1983 წელს დაფიქსირებული ობიექტი შესაძლოა, მზის სისტემის მეცხრე პლანეტა აღმოჩნდეს
წინა საუკუნის 80-იან წლებში მეცნიერებმა იდუმალი ობიექტი დააფიქსირეს, რომელიც შესაძლოა, მზის სისტემის მეცხრე პლანეტა აღმოჩნდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მაიკლ როვან-რობინსონი, ლონდონის იმპერიული კოლეჯის ასტრონომი ავრცელებს, რომელმაც 1983 წელს ინფრაწითელი ასტრონომიული სატელიტით (IRAS) ჩატარებული დაკვირვებები შეისწავლა.
ახალი ნაშრომი სფეროში მოღვაწე სხვა მეცნიერებს ჯერჯერობით არ განუხილავთ. სწორედ აქ როვან-რობინსონი ამტკიცებს, რომ ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული კადრები შესაძლოა, მზის გარშემო მბრუნავ მეცხრე პლანეტას ასახავდეს.
რაოდენ ამაღელვებელიც არ უნდა იყოს ამგვარი შესაძლებლობა, მეცნიერი იმასაც გარკვევით გვაუწყებს, რომ ამის შანსები საკმაოდ მცირეა.
"თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ IRAS-მა კადრები დაბალი ხარისხით დააფიქსირა, კვლევის შეზღუდულ პირობებში, თანაც ცის საკმაოდ რთულ მონაკვეთში იმისათვის, რომ შორ ინფრაწითელ აქტივობებს მიაგნო, კანდიდატის რეალურობის ალბათობა დიდი ნამდვილად არ არის", — დაწერა მან ნაშრომის გამოცემამდე.
"თუმცა, თუ ჰიპოთეზისადმი დიდ ინტერესს გავითვალისწინებთ, ღირს იმის შემოწმება, თუ რამდენად შეუთავსებელია პლანეტარულ ტრაექტორიებთან ნავარაუდევი პარამეტრებისა და ადგილმდებარეობის მქონე ობიექტი", — დაწერა მან.
ჯერ კიდევ 2016 წელს, კალტექის ასტრონომებმა ივარაუდეს, რომ კოიპერის სარტყელში მდებარე უცნაური ქცევის მქონე ობიექტებზე რაღაც მასიური სხეულის ძლიერი გრავიტაცია ახდენდა ზეგავლენას. მათ იფიქრეს, რომ ტრანსნეპტუნურ ობიექტთა (TNO) ამგვარი ქცევა შესაძლოა, დედამიწაზე დაახლოებით 10-ჯერ მძიმე, მეცხრე პლანეტას გამოეწვია.
არსებობს სხვა თეორიებიც, რომელთა მიხედვითაც იგი შესაძლოა, შავი ხვრელია, ზოგიერთი ვარაუდის თანახმად კი — ბევრად პატარა ობიექტების გროვა, თუმცა მეცხრე პლანეტის არსებობა-არარსებობის საკითხი დამატებითმა კვლევებმა უნდა ცხადყოს.
ასევე იხილეთ: მზის სისტემის "მეცხრე პლანეტა", შესაძლოა, პატარა შავი ხვრელი იყოს.
ახლახან როვან-რობინსონმა IRAS-ის მიერ დაფიქსირებული 250 ათასი წყაროდან სამ წერტილოვან წყაროს მიაგნო, ასტრონომის ვარაუდით კი, ეს სამი შესაძლოა, გარდამავალი ობიექტის არსებობაზე მეტყველებდეს.
თუ პლანეტა ნამდვილია, იგი ძალიან შორსაა და მზისგან ბევრ სინათლესაც ვერ იღებს. როვან-რობინსონი ფიქრობს, რომ შესაძლო პლანეტა დედამიწაზე დაახლოებით 3-5-ჯერ მასიურია და 225-ჯერ უფრო შორსაა მზისგან, ვიდრე ჩვენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ნეპტუნი მზის გარშემო დაახლოებით 30 ასტრონომიული ერთეულის დაშორებით ბრუნავს.
მკვლევრის აზრით, შემდგომში ამ სამ ადგილმდებარეობაზე არსებული ინფრაწითელი და ოპტიკური მონაცემები უნდა იქნას შესწავლილი.
მართალია, პლანეტის დამტკიცების ალბათობა მცირეა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მეცხრე პლანეტის ძებნაში ახლა იმაზე წინ მაინც ვართ, ვიდრე ადრე, ამასობაში კი ისღა დაგვრჩენია, სამომავლო კვლევებს დავუცადოთ.
კომენტარები