გაუტყეურებამ ბრაზილიის ამაზონის ტყეში ბოლო 15 წელში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია
გაუტყეურების — ტყის საფარის შემცირების დონემ ბრაზილიის ამაზონის ტყეებში წელს 21.97%-ს მიაღწია, რაც 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯამში, 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის ივლისამდე 13 235 კმ2 ფართობის ტყე განადგურდა, რაც ბრაზილიის ძალისხმევას ამ ათწლეულში გაუტყეურების პრობლემის აღმოფხვრისთვის ეჭვქვეშ აყენებს.
მონაცემები, რომლებიც ქვეყნის კოსმოსური კვლევის სააგენტომ — INPE-მ გამოაქვეყნა, სატელიტიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება და ცხადყოფს, რომ ამაზონის ტყეში არალეგალური ტყის ჩეხა ისევ გრძელდება. ამ თვის დასაწყისში ბრაზილია სხვა 100 სახელმწიფოს შეუერთდა და ფიცი დადო, რომ 2030 წლისთვის ტყის საფარის შემცირებას საპირისპირო სახეს მისცემდნენ, თუმცა ახალი მონაცემები ბრაზილიაში ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არასაკმარისი პოლიტიკური ნების შესახებ მიანიშნებს.
წლევანდელ გლაზგოს კლიმატის სამიტზე — COP26-ზე ბრაზილიის დელეგაციამ დიდი ძალისხმევა გაიღო დამსწრეების დასარწმუნებლად, რომ ისინი ამაზონის დასაცავად ყველაფერს აკეთებენ. თუმცა, BBC-ისა და Guardian-ის მიხედვით, ბრაზილიის მთავრობამ გაუტყეურების სტატისტიკის შესახებ კონფერენციამდეც იცოდა, მაგრამ ამაზე საუბრისგან კონფერენციამდე თავის შეკავება არჩია, რათა მათი დაპირებების სიმართლეში ეჭვი არავის შეეტანა.
ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრმა ხოაკიმ პერეირა ლეიტმა უახლესი მონაცემების მართებულობა დაამტკიცა და განაცხადა: "ეს რიცხვები ჩვენთვის დიდ გამოწვევად რჩება და ამ დარღვევების მიმართ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ". იქიდან გამომდინარე, რომ ტყის საფარის შემცირება უკვე მეოთხე წელია მატულობს, კონსერვაციონისტების თქმით ასეთი განცხადებები ნელ-ნელა მნიშვნელობას კარგავენ.
მაგალითად, გასულ წელს 10 851 კმ2 ტყე გაიჩეხა — ეს მაჩვენებელი მის წინამორბედ 12 თვეს 7.1%-ით იყო გაზრდილი. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, გაუტყეურება 34.4%-ით გაიზარდა, 2018 წელს კი — 8.5%-ით.
ამაზონის ჯუნგლები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მთავარ საბრძოლო ველს წარმოადგენს, რადგან იგი ატმოსფეროდან ძალიან დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგს შთანთქავს. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკოსისტემის დაკარგვას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს და პარიზის კლიმატის შეთანხმებით მიღებული ტემპერატურული ნამატის 1.5°C-მდე შეზღუდვა შეუძლებელი გახადოს.
მეტიც, გლობალური ფიცი, რომ გაუტყეურებას საპირისპირო სახეს მისცემენ და ტყის დაფარული ტერიტორიებს გააფართოებენ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბრაზილიის ჩართულობის გარეშე შესრულდება.
ბოლო რამდენიმე წელში ბრაზილიის პრეზიდენტმა ჯერ ბოლსონარომ მაღაროელებსა და მიწათმოქმედებს მოუწოდა, ამაზონში თავიანთი აქტივობები გაეზარდათ, რის გამოც მან მთელი მსოფლიოს კრიტიკა დაიმსახურა. ახლა, ქვეყნის მთავრობის თქმით, ისინი მსოფლიოს ყველაზე დიდი ტროპიკული ტყის დაცვას ისახავენ მიზნად, თუმცა მონაცემები ჯერჯერობით საწინააღმდეგოს მეტყველებს.
კომენტარები