"თუ დამაცდით, კარგს იზამთ" — იმეორებდა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი სხდომის დაწყებისთანავე, უფრო სწორედ, იმ მომენტიდან, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ვნახეთ. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა ხდებოდა მანამდე, რადგან პროცესზე დასწრების უფლება ჟურნალისტების აბსოლუტურ უმრავლესობას შეზღუდული გვაქვს. მოსამართლეს მოუწია ადვოკატებისა და პროკურორებისთვის კონსტრუქციულობისა და ურთიერთპატივისცემისკენ მოეწოდებინა, რადგან ისინი პარალელურ რეჟიმში საუბრობდნენ, კამათობდნენ და ყვიროდნენ.

დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავდნენ, რომლის ფარგლებშიც ექსპრეზიდენტს თანამდებობის გამოყენებით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავებიან. საზოგადოებრივი ინტერესი დიდი იყო, როგორც უშუალოდ საქმის, ასევე, ექსპრეზიდენტის მორიგი სიტყვით გამოსვლის მიმართ, შესაბამისად, ყველას აინტერესებდა მისცემდა თუ არა მოსამართლე სააკაშვილს პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლებას.

კორუფციამ მართლა შეჭამა ეს ქვეყანა და დღეს ყველაზე დიდი კორუფციონერები ასამართლებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ანტიკორუფციონერს

მიხეილ სააკაშვილი

"ჩვეულებრივ, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ჩვენ ბრალდებულს ნამდვილად არ ვაძლევთ პოლიტიკური განცხადების გაკეთების საშუალებას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ასე ვერ იქნება გაგებული და გეტყვით რატომ — ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, გადახვევასაც თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს და არ გადახვევასაც თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს.

ახლა ეს გადახვევა რატომ იქნება დაშვებული, როდესაც ბრალდებული პირი აქტიური პოლიტიკური ფიგურაა, როდესაც ის მსჯელობს იმაზე, მისი დაცვის მხარე ყოველ შემთხვევაში, რომ მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან, როდესაც მას წარდგენილი აქვს ბრალდება მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ეს მდგომარეობა გახლავთ მისი პრეზიდენტობის პერიოდი და პრეზიდენტობა გახლავთ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა, ასეთ დროს ბრალდებულს არ მისცე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების საშუალება, ეს ყოვლად დაუშვებელია", — თქვა კოჭლამაზიშვილმა და იქვე დააყოლა, რომ სააკაშვილს ექნება როგორც პოლიტიკური განცხადებების, ასევე, ბრალდების ირგვლივ პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობაც.

ექსპრეზიდენტი ასეც მოიქცა. სიტყვა საათნახევარი გაგრძელდა, თუ არ გავითვალისწინებთ იმ მონაკვეთებს, როცა პროკურორები და ადვოკატები კამათს იწყებდნენ მისი განცხადების შინაარსზე.

სააკაშვილმა ისაუბრა საქმის დეტალებზე, ისევ ახსენა 7 ნოემბერი და 26 მაისი და ისევ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შემთხვევებში პოლიციელები თვითნებურად იქცეოდნენ; თქვა, რას ნანობს და რას არა. ისიც განმარტა, რატომ არ იყო მის პირველ გამოსვლაში "საკმარისი ბოდიში" და დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანიც მოიყვანა მაგალითად.

ექსპრეზიდენტის სიტყვიდან სადავოდ იქცა ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ხსენება და კითხვის დასმა, რატომ არ ასამართლებენ მას. ისიც, რომ საკუთარ შვილის განათლებაში დახარჯული თანხა დანაშაულად არ მიაჩნია, ისევე, როგორც პარტნიორებისა და ქვეყნის სტუმრების გართობასა და საჩუქრებში დახარჯული დიდი თანხა.


რაზე ილაპარაკა სააკაშვილმა პროცესზე

სიტყვით გამოსვლის დასაწყისში ექსპრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს, რომელთა ნაწილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დამსწრეებად იმოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის შერჩევით და განაცხადა, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენაში მედიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ამის შემდეგ სააკაშვილმა გააპროტესტა ის ფაქტი, რომ სასამართლოში ადრე მიიყვანეს და სხდომა დაგვიანებით დაიწყო. მან ხაზი გაუსვა, რომ უაზროდ დასაკარგი დრო არ აქვს და მოუწოდა ყველას, სხვა პროცესები დროულად დაიწყოს.

"მე ვარ უმაღლესი თანამდებობის ერთ-ერთი პირი უკრაინის, მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, მე ვარ რეგიონული პოლიტიკური ლიდერი, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობა და ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის, კომედიებზე 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოყუჩების და კარგად დამწნილების", — განაცხადა მან.

"რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა და სინანული წინა გამოსვლაში"

ექსპრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან საბოდიშო არაფერი აქვს, მაგრამ "საზოგადოებასთან ბევრი აქვს სალაპარაკო". მანვე განაცხადა, რომ როდესაც მისგან მეტ ბოდიშს და სინანულს ითხოვენ, უნდა გაითვალისწინონ, რა მდგომარეობაშია. სწორედ ამ დროს ახსენა დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი და თქვა, რომ მეფეს ეს მაშინ არ დაუწერია, როცა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში იყო. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ თავად ახლა მტრების ტყვეობაშია.

როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ

მიხეილ სააკაშვილი

"თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე და მისი გალობანი სინანულისანი არის პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველი პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიების ერთმანეთთან შეწონვა-აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება და რეფლექსია, ფიქრი იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი.

მაგრამ დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს ტყვეობაში, ის არ მოხვედრილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მეგობრებო, მე ახლა პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის".

სააკაშვილმა თქვა ისიც, რომ მზად არის მოისმინოს ყველას პრეტენზია, ესაუბროს ყველას, ეკამათოს და ეს მისთვის "კათარზისი და განწმენდის" პროცესი იქნება. იქვე კი აღნიშნა, რომ თავად ბოდიშს არავისგან ითხოვს.

"მეგობრებო, ვინც კმაყოფილი ხართ ჩემი წინა გამოსვლით, ვინც ჩემს ბოდიშს გულწრფელად ან არასაკმარისად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება დაშვებული შეცდომების საკმარისია და ვისაც მიაჩნია, რომ ეს საერთოდ არ არის საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, ყველაფერი, მე მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ, მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია. მზად ვარ, ვიკამათო, დაგეთანმხოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით და სადაც მართალი აღმოვჩნდები, დამეთანხმოთ".

სააკაშვილის აზრით, მისგან "მეტი ბოდიში", აღიარება უფრო კეთილსინდისიერი იქნება მაშინ, თუ მის გათავისუფლებას დაელოდებიან.

"ხომ არ ჯობია, რომ თქვენც დამიჭიროთ მხარი და გაბედულად თქვათ, რომ მთელი ეს პროცესი არის ფარსი და ქვეყნის ისტორიული სირცხვილი. ხომ არ ჯობია, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან, ტყვეობიდან ჩემი გამოხსნა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასმართლო, სადაც, აი, ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები და პროკურორები იქნებიან, მე მზად ვარ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მეტი რაღა დავამტკიცო".

სააკაშვილმა თქვა ისიც, რა ჰგონია მისი შეცდომა. მოლოდინები და რეალობა განსხვავებული იყო. პრეზიდენტს არ უსაუბრია გახმაურებულ საქმეებზე და თქვა, რომ მზად არის აღიაროს ხალხთან "დიდი უსამართლობა", როცა რეფორმების დროს ბევრმა მოქალაქემ დაკარგა სამსახური.

"მეგობრებო, მე ვიცი, რომ ბევრი ხართ უკმაყოფილო. ჩვენ ჩავატარეთ ცვლილებები და რეფორმები, რომლებშიც ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და ეს არ იყვნენ კორუმპირებული პოლიციელები, თუ ლექტორები, რომლებიც უნივერსიტეტებში ყიდდნენ ადგილებს, ეს იყვნენ ჩვეულებრივი წესიერი ადამიანები, რომელთა სამსახურები შემცირდა, გადაჯგუფდა, მერე მოხდა ასაკობრივი დისკრიმინაცია, იმიტომ, რომ ბევრი ახალგაზრდა მინისტრი მოვიდა და მათ ახალგაზრდებთან ერჩივნათ მუშაობა. ეს მოხდა მართლა და ახლა ჩემი ასაკის გადმოსახედიდან ეს განსაკუთრებით დიდი უსამართლობაა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აპირებენ ცოცხლად დამმარხონ და 11 წელი ვიყო და მერე კიდე რამე მომისაჯონ, მეც მიმაჩნია, რომ ეს არის დისკრიმინაცია და ეს ხალხი რატომ არის გაბრაზებული ჩემზე მესმის და მე მზად ვარ, შევხვდები, ვაღიარო მათთან"

"რაც შეეხება ამ ხარჯებს"

რაც შეეხება ბრალდებებს გაფლანგვაზე, ექსპრეზიდენტმა პროკურატურის ბრალის დადგენილებიდან რამდენიმე მონაკვეთი წაიკითხა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის კეთდებოდა. მისი თქმით, უნდოდა ქვეყანა ყველგან უმაღლეს დონეზე წარმოეჩინა და "ქართველების ინსტინქტით" ანუ სტუმართმოყვარეობით სარგებლობდა, რასაც მისივე თქმით, "რუსული ინსტინქტის" მქონე მოქმედი ხელისუფლება ვერ გაიგებს.

პირველი ჩემი შესაძლებლობა იყო, შევხვედროდი ობამას და ბაიდენს ერთად, ბაიდენს მანამდე ბევრჯერ შევხვედრივარ. ჩავედი და შევხვდი. აქ აქვთ ხარჯებში, ამ 9 მილიონში. ამისთვის მისჯიან 11 წელს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა ამერიკის პრეზიდენტთან შესახვედრად

მიხეილ სააკაშვილი

ის გამოეხმაურა საბრალდებო დასკვნის იმ ნაწილსაც, სადაც წერია, რომ მსოფლიოს ცნობილ მეთხილამურესთან ერთად ჯერ მყინვარწვერზე ისრიალა და შემდეგ შავ ზღვაში ჩაყვინთა და ასე უპასუხა:

"თქვენ გგონიათ, 80 ათასი ტურისტიდან 8 მილიონამდე თავისით შემოგვესიენ და თავზე დაგვეცენ? თუ გიჟი რომ მიძახეს, რომ ვთქვი, რომ 5 მილიონი ტურისტი გვეყოლებოდა, ახლა ვამბობ, რომ 20 მილიონი გვეყოლება".

"სანდრას რატომ არ ასამართლებენ?"

როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მისმა სიტყვამ სანდრა რულოვსზე. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილ პირველ ლედის უმარავი ხარჯი ჰქონდა, რომელიც სასიკეთო საქმეებს ხმარდებოდა და იკითხა, არის თუ არა ის "კორუფციონერი". მერე ისიც დაამატა, რომ ერთ-ერთ ასამბლეაზე ყოფნისას პირველი ლედი ცუდად გახდა და მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, რომელიც საკმაოდ ძვირი დაჯდა, რაც საბრალდებო ნაწილში შეტანილი არ არის.

"სანდრას უამრავი ხარჯია აქ, ბავშვებზე საჩუქრები, საწოლის ყიდვა ერთ-ერთი ინვალიდი ბავშვისთვის, ბატუტიანი საწოლი არ გეგონოთ, უამრავი სხვა. სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე. იმიტომ, რომ ამ ხარჯების მეოთხედი, მეხუთედი არის სანდრასი. ოღონდ სანამ სანდრას მოედავებით, გაიხსენეთ რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები. სანდრას მეშვეობით ოთხჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით, ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რაღაც აქვს გაკეთებული ჯანდაცვისთვის ციხეში. დაწყებული ტუბერკულოზიდან და ასე შემდეგ. სანდრა არ არის კორუფციონერი?"

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილის, ედუარდის განათლებაში თანხა მიზნობრივად დაიხარჯა, რადგან ის უნივერსიტეტის ყველა დროის საუკეთესო კურსდამთავრებულია. აქვე აღნიშნა ისიც, რომ 2013 წელს 6 მილიონი გადარიცხა პრეზიდენტის ფონდიდან ქართველი სტუდენტების სასწავლებლად და ცდილობდა, განათლება არამხოლოდ მისი შვილისთვის, ყველასთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი.

"მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ედუარდით. ედუარდია ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერთან დაკავშირებულ რაღაც რეკორდით. მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება და სრული პასუხისმგებლობაც ვაცხადებ, არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის [სწავლის] დაფინანსება არ უნდა მოხდეს, მაგრამ ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება", — განაცხადა მან.

ამის შემდეგ პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, რომ როდესაც ეს ხელისუფლება მის ხარჯებზე საუბრობს და კორუფციას ახსენებს, უნდა გაიხსენოს თავად როგორ არის ჩაფლული კორუფციაში. მან მაგალითად მოიყვანა ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ქონება, ასევე, ახსენა მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მეგობარი. სააკაშვილის მტკიცებით, ის სოციალურად დაუცველის შემწეობას იღებდა, თუმცა მალე გამდიდრდა და სათამაშო ბიზნესიდან დიდი წილი მიიღო.

"ვინ მასამართლებს მე, ადამიანს, რომელსაც არაფერი წამიღია საქართველოდან, თითზე გადასახვევიც კი? სასამართლო, რომელიც მოსამართლეების კლანის ხელმძღვანელმა ლევან მურუსიძემ, პანდემიის დროს ეკონომიკა რომ ჩამოგვეშალა, მრავალი ასეული ათასი გადაიხადა ფეშენებლურ სასახლეში და ასევე 102 ათასი დოლარი ავტომობილში. არაფერი არ მოუპარავს ხო? მე პრეზიდენტი ვიყავი და ასეთი არაფერი არ მაქვს".

"რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს"

ბოლო დღეებში ბოტოქსში დახარჯული თანხა ძალიან განხილვადი გახდა. ქართული ოცნების წევრები იმასაც ამბობდნენ, რომ ეს არა პიჯაკების, არამედ ბოტოქსის საქმე უნდა იყოს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ "ლეგენდარული ბოტოქსი აბსოლუტური სიცრუეა".

"გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ და მიიღეთ მათგან დადასტურება, თუ ეს იყო კოსმეტიკური პროცედურა და თუ ეს არ იყო ჩვეულებრივი კანის ნერვების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ ნერვულ ნიადაგზე, როგორც ექიმები ამბობდნენ, ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებიც შეიძლება ნახოთ, როგორ მაქვს დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ და რომელიც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ.".

"პირველად ვამბობ დღეს ამას"

საბრალდებო ნაწილის განხილვისას პრეზიდენტმა რამდენიმე ისეთი ეპიზოდი გაიხსენა, როცა ბიუჯეტის თანხა დახარჯა და განაცხადა, რომ ეს ხარჯები ქვეყანას გამოადგა. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი სიტუაცია იყო მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობდა პატარა ქვეყნების მოსყიდვას, რომ ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებლად ეღიარებინათ.

"ამ სიტუაციაში ჩვენ გვეხმარებოდა ავსტრალიის მთავრობა და მათ გვითხრა, სამიტი იყო და გვითხრა, მანამდე სადმე წაიყვანეთ რამდენიმე მათი პრემიერი და მინისტრი და დაილაპარაკეთ არაფორმალურ სიტუაციაში და ეს იქნება თქვენთვის კარგი. ჩვენ ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ფასიანი საჩუქრები, ძალიან ძვირფასი ვაჩუქეთ თითოეულს, მე ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, ეს ფული მე არ მქონია. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს ფული იმისათვის, რომ არ მომხდარიყო ლეგიტიმაცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის. პრორუსულ მთავრობას ეს არ სიამოვნებს".

დიახ, პირველად ვამბობ მე დღეს ამას. ჩავიყვანეთ, მოვთაფლეთ, ვაჭამეთ, დავალევინეთ, მოვესიყვარულეთ და საჩუქრების ჩავუტანეთ

მიხეილ სააკაშვილი

შემდეგ თქვა ისიც, რომ გაზის ფასი ციდან არ ჩამოვარდნილა და ის გასახდომ პროცედურებზე კი არ დადიოდა, არამედ პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ჰყავდა გასართობად, რაც ქვეყნისთვის კარგი შედეგით დასრულდა.

"ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის ძალიან მაღალი დონის დელეგაცია იყო ჩამოსული და გასართობად წავიყვანეთ, ისევე, როგორც ჩვენი ძირითადი შეთანხმება 2008 წელს ილჰამ ალიევს როცა შევხვდი, გასახდომ პროცედურაზე კი არ ვიყავი წასული, და ილჰამმა რა გაუკეთა ომის დროს საქართველოს ამას როდესმე მოვყვები. ერთი წამი რომ არ გაჩერებულა არც ჩვენი ნავთობის, გაზის და ეროვნული ბანკის მომარაგება.

დიახ, შევხვდი ილჰამ ალიევს, დიახ, ეს ცოდვა ჩავიდინე და ამაზე უნდა მომისაჯონ, თურმე 11 წელი. სპა რეზორტში ვიყავი, პროცედურებსაც ვიტარებდი, სამაგიეროდ საქართველოს არ ჩაუკეტეს საზღვარი და საქართველოს შეუნარჩუნეს გაზის ფასი, ისე კი არა, ახლა არბიტრაჟი რომ წავაგეთ კალაძის კორუფციული გარიგების შედეგად, სირცხვილი!"

"მადლობას არ ვითხოვ"

ექსპრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, რა გააკეთა ქვეყნისთვის და როგორ შეიცვალა სიტუაცია მისი მმართველობის დროს, იქვე ხაზი გაუსვა, რომ ამ ყველაფრისთვის მადლობას არ ითხოვს, მაგრამ უსამართლობას და კორუფციის ხსენებას მის სახელთან ერთად არ შეეგუება.

"არ ვითხოვ მადლობას, სიბნელიდან დენი რომ მოვიყვანეთ და ნავთქურები და გენერატორები დაგვავიწყდა; არ ვითხოვ მადლობას იმისათვის, რომ მათ შორის, ალბათ, ზოგიერთმა მათგანმა [პროკურორმა] ჩვენი სისტემით ჩააბარა და იურიდიულზე 15 ათასს აღარ თხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი, ალბათ, ჩემი სტიპენდიით იყო წასული, როგორც ჩემი მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე, ე.წ. იუსტიციის მინისტრი.

ხომ არ ვითხოვ იმას, მადლობა თქვან, რომ პენსიები ათჯერ გაიზარდა, ხელფასები ათჯერ გაიზარდა, სამუშაო ადგილები ორჯერ გაიზარდა, ხომ არ გთხოვთ მადლობას თუნდაც იმ 200 ახალი კლინიკისთვის, სადაც სამწუხაროდ ექიმებს ძალიან მძიმე პირობები აქვთ სამუშაოდ, დავრწმუნდი ამ დღეებში; მაგრამ უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას მე ვერ მივიღებ, სააკაშვილთან სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ".

"ჩვენ შევქმენით პოლიცია, რომლითაც სამართლიანად ვამაყობდით, მაგრამ შემდეგ მოხდა ნაწილში ის, რაც მოხდა"

ექსპრეზიდენტმა ისაუბრა 7 ნოემბერზე და დარბაზში მყოფ ჟურნალისტს, ინგა გრიგოლიას მიმართა. მან გაიხსენა გრიგოლიას სიტყვები იმის შესახებ, რომ იმედში შეჭრის შემდეგ დიდი სტრესი განიცადა და თქვა, რომ ამას ნანობს, იქვე კი დაამატა, რომ მასაც ჰქონდა მძიმე ტრავმა.

"მეც მქონდა ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მქონდა მაღალი სიცხე ამ პერიოდში, ინტერვიუს რომ ვიძლეოდი და ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრავმისა და განცდებისა, რაც ვიხილე და რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფრის შედეგად ავიღე.

მე მინდა იცოდეს ინგამ, არასოდეს არ მითქვამს — ეს ასე იყო. ინტერვიუს შემდეგ, გვერდზე ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი — ალბათ, მისი ხარჯებიც შეტანილია [ბრალდების] მხარის არგუმენტებში და ალბათ ბოტოქსი ჰქვია იმასაც, მაგრამ, გერმანელი ექიმი მელოდა, რომელიც, შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემ განკურნებას".

პოლიციამ მართლა დაკარგა კონტროლი და მათმა უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, არაფერი განკარგულება არ ყოფილა

მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილმა თქვა, რომ ამაყობს იმ პოლიციით, რომელიც შექმნეს, თუმცა მათ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. კერძოდ, თქვა, რომ 26 მაისის დარბევისას მათ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეს და ხელმძღვანელებს არ ემორჩილებოდნენ. მისივე მტკიცებით, თავად ამ დროს მხოლოდ ის განკარგულება გასცა, რომ ხალხისთვის ჩაკეტილი გზა გაეხსნათ და გასვლის საშუალება მიეცათ.

"მე მინდა ხალხმა იცოდეს 26 მაისზე რა იყო, აგერ არის თემურ ჯანაშია და დაადასტურებს, მოხდა მანქანის დაჯახება პოლიციელზე, თაბუკაშვილზე, ჩაითვალა რომ მკვდარი იყო, რადგან გადაუარა მანქანამ. პოლიციამ მართლა დაკარგა კონტროლი და მათმა უფროსებმა დაკარგეს კონტროლი პოლიციაზე, არაფერი განკარგულება არ ყოფილა. იყო ჩაკეტილი, ერთადერთი რაც იყო ძალიან ცუდი, ორივე მხრიდან ჩაკეტილი ეს მოედანი. თემურიმ დამირეკა, რომ ძალიან ცუდი სიტუაცია არის, პოლიცია არის გავეშებული, უფროსებს არ ემორჩლებიან, რომ თავისიანი მოუკლეს და რა ვქნათო. რა შეგვიძლია ვქნათ, გავუხსნათ პიონერთა სასახლის პარკი, რომ გამოვარიდოთ ყველა და გავიყვანოთ ყველა აქედანო. ვუთხარი, დაუყოვნებლივ ყველა დემონსტრანტი გაიყვანე, გაარიდე, ყველა მიმართულებით გაიქცეს, რისი გაღებაც შეგიძლია, რაც არის შენს განკარგულებაში, ახლავე გააღე. აი, ეს არის ბრძანება რომელიც მე გავეცი 26 მაისს, ერთადერთი".

"კახა მოკლეს ამათ"

სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მოქმედ ხელისუფლებას ბრალი დასდო ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის დევნაში და მისი გარდაცვალებაც ქართულ ოცნებას დააბრალა. მისი მტკიცებით, მმართველი გუნდი ემუქრებოდა ბენდუქიძეს არაადამიანური მოპყრობით.

"შევხვდი ბრიუსელში სიკვდილამდე ორი დღით ადრე. ის ნერვიულობდა, რომ მასზე იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე საკუთარი უნივერსიტეტიდან თანხის გაფლანგვაზე. კახა მოკლეს ამათ. კახა ბენდუქიძის გენიალური ქართული რეფორმატორის, რომელსაც სამ დღეში ნიშნავდნენ უკრაინის ეკონომიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად, ამისთვის ჩავედი, რომ მეთქვა.

მისი სიკვდილი გავიგე, როცა მივედი აეროპორტში, არ პასუხობდა ტელეფონს ერთი დღე, მივედი აეროპორტში და აღარ ჩამოვიდა და მერე ბრიუსელში გავიგე, რომ აღარ იყო. ამათ მოკლეს თავისი ბრალდებებით. თან უგზავნიდნენ იცით რას, რაც მომიყვა კახამ, არაფერს არ ვიგონებ: პატარა საკანში იქნები, დაბანის საშუალება არ გექნება, იქნები ისეთ დიეტაზე რომ კუჭი გაგიხმება, რაღაც საოცრებებს უყვებოდნენ. მე ძალიან კარგად ვიცი, სად იხარშება ეს სიბინძურეები, რომელ შუშის სასახლეში, რომ მიაწოდონ ეს ადამიანებს".

მისი ეს განცხადება პროკურორმა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ბენდუქიძეს არ დევნიდნენ და არც გამოძიება იყო დაწყებული მის წინააღმდეგ.

"დაორგანიზებული წამება"

ექსპრეზიდენტმა ისევ ისაუბრა ციხეში მის მიმართ მოპყრობაზე და განაცხადა, რომ ეს ხელოვნურად იყო დადგმული. მისი თქმით, პატიმრები არამხოლოდ აგინებდნენ, არამედ ემუქრებოდნენ.

"როდესაც გონება დავკარგე და მეორე დილას ძალიან ცუდად ვიყავი, ნუ, გასაგებია როგორც ვიყავი. თვლიდნენ ექიმები, ნუ, როგორც ამასწინათ ერთ-ერთმა მითხრა, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის. დილის 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი", თან როგორ, ე.ი, წინა "შუმოკები" იყო უბრალოდ ჩემი დედის გინება, ხმაური, ახლა იყო "მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართ", დაიწყო კარებმა ბრახუნი, ბადრაგი არსად არ იყო და არცერთი სამედიცინო პერსონალი არსად არ იყო და იყო სრული შთაბეჭდილება, თითქმის ერთი საათი განმავლობაში, რომ ანგრევენ კარებს და შემოდიან. ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად დადგმული, დაორგანიზებული ნაწილი იმ წამებისა, რომელიც იქ ხდებოდა".

"საქართველოს უნდა გაუჩნდეს მომავალი და პერსპექტივა"

პრეზიდენტმა ტრადიციულად ისაუბრა იმაზე, რა პოტენციალი აქვს საქართველოს და როგორ აშენდება ქვეყანა, როცა ქართული ოცნების მმართველობა დასრულდება. მანვე წარადგინა თავისი ხედვები, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა — ისაუბრა ელექტრონული არჩევნების, კოალიციური მთავრობისა და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე. თქვა, რომ ბათუმსა და წალენჯიხაში, ისევე, როგორც სხვა თვითმართველ ქალაქებში უნდა იყოს არჩეული შერიფი და გამოეხმაურა ე.წ. სათამაშო ბიზნესის რეკლამის აკრძალვის ინიციატივასაც. მისი თქმით, მედიას სრულად უნდა აუნაზღაურდეს ის ზარალი, რაც რეკლამის აკრძალვით მიადგება.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაცვლელია, როგორც სასამართლო ისე სახელმწფო უსაფრთხოების სისტემა. მეტიც, სუს-ის ნაცვლად, მან კლუბის გახსნის ინიციატივა გამოთქვა.

"მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაუქმდეს, უბრალოდ, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაედოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს პროკურატურის, ამათ აღარაფერი აღარ გამოასწორებთ, ამათი გამოსწორება ისეთივე შეუძლებელია, როგორც, ძაღლის კუდი არ გასწორდება, როგორც არის ქართული გამოთქმა. მთლიანად უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში, მათ შორის, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, რათა შეიქმნას სტანდარტები"

"აქ ჩამომიყვანა თქვენმა სიყვარულმა"

სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა მოსახლეობას სიყვარულიც აუხსნა და თქვა, რომ მთავარი არა პოლიტიკური შეხედულებები, არამედ ადამიანური ურთიერთობებია.

"ხალხნო ძალიან მიყვარხართ. აქ ჩამომიყვანა თქვენმა სიყვარულმა. ჩემთვის სულერთია, ვინ რა პოლიტიკური შეხედულების ხართ, მართლა, იმიტომ, რომ შეხედულებები იცვლება და მართლა უნდა რჩებოდეს და დარჩება. რამდენიმე თქვენგანი, ვინც ამ დარბაზში ზის, იყო ჩემი მთავარი კრიტიკოსი გუშინ, დღეს არის ჩემი მხარდამჭერი და ხვალ ისევ გახდება კრიტიკოსი, მერე რა".


სააკაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების, კერძოდ 9 მილიონ 24 ათას 667 ლარის გაფლანგვაში. რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 11 წლამდე.

საქმის განხილვა უკვე 6 წელია მიმდინარეობს. როგორც მოსამართლემ განაცხადა, საქმე 70 ტომია, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს დაცვის მტკიცებულებების განხილვა.