რა ვიცით ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე
18 ოქტომბერს, თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე 27 წლის ქალი მოკლეს. ცნობილია, რომ მას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავს და მათ შორის ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ქალი საუბრობდა ბერიძის მხრიდან ძალადობაზეც და დაწყებული იყო გამოძიება. ბერიძე შატალოვას ბრალდებებს უარყოფდა, ამ ეტაპზე კი ყოფილი ვიცე-მერი ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
შსს ორი დღის განმავლობაში დუმდა — ვიცოდით მხოლოდ ის, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით იყო დაწყებული. უწყება არაფერს ამბობდა ბრალდებულებზე, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია სამი დაკავებულის შესახებ, რომლებსაც გამოძიება თავდაპირველად სხვადასხვა დანაშაულს ედავებოდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთს განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა ბრალი.
19 ოქტომბრის მიწურულს, შსს-მ დაადასტურა, რომ საქმეზე სამი ადამიანი დააკავა.
რა ვიცით მკვლელობაზე და როგორია გამოძიების ვერსია
არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში სამ წლამდე ასაკის შვილთან ერთად ცხოვრობდა. მკვლელობის ადგილზე მისულ ჟურნალისტებს მეზობლებმა უთხრეს, რომ ქალი სახლში რამდენიმე თვის წინ გადავიდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა გვიან ღამით, პირველის ნახევარზე მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ შატალოვა გაქცევას ცდილობდა და დახმარებას ითხოვდა, მას კი უკან კაცი მისდევდა, რომელმაც რამდენიმე ტყვია ესროლა. ქალი სროლიდან მალევე, ადგილზე გარდაიცვალა. სხვადასხვა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას 7 ტყვია ესროლეს.
შსს-ს ცნობით, შატალოვას ბექა ლატარიამ ესროლა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. უწყება ამბობს, რომ ლატარიამ შემთხვევის ადგილი ბიძინა ხასიას მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დატოვა, რომელსაც მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა. მეორე დაკავებული სწორედ ხასიაა.
შსს ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ლატარია ჩხრეკის დაწყებამდე, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს და მისი პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ხასიას მეგობრის, ლევან რაჯავის ბინა გაჩხრიკეს და აღმოჩნდა, რომ ხასია იქ იმალებოდა.
"[ხასიამ] საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა", — ამბობენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, ხასია მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავეს და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღეს, ხოლო სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ხელყუმბარა გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.
რაც შეეხება ლევან რაჯავს, რომლის სახლშიც იმყოფებოდა ხასია, შსს ამბობს, რომ მან პოლიციას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ხასიას დაკავებაში ხელი შეუშალა, რის გამოც ის დააკავეს, ხოლო პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, 20 ოქტომბერს იმსჯელებს.
რას ამბობენ დაკავებულები
სამი დაკავებულიდან განზრახ მკვლელობისთვის ბრალი მხოლოდ ერთს, ბექა ლატარიას აქვს წარდგენილი. ადვოკატი გიორგი ლაღიძე ამბობს, რომ ის დუმილის უფლებას იყენებს და უვადო შიმშილობა დაიწყო.
ლაღიძის ინფორმაციით, ლატარია 18 ოქტომბერს, ღამით, გლდანში, საკუთარ სახლში დააკავეს და თავდაპირველად ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-მოხმარებას ედავებოდნენ, თუმცა კითხვებს ანასტასია შატალოვას მკვლელობაზე უსვამდნენ. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მას პირდაპირ ეუბნებოდნენ: "შენ მოკალი ეს ადამიანი".
"შეუვარდა 40-მდე სამართალდამცველი, ადგილზე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა მასაც და მის მეუღლესაც. ამის შემდეგ წაიყვანეს პოლიციელებმა. გუშინ, დღის პირველ ნახევარში ჩავერთე ამ საქმეში. მთელი დღის განმავლობაში ვეძებდი ბექა ლატარიას ადგილსამყოფელს, ფაქტობრივად, გადამალული ჰყავდათ ეს ადამიანი. საქმის კურსში ჩავაყენე სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, პროკურატურა და საღამოს ეს ადამიანი აღმოჩნდა დროებითი მოთავსების იზოლატორში. [...] კითხვებს უსვამდნენ ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით: თუ რა შემხებლობა ჰქონდა ამ ადამიანთან, პირდაპირ ეუბნებოდნენ, შენ მოკალი ეს ადამიანიო", — აცხადებს ადვოკატი On.ge-სთან.
მისივე თქმით, ლატარია შატალოვას საერთოდ არ იცნობდა და მის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.
გავრცელდა დაკავებულის ცოლის ინტერვიუც. ის ფორმულასთან ამბობს, რომ სამართალდამცავებმა აჩვენეს ვიდეო, სადაც ქალი ჩანდა და უთხრეს, რომ ის არის მკვლელი.
"ვიდეო მაჩვენეს, ამ გოგოს ხედავო? ეს არის მკვლელიო. გოგო არის მკვლელი და გოგო ჰყავს მოკლულიო და დამიწყეს რტყმა", — ამბობს ის.
მეორე დაკავებული, ბიძინა ხასია ბექა ლატარიას მეგობარია. მას ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის აქვს წარდგენილი. ხასია თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატი, მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ლატარიასთან ერთად დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა და საბურთალოს ტერიტორიაზე მანქანით მიიყვანა, შემდეგ დატოვა, სახლში წამოვიდა და მეგობართან კონტაქტი აღარ ჰქონია. ადვოკატის თქმით, ბრალდებული ვერ იხსენებს ლატარიას მანქანით მიყვანის ზუსტ დროსა და მისამართს.
მისი ინფორმაციით, ხასია განმარტავს, რომ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა არამარტო ლატარიასგან, არამედ ზოგადად ამ მკვლელობის შესახებ და გაუგებარია, რატომ წაუყენეს ბრალი. ადვოკატის თქმით, პოლიცია ბრალდებულისგან აღიარებით ჩვენებას ითხოვდა, რადგან მტკიცებულებები არ აქვს. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ხასიაზე ფიზიკურად იძალადეს.
"წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით, მათი მხრიდან იყო ძალიან უხეში მოპყრობა, ცემას ჰქონდა ადგილი, ის ცდილობდა თავი დაეცვა და ამ მომენტში იყო გარკვეული შეხლა-შემოხლა. ასევე, მან განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან და აშკარად ეტყობა სახეზე, თავზე და კეფის მიდამოებში, რომ არის ნაცემი, აქვს გარკვეული დაზიანებები. ამბობს, რომ როდესაც პრაქტიკულად თავს დაესხნენ, ყელზე მომიჭირეს, ვცდილობდი, გამეთავისუფლებინა თავი და გადავედი აივანზეო. გაქცევა და წინააღმდეგობა არ ყოფილა, რეალურად ვერ გავწევდი წინააღმდეგობას, იმდენი პოლიციელი მოვიდა ადგილზეო. გამოძიება ცდილობდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან მიეღო მისთვის სასურველი ინფორმაცია და ამიტომ მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა", — ამბობს ადვოკატი და დასძენს, რომ ძალადობის გამო მოკვლევა სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყო.
რაც შეეხება ხელყუმბარის შეძენა-შენახვა-ტარებას, ადვოკატის განცხადებით, ხასია ამბობს, რომ ის მისი არ არის.
მესამე დაკავებული ბიძინა ხასიას მეზობელია — ლევან რაჯავი. ადვოკატის, გელა ჩივაძის ინფორმაციით, როცა პოლიცია მივიდა, ხასია მასთან სტუმრად იყო. ის ამბობს, რომ გამოძიების ვერსია რეალობისგან სრულიად განსხვავდება.
"ლევანი ცხოვრობს მეცხრე სართულზე, ხასია — მეხუთეზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჰყვება, კომპიუტერთან ვიჯექი და ფეხბურთის გუნდების ანგარიშს ვამოწმებდი, რა დროსაც ხასიამ დამირეკა, საიტი გამწვანებული გაქვს და ალბათ არ გძინავსო. მითხრა, ამოვალ, დასალევიც თუ გაქვს რამეო. ამოვიდა, მოვიტანე კონიაკი, დავდგი და შემოვარდნენ პოლიციელებიო. ღამის პირველ საათზე შევარდა პოლიცია და პირველი შეკითხვა იყო, სად არის ის კაცი, რატომ ფარავ დანაშაულსო და დაუწყეს ცემა. ნეკნები აქვს დამტვრეული, კისერზე ნაჭდევი აქვს და ნაკაწრი ჭრილობა, ფეხები დასივებული აქვს ცემისგან", — უყვება ადვოკატი On.ge-ს.
მისი ინფორმაციით, ხასიას მსგავსად, რაჯავს თავდაპირველად დანაშაულის დაფარვას ედავებოდნენ, ახლა კი საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების, კერძოდ, ჰეროინის შეძენა-შენახვაზე და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევაზე.
"ბრალი საერთოდ აცდენილია რეალობას. მიკიბეს, მოკიბეს და გავიდნენ ამ ბრალზე, რაც არის აბსურდი. ვერაფერი მოუხერხეს ამ საქმეს და დაგრუზეს ამით", — აცხადებს გელა ჩივაძე.
ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ანასტასია შატალოვას შესახებ არ უკითხავთ და ის არ იცნობდა როგორც მოკლულს, ასევე მკვლელობაში ბრალდებულ ლატარიას.
რას ვიცით ანასტასია შატალოვასა და ზურაბ ბერიძეზე
ზურაბ ბერიძე სხვადასხვა დროს ბათუმის მერის მოადგილის, ბათუმის ვიცე-მერისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.
ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ბერიძის თქმით, მოკლულ ქალთან ბოლო 6 თვის მანძილზე ურთიერთობა არ ჰქონია.
"მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, მე არ მქონია ბოლო 6 თვეზე მეტია ურთიერთობა, საერთოდ არ მქონია. პოლიცია მუშაობს და მოკლედ, მალე გამოვლინდება, ვფიქრობ, დამნაშავე. ვერ გეტყვით რას უკავშირდება, ვერაფერს ვერ გეტყვით", — უთხრა ბერიძემ ჟურნალისტებს.
უკვე საქართველოში იმყოფებიან ანასტასია შატალოვას მშობლები. დედამ რუსთავი 2-ს უთხრა, რომ სურვილი აქვთ, შვილიშვილი მათთან გაიზარდოს. მისივე ინფორმაციით, ქალს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის გარდა კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
ოჯახის ინტერესებს ადვოკატი პაატა შავაძე იცავს. ის იყო ანასტასია შატალოვას ადვოკატი მაშინაც, როცა ის ძალადობის გამო ზურაბ ბერიძეს უჩიოდა. შავაძე On.ge-სთან ამბობს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ქალი პოლიციას დაუკავშირდა და შეატყობინა როგორც მის, ასევე, ბავშვის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, სიცოცხლის მოსპობით მუქარაზე. ადვოკატის თქმით, დაიწყო გამოძიება და ბერიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავების განჩინება გასცა, თუმცა შემდეგ მოსამართლემ მას 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
პაატა შავაძის ინფორმაციით, ამ გამოძიების ფარგლებში, ასევე, იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომელსაც 30-დღიანი ვადა გაუვიდა, რის შემდეგაც დამცავი ორდერის გამოცემის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, რადგან ანასტასია თბილისში ცხოვრობდა. პროცესი გადაიდო, შემდეგ კი ქალი მოკლეს.
ადვოკატი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ბერიძე და შატალოვა ერთად აღარ ცხოვრობდნენ და კაცს მასთან კომუნიკაცია სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში აკრძალული ჰქონდა.
ამ პროცესამდე შატალოვასა და ბერიძეს სასამართლო დავა ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით ჰქონდათ, სადაც ქალის ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი იყო. მისი თქმით, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს ბავშვი წაყვანილი ჰყავდა და ქალისთვის დედობის უფლების ჩამორთმევას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით საქმე მორიგებით დასრულდა და დედას შვილი დაუბრუნეს.
მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდში ერთი შემაკავებელი ორდერი გამოიცა ანასტასია შატალოვაზე. გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ პერიოდულად კაცი შატალოვას წინააღმდეგ სხვადასხვა მიზეზით პოლიციას მიმართავდა.
ბიბილეიშვილის ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი ბერიძის წინააღმდეგაც.
ადვოკატი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვის საკითხზე დავა დასრულდა, ბერიძე და შატალოვა შერიგდნენ და ერთად ცხოვრობდნენ. ლალი ბიბილეიშვილი აღნიშნავს, რომ ქალთან ბოლო კომუნიკაცია მიმდინარე წლის ივნისში ჰქონდა.
ბავშვის დაბრუნებას წინ უძღოდა ანასტასია შატალოვას ინტერვიუ მთავარ არხთან. ერთი წლის წინ, 2020 წლის სექტემბერში ის გადაცემაში სხვა ნანუკა ზურაბ ბერიძესთან ურთიერთობასა და კონფლიქტს ქრონოლოგიურად იხსენებდა. საუბრობდა ძალადობაზე, შანტაჟზე, დაშინებაზე, თვალთვალსა და ზეწოლაზე. შატალოვა ყვებოდა ბავშვთან დაკავშირებულ დავაზე და ამბობდა, რომ ბერიძე შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა. მისი თქმით, ის უსმენდა მის მობილურ ტელეფონსა და მოსასმენი აპარატურა ჰქონდა დამონტაჟებული საცხოვრებელ სახლში. გარდა ამისა, შატალოვა ბერიძის საგამოძიებო უწყებებთან სავარაუდო კავშირებსა და შესაძლო გავლენებზე საუბრობდა.
"ვხვდებოდი, რომ ისმინებოდა ჩემი მობილური ტელეფონი, ასევე მოსასმენი აპარატურით ისმინებოდა ჩემს სახლში ყველაფერი. [...] მუდმივად მამოწმებდა ჩემს საცხოვრებელ სახლში დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ღამეც კი, მას ჰქონდა კონტაქტები როგორც პოლიციასთან, ასევე უფრო მაღალ ორგანოებშიც. ყველაფერს ისმენდნენ, ბავშვის ძიძის მობილურის ჩათვლით. ზურამ თავად აღიარა, რომ ძიძის ტელეფონს უსმენდა, ის არის პოლიციელი და ასეთი ქცევები მას სიამოვნებას ანიჭებდა", — ჰყვება გადაცემაში შატალოვა.
ქალი გადაცემაში იხსენებდა, რომ ბერიძე ბავშვს, რომლის მეურვეობაზეც მოგვიანებით სამართლებრივი დავა მიმდინარეობდა, თავდაპირველად შვილად არ აღიარებდა. შატალოვა გადაცემაში ერთ-ერთ შემთხვევაზე საუბრობდა, როდესაც ბერიძემ მას ბეჭდის მოპარვა დააბრალა. ქალი ამბობდა, რომ ამ ქმედებით ბერიძეს მისი დისკრედიტაცია და დაშინება სურდა. მისივე თქმით, მომხდარიდან რამდენიმე თვეში, 2020 წლის მაისში, კარანტინის დროს ის ბერიძემ ბავშვთან ერთად სახლიდან გააგდო.
"პანდემიის დროს 5 თვის ბავშვი სახლში მყავდა და ღამის ათ საათზე მოდის პოლიცია პირბადის და უსაფრთხოების ნორმის დაცვის გარეშე, იწყებენ სახლის ჩხრეკას, ეძებენ ბეჭედს. მე პოლიციას ვაჩვენე ბეჭედი, რომელიც კარადაში იყო ზურას სხვა ნივთებთან ერთად. პოლიციამ მითხრა, რომ ბრალი მედებოდა ამ ბეჭდის მოპარვაში. მას ყველა მეთოდით უნდოდა ჩემი დაშინება და დისკრედიტაცია, მე კი მითხრა, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ საქართველოდან არ წავსულიყავი და ფიქრობდა, ამ გზით შეძლებდა ჩემს შენარჩუნებას. მე ვერ ვაპატიე ეს შემთხვევა და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა", — ამბობდა ის.
ამავე ინტერვიუში ქალი ამბობს, რომ მას ბერიძე იარაღით დაემუქრა, რის შემდეგაც კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. შატალოვა ჰყვებოდა, რომ ის ბერიძისგან საფრთხეს მუდმივად გრძნობდა.
ქალის თქმით, თავდაპირველად ბერიძემ დაუმალა, რომ ცოლი და ოჯახი ჰყავდა, შემდეგ კი, სწორედ შვილებისთვის გაცნობის საბაბით მისგან ბავშვი მოტყუებით წაიყვანა, რის შემდეგად ქალს შვილის ნახვის საშუალება არ ეძლეოდა. შატალოვას თქმით, მომხდარის შემდეგ ის ბერიძეს პირადი ცხოვრების კადრების მედიაში გავრცელებით დაემუქრა, თუმცა, კადრებს ის რეალურად არ ფლობდა. ქალი განმარტავდა, რომ ეს მან ბერიძის გასაბრაზებლად გამოიყენა, თუმცა, ბერიძემ შანტაჟის მოტივით აღნიშნული მიმოწერის საფუძველზე სამართალდამცავებს შატალოვას მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა.
"მან მოტყუებით წაიყვანა ბავშვი ჩემგან. ერთ დღეს დამირეკა ზურამ და მითხრა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დავშორდით, მინდა, ბავშვი ჩემს შვილებს გავაცნოო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. [...] ის ამბობს, რომ ბავშვი ჩემი არ არის, რომ ვერასდროს ვნახავ შვილს და უნდა დავამტკიცო, რომ მე მისი დედა ვარ, თუმცა, თავიდან მან თავად თქვა უარი ბავშვზე", — აღნიშნავდა შატალოვა.
ზურაბ ბერიძე შატალოვას მიერ სატელევიზიო ეთერში გაჟღერებულ ყველა ბრალდებას უარყოფდა, შემდეგ კი თქვა, რომ გადაცემის წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს ცრუ ინფორმაციის გავრცელების, არასრულწლოვანის უფლებების დარღვევის, ცილისწამების, პატივისა და ღირსების შემლახავი, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩიოდა.
გამოძიება ამ დრომდე არ საუბრობს მოტივებზე და უცნობია, ეძებენ თუ არა სხვა ბრალდებულებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეს იყოს შეკვეთილი მკვლელობა. სავარაუდოა, რომ მეტი დეტალი სასამართლო სხდომებზე გახდება ცნობილი.
კომენტარები