ისტორიაში პირველად, NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა მზის ატმოსფეროში გაიარა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა ზონდმა Parker Solar Probe მზის ატმოსფეროს ზედა ფენაში, გვირგვინში გაიარა, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია.
"ის, რომ Parker Solar Probe მზეს "შეეხო", მონუმენტური მოვლენა და გასაოცარი წარმატებაა. ეს ამ მნათობის ევოლუციისა და ჩვენს მზის სისტემაზე მისი გავლენის უფრო ღრმად გამოკვლევის, ასევე, სხვა ვარსკვლავებზე მეტის გაგების საშუალებას მოგვცემს", — აღნიშნავენ NASA-ში.
დედამიწისგან განსხვავებით, მზეს მყარი ზედაპირი არ გააჩნია, თუმცა მას ცხელი ატმოსფერო აქვს, რომლის ფარგლებშიც გრავიტაცია და მაგნიტური ველი მატერიას ერთად უყრის თავს. მაღალი წნევა და ტემპერატურა ნივთიერებების ნაწილს მოშორებით უბიძგებს, სადაც ატმოსფეროს საზღვარია განლაგებული. მის მიღმა უკვე მზის ქარს, ანუ დამუხტულ ნაწილაკებს ვაწყდებით.
ამ დრომდე სპეციალისტებისთვის უცნობი იყო, კონკრეტულად სად მდებარეობდა ზემოხსენებული მიჯნა. ახლა კი გაირკვა, რომ ეს უკანასკნელი ობიექტის ზედაპირიდან დაახლოებით 13 მილიონ კილომეტრ მანძილზე გვხვდება და ის NASA-ს ზონდმა წარმატებით გადაკვეთა.
აპარატი მზის გვირგვინში რამდენჯერმე შევიდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აღნიშნული საზღვარი უსწორმასწოროა. 10 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე ჩასვლისას მან უზარმაზარ სტრუქტურაში გაიარა, რომელსაც ფსევდონაკადს უწოდებენ. ის აქამდე მხოლოდ შორიდან გვქონდა შესწავლილი.
ხომალდმა დაადგინა, რომ მზის ქარში არსებული ტეხილისებრი წარმონაქმნები მნათობის ფოტოსფეროში ფორმირდება. ამის შესახებ მეცნიერები გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
Parker Solar Probe მზეს კიდევ არაერთხელ "შეეხება", რასაც ვარსკვლავის აქტიურობის მომატებისას გვირგვინის გაფართოებაც შეუწყობს ხელს.
კომენტარები