწავლებინათ, პირველ ეტაპზე, Pong-ის მარტივი ვერსია შექმნეს, სადაც მეტოქე არ არსებობს (არავის ეთამაშები). კომპიუტერული თამაშიდან წამოსული სიგნალი იგზავნება თეფშის მარცხნივ, ან მარჯვნივ და მიუთითებს იმაზე, თუ სად მდებარეობს Pong-ის ბურთი მიმდინარე მომენტში, საპასუხოდ, ნეირონები აბრუნებენ სინგალებს თამაშში, რომ Pong-ის ბურთს ჯოხი დაახვედრონ და მის მიმართულებაზე მოახდინონ გავლენა. აღნიშნული პროცესის ამსახველი ვიდეო აქვე შეგიძლიათ ნახოთ:
კაგანის თქმით, მინი-ტვინები კომპიუტერულ თამაშს ხელოვნურ ინტელექტზე კარგად ვერ თამაშობენ, თუმცა, მათ ეს მათ იმაზე სწრაფად ისწავლეს, ვიდრე ზოგმა AI-იმ.
"საოცარი იყო, რამდენად სწრაფად ისწავლა მინი-ტვინმა თამაში. რეალურ დროში, მან ეს ხუთ წუთში მოახერხა. ეს ნამდვილად საოცარი რამეა, რისი გაკეთებაც ბიოლოგიას შეუძლია", — თქვა კაგანმა New Scientist-თან საუბრისას.
Cortical Labs-ის გუნდი იმედოვნებს, რომ ახალ მიგნებებს დახვეწილი ტექნოლოგიის შესაქმნელად გამოიყენებს. უფრო კონკრეტულად, სტარტაპის ვებგვერდზე დაყრდნობით, ისეთი კომპიუტერული ჩიპების შესაქმნელად, სადაც ცოცხალი, ბიოლოგიური ნეირონები ტრადიციულ სილიკონთან იქნება ინტეგრირებული.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები