კვლევის მიხედვით, ადამიანთა ტვინები დროსთან ერთად პატარავდება
ეჭვები ამის შესახებ დიდი ხანია არსებობს, თუმცა ახლახან საბოლოოდ დადასტურდა, რომ ადამიანთა ტვინები ზომაში მცირდება. კვლევა ჟურნალ Brain, Behavior and Evolution-შია გამოქვეყნებული.
ჯ.მ. სტიბელი, კვლევის ავტორი და ლოს-ანჯელესის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის კოგნიტური ფსიქოლოგი აცხადებს, რომ უკანასკნელი 50 ათასი წლის განმავლობაში ადამიანის ტვინის ზომა მკაფიოდაა შემცირებული, ხოლო თანამედროვე ჰომო საპიენსებში კი დაახლოებით 5 პროცენტით დაპატარავდა.
სტიბელის მიგნებების მიხედვით, სხეულის მიმართ თავის ტვინის ფარდობითი ზომა, იგივე ენცეფალიზაციაც შემცირებულია, რაც ძირითადად ჭარბწონიანობას უნდა უკავშირდებოდეს.
მიუხედავად ამისა, არ გეგონოთ, რომ ეს მაინცდამაინც ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე უნდა აისახოს — ნაშრომში აღნიშნულია, რომ ზოგადი ინტელექტი და საგანმანათლებლო მიღწევები უკანასკნელ საუკუნეში ძირითადად გაზრდილია. შესაძლოა, გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები, როგორიცაა ჯანმრთელობა, განათლება და ტექნოლოგიები იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ტვინის დაპატარავება გონებრივ შესაძლებლობებზე არ აისახა ანდა ის, რომ ტვინის მოცულობა ინტელექტთან ძლიერ კორელაციაში არ არის.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტიბელმა ინტელექტის საზომად ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) გამოიყენა. სტანდარტის საშუალებით წარსულში სოციალურად დაკნინებულ ფენებს სამოქალაქო უფლებებს ართმევდნენ ხოლმე. დიდი, უსუფთაო ისტორიის მქონე საზომს დღეს იმის გამოც ხშირად აკრიტიკებენ, რომ ინტელექტის განსხვავებული ტიპები ერთ, ზედმეტად მარტივ საზომზე დაჰყავს, იგი კოგნიტური ფუნქციონირების შესაფასებლად კვლავაც ეტალონად მიიჩნევა.
მეორეს მხრივ, სტიბელი აღნიშნავს: "მსოფლიოს მრავალ წერტილში ბოლო 30 წლის განმავლობაში IQ-ს მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, ყველაზე დიდი დაქვეითება კი განვითარებული მრეწველობის მქონე სახელმწიფოებში გამოიკვეთა".
ეს იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები ინტელექტის ხანგრძლივად შენარჩუნებასა თუ გაზრდაში ვერ დაგვეხმაროს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მომავალსა და ჩვენივე ევოლუციას მივადევნოთ თვალი.
კომენტარები