მზის სისტემის "მეცხრე პლანეტა", შესაძლოა, პატარა შავი ხვრელი იყოს
მეცნიერები უკვე დიდი ხანია რაც მზის სისტემის "მეცხრე პლანეტაზე" მსჯელობენ. იმის გამო, რომ მას ვერ ვხედავთ, ზოგს მისი არსებობისაც არ სჯერა, ხოლო თუ ის არსებობს, პლანეტა მზის სისტემის კიდეში, გაზის გიგანტების მიღმა უნდა იყოს.
თუმცა, ამის პარალელურად, სულ უფრო იზრდება იმ ასტრონომების რიცხვი, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მეცხრე პლანეტა, სულაც არ არის პლანეტა და ის პატარა შავი ხვრელია. ახლა კი, გამოჩნდა რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც მიანიშნებს, რომ ეს ჰიპოთეზა, შეიძლება, სწორი იყოს.
ფაქტია, რომ მზის სისტემის კიდეში ობიექტებზე რაღაცა ზემოქმედებს და სავარაუდოა, რომ მას დედამიწაზე ბევრად დიდი მას აქვს. მეცნიერებს უჭირთ იმის წარმოდგენა, რომ მზისგან ასეთი დიდი დაშორებით, მსგავსი გიგანტური პლანეტა ჩამოყალიბდა.
"ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ "იქ სადღაც" მასიური ობიექტია, თუმცა, მას ვერ ვხედავთ." — ამბობს გაერთიანებული სამეფოს დურჰამის უნივერსიტეტის თეორეტიკოსი, ჯაკუბ შოლცი.
შოლცი ვარაუდობს, რომ ეს ობიექტი შავი ხვრელია, რომელიც სამყაროს საწყის ეტაპზე უნდა გაჩენილიყო.
პლანეტა ცხრა, შესაძლოა, პირველყოფილი შავი ხვრელი იყოს
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ობიექტი დედამიწაზე დაახლოებით ათჯერ უფრო მასიურია. მას ვერ ვხედავთ, მაგრამ თუ ის მართლა შავი ხვრელია, ზომით დაახლოებით გრეიპფრუტის ხელა იქნება. შესაბამისად, მისი დაფიქსირება გაგვიჭირდება.
ამ ეტაპზე, დედამიწასთან უახლოესი შავი ხვრელი (დადასტურებული) სამმაგი ვარსკვლავის სისტემაშია, სახელწოდებით HR 6819. ის დაახლოებით 1000 სინათლის წლით არის დაშორებული და მასით მზეზე ოთხჯერ დიდია.
თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამყაროში ბევრი პატარა პირველყოფილი — დიდი აფეთქების დროს გაჩენილი შავი ხვრელი არსებობს. ახლა კი, შესაძლოა, ასეთი პატარა შავი ხვრელი ჩვენს მზის სისტემასთან იყოს.
შოლცმა და მისმა კოლეგამ ჯეიმს უნვინმა ამაზე სპეციალური ნაშრომიც დაწერეს, რომელშიც აღწერილი აქვთ გრეიპფრუტის ზომის, პატარა, სუპერმძიმე ობიექტის არსებობის ჰიპოთეზა.
თუ ასეთი პატარა პირველყოფილი შავი ხვრელები მართლაც უხვადაა, ეს ბევრი რაღაცის გარკვევაში დაგვეხმარება.
"ასეთი პატარა შავი ხვრელები, შეიძლება, იყოს ის, რასაც ჩვენ ბნელ მატერიას ვეძახით." — ამბობენ მეცნიერები.
მიუხედავად ამისა, ზუსტად ჯერ არ ვიცით, არის თუ არა შავი ხვრელი ჩვენს მზის სისტემასთან. თუმცა, NASA ამის გარკვევას ცდილობს და მომავალში ობიექტის მიმართულებით უპილოტო კოსმოსური ხომალდის გაგზავნაც იგეგმება.
კომენტარები