სასამართლომ თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები დროებით შეაჩერა — რა ხდება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მიერ 12 ოქტომბრისთვის ჩანიშნული არჩევნები არ ჩატარდა. ამის მიზეზი სასამართლოს განჩინებაა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2 წლის ვადით არჩეულმა თვითმმართველობამ უფლებამოსილება ფაქტობრივად ერთი წლით გაიხანგრძლივა და არჩევნები ორჯერ, 6-6 თვით გადაავადა. დებულების მიხედვით, მიზანშეწონილობის შემთხვევაში, თვითმმართველობის პრეზიდენტს აქვს უფლება უფლებამოსილება გაიხანგრძილივოს არაუმეტეს 6 თვისა.
როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ამბობენ, ამის გამო თვითმმართველობა არაუფლებამოსილი იყო. მათ გადაწყვიტეს არჩევნების დაორგანიზება და შექმნეს საორგანიზაციო კომიტეტი. ნინია ჯავახიშვილი ჰყვება, რომ კომიტეტში ჩართვის შესაძლებლობა ყველა სტუდენტს ჰქონდა. მისი ინფორმაციით, საბოლოოდ, საორგანიზაციო კომიტეტში 40-მდე სტუდენტი შეიკრიბა და დაიწყეს მუშაობა საარჩევნო დებულებასა თუ სხვა საორგანიზაციო საკითხებზე. ჯავახიშვილი ამბობს, რომ საბოლოოდ, კომიტეტის გადაწყვეტილებით, იურიდიულ ფაკულტეტზე არჩევნები დაინიშნა — 10 ოქტომბერს.
ნინია ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, არჩევნები არაუფლებამოსილმა თვითმართველობებმაც დააანონსეს — 12 ოქტომბერს.
ორი არჩევნების დანიშვნასთან ერთად, დაიწყო მსჯელობა მათი ლეგიტიმაციის საკითხზეც. ნინია ჯავახიშვილი ამბობს, რომ დეკანატმა, ფაკულტეტის საბჭომ და თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის უკლებლივ ყველა ლექტორმა მათ მხარი დაუჭირა და ლეგიტიმურად ცნო 10 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები. მისივე ინფორმაციით, ეს პოზიცია არ გაიზიარა რექტორმა და სტუდენტებს მედიაციისკენ მოუწოდა, უნივერსიტეტის პიარის სამსახურმა გაურკვეველი მიზეზით საიტიდან წაშალა საორგანიზაციო კომიტეტის სხდომის ოქმები.
მედიაცია არ შედგა. 10 ოქტომბერს სტუდენტების საორგანიზაციო კომიტეტმა არჩევნები მაინც ჩაატარა.
"სტუდენტური თვითმმართველობის წყარომ — სტუდენტებმა საკუთარი ინიციატივით ჩაატარეს 10 ოქტომბრის არჩევნები და ამას სათანადო შედეგიც მოჰყვა, ელექტრონული ფორმატით ჩატარებულ არჩევნებში დაფიქსირდა უპრეცედენტო აქტიურობა. იურიდიული ფაკულტეტის 1 000-ზე მეტმა სტუდენტმა დააფიქსირა საკუთარი ხმა და აირჩია მათი წარმომადგენელი იურიდიულ ფაკულტეტზე", — აცხადებს იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი, უტა ხარბედია.
თუმცა გადაიდო 12 ოქტომბრის, თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული არჩევნები. ამის მიზეზი სტუდენტების სარჩელი გახდა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო და უნივერსიტეტს დაავალა, 12 ოქტომბერს ჩანიშნული არჩევნები ამ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე არ ჩატარდეს.
"შეჩერებულია 12 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები და თსუ-ს როგორც იურიდიულ, ისე ყველა სხვა ფაკულტეტის არაუფლებამოსილ თვითმმართველობებს ეკრძალებათ არჩევნების ჩატარება, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ოფიციალურად არ ცნობს არსებულ თვითმმართველობებს არაუფლებამოსილად", — ამბობს ნინია ჯავახიშვილი.
იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, თამარ ზარანდიას თქმით, სტუდენტების მხრიდან არჩევნების ამ გზით ჩატარების მიზეზი იყო ის, რომ იმ პირობებში სწორედ ეს იყო ერთადერთი ლეგიტიმური გზა, ვინაიდან არსებულ თვითმმართველობას არ გააჩნდა უფლებამოსილება.
"იურიდიულ ფაკულტეტს ჰყავს მართლაც ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით, ძალიან სამართლიანი, გამჭვირვალე პროცესით არჩეული დელეგატები. ეს გზა სტუდენტებმა აირჩიეს სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი ლეგიტიმური გზა იმ პირობებში, როდესაც არსებულ თვითმმართველობას არ ჰქონდა უფლებამოსილება. რაც შეეხება სხვა ფაკულტეტებს, ახლა მნიშვნელოვანია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება როგორი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია მართლაც მოინახოს ასეთი გადაწყვეტა, რომელიც უნივერსიტეტის ორგანიზაციულ მართვასაც და ნორმალურ ფუნქციონირებას არ შეუშლის ხელს", — ამბობს ის.
სასამართლოს განჩინებამ უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე გაბაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას "უსამართლოსა და განათლების კანონთან წინააღმდეგობაში მყოფს" უწოდებს.
ამასთან, Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სტუდენტური თვითმმართველობა 10 ოქტომბრის არჩევნებს იურიდიული ფაკულტეტის დეკანატის მიერ ორგანიზებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს რამდენიმე ადამიანის კერძო ინტერესებს ემსახურება. თვითმმართველობის მტკიცებით, ამ არჩევნებით უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 45-ე მუხლი დაირღვა, რომლის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას არ აქვს უფლება ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
თვითმმართველობა იურიდიულ ფაკულტეტზე მათი წევრების დევნაზე და დეკანატთან უთანხმოებაზეც საუბრობს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იურიდიული ფაკულტეტის რამდენიმე ლექტორზე, რომლებიც, მათი თქმით, ცდილობენ ჩაერიონ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობასა და არჩევნებში.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში იურიდიულ ფაკულტეტზე ინტენსიურად მიმდინარეობს სტუდენტური თვითმმართველობის წევრი სტუდენტების შევიწროება და დევნა. ყოველივე ამის საფუძველი იყო უთანხმოება ამავე ფაკულტეტის დეკანატსა და ფაკულტეტის წევრ სტუდენტებს შორის. ფაკულტეტის ადმინისტრაციას სურდა მაგისტრანტების ადგილების შემცირება, რომელიც გააპროტესტეს ჩვენმა წარმომადგენლებმა ფაკულტეტის საბჭოში. განსხვავებული აზრების მიუღებლობა გახდა დეკანატის მხრიდან მტრული დამოკიდებულების მიზეზი ჩვენს მიმართ", — აცხადებს ალექსანდრე გაბაშვილი, თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
რაც შეეხება უფლებამოსილების გახანგრძლივებას, გაბაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა 6 თვით გადადების გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო. მეორე გადავადებას ის უკვე კომენდანტის საათს უკავშირებს და ამბობს, რომ მაისში არ მუშაობდა არც ტრანსპორტი.
საინტერესოა გაბაშვილის განმარტება კანონთან შესაბამისობასთან დაკავშირებითაც — ის ამბობს, რომ პირველი გადავადების გადაწყვეტილება თვითმმართველობის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიიღო, რის შემდეგაც მან ეს პოზიცია დატოვა, ხოლო მეორედ თავად, ალექსანდრე გაბაშვილმა გადაავადა.
იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თამარ ზარანდია On.ge-სთან განმარტავს, დებულებაში არაუმეტეს 6-თვიანი გადავადების ნაწილი არის ერთგვარი ჩამკეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობას შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე უფლებამოსილების გახანგრძლივება მხოლოდ ერთხელ შეეძლო.
"მას მერე, რაც გავიდა ძირითადი 2-წლიანი ვადა, შესაბამისი დასაბუთების არსებობისას გაგრძელების უფლებამოსილება იყო დებულებით გათვალისწინებული, თუმცა თვითონ დებულებაში წერია, რომ ეს არის არაუმეტეს 6 თვისა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ჩამკეტი და 6 თვის შემდეგ გაგრძელების უფლებამოსილება არ არსებობს. ესაა მოცემულობა", — ამბობს თამარ ზარანდია.
თამარ ზარანდია აღნიშნავს, რომ გადავადებით თვითმმართველობამ სტუდენტების უფლებები შელახა.
"ვადა არის 2-წლიანი სწორედ იმიტომ, რომ ბაკალავრი არის 4-წლიანი, მაგისტრატურა კი 2-წლიანი და სტუდენტებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა არჩეულ იქნას თვითმმართველობაში და თავადაც აირჩიოს საკუთარი წარმომადგენელი, ამ გაგრძელებით თვითმმართველობამ სტუდენტების უფლება შელახა", — ამბობს დეკანი.
აღსანიშნავია, რომ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა თვითმმართველობის არჩევნების შესახებ 27 სექტემბერს მიმართვაც გაავრცელა, სადაც მოქმედი თვითმმართველობის არალეგიტიმურობას გაუსვა ხაზი.
"2020-2021 სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ვითარება, რაც ამ დრომდე დაწესებულებას არ გამოუცდია. კერძოდ, სტუდენტური თვითმმართველობის მე-7 მოწვევის უფლებამოსილების ძირითადი 2-წლიანი და დამატებითი 6-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2021 წლის მაის-ივნისიდან მოყოლებული აღნიშნული წარმომადგენლობითი ორგანო, იურიდიული საფუძვლის არქონის მიუხედავად, კვლავ ლეგიტიმურად მიიჩნევს თავს.
უფლებამოსილების ერთგვარი მითვისება, ფაკულტეტების საბჭოების მუშაობისთვის, ასევე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებისა და მისი შემდგომი ლეგიტიმაციისათვის გარკვეული სამართლებრივი რისკების შექმნა და რაც ძალზე საყურადღებოა, სტუდენტებისთვის შესაძლებლობის წართმევა, აირჩიონ მათი წარმომადგენლები ან არჩეულ იყვნენ ასეთად, მიუღებელია და მოითხოვს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის რეაგირებას", — აღნიშნულია მიმართვაში.
მე-7 მოწვევის თვითმმართველობა სტუდენტებმა 2018 წლის 16 ნოემბერს, 2 წლის ვადით აირჩიეს.
კომენტარები