ბრიტანეთში აზიური ფაროსანა დაფიქსირდა — სავარაუდოდ, მავნებლის გავრცელება გლობალურმა დათბობამ გაამწვავა
ფაროსანი ბაღლინჯო, რომელმაც მასობრივი თავდასხმებით გაითქვა სახელი და მოსავლის გაფუჭებაშიც ხშირად, საფუძვლიანად ედება ხოლმე ბრალი, ბრიტანეთში, სარის საგრაფოში, სამეთვალყურეო კვლევის ფარგლებში დაამწყვდიეს. როგორც დოქტორმა გლენ პაუელმა, RHS Garden Wisley-ის მცენარეთა ჯანმრთელობის ხელმძღვანელმა განაცხადა, შესაძლოა, ფაროსანა ათ წელიწადში ჩვეულებრივი ამბავი გახდეს გაერთიანებული სამეფოს სახლებსა თუ ბაღებში.
"მათი შემოჭრა უცაბედი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მისი თანდათანობითი გავრცელება გლობალურმა დათბობამ გაამწვავა", — განაცხადა დოქტორმა გლენ პაუელმა.
ყავისფერი მარმარილოსებრი ფაროსანი ბაღლინჯო აზიის მკვიდრია, თუმცა ევროპისა და ამერიკის ტერიტორიებზე გავრცელდა და აქაური ხილის განადგურებაც საკუთარ თავზე აიღო. მან ქართველ ფერმერებსაც დიდი პრობლემა შეუქმნა გასული წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი თხილის მოსავლის განადგურებაზე იყო პასუხისმგებელი.
ბრიტანეთში ეს ერთი ფაროსანა RHS Garden Wisley-ის ბაღში დაიჭირეს ამ ზაფხულს. ამისათვის მას ფერომონული ხაფანგი დაუგეს და რამდენიმე კვირაში შედეგმაც არ დააყოვნა. სავარაუდოდ, ზრდასრული ბაღლინჯო იმპორტირებულ საქონელს გადმოჰყვა ანდა ჯერაც აღმოუჩენელი ადგილობრივი პოპულაციის ნაწილი გახლდათ.
ზუსტად არაა ცნობილი, ფაროსნები სხვისი თვალისგან შეუმჩნევლად ცხოვრობენ ინგლისის ტერიტორიებზე თუ მხოლოდ მისი იშვიათი სტუმრები არიან იმპორტირებული საქონლიდან (ანუ დიდ ხანსაც არ ცოცხლობენ აქ). აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ არანაირი კვერცხი თუ განუვითარებელი ბაღლინჯო, რომელიც დაადასტურებდა, რომ ფაროსანებმა აქაც დაიწყეს გამრავლება და ბინის მოწყობა.
ფერომონულ ხაფანგთა (ამით პარაზიტს ბუნებრივი ნივთიერების საშუალებით იჭერენ) დაგებამდე, ბაღლინჯოს აქამდე მხოლოდ ორჯერ წააწყდნენ — ესექსსა და ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმის ცოცხალ ბაღში.
გარემოსდაცვით სამსახურ Defra-ზე დაყრდნობით, გაერთიანებულ სამეფოში ფაროსანი ბაღლინჯო სულ რამდენიმე სიტუაციაში დააფიქსირეს — მგზავრის ბარგში, რომელიც აშშ-დან ჩამოფრინდა, იმპორტირებულ სამოსსა და ხის ნაწარმში (კვლავაც აშშ-დან) და ჩინეთიდან შემოტანილ ქვაში.
Wisley-ში განთავსებული ხაფანგი ეროვნული სამეთვალყურეო პროექტის ნაწილია, რომელსაც მცენარეთა საკვლევი კომპანია, NIAB EMR-ი წაუძღვა. პროექტი Defra-მ დააფინანსა.
"ყავისფერი მარმარილოსებრი ფაროსანი ბაღლინჯო საკვების მწარმოებელი სისტემებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს გაერთიანებულ სამეფოში, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პარაზიტის გავრცელების მკაცრი მონიტორინგი განვაგრძოთ", — განაცხადა დოქტორ მიშელ ფაუნტაინმა, NIAB EMR-ის მავნებელთა და პათოგენთა ეკოლოგიის ხელმძღვანელმა.
დიდ ბრიტანეთში ფაროსან ბაღლინჯოთა 40-ზე მეტი სახეობა არსებობს. მათი უმეტესი ნაწილი მცენარეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მავნებლადაც არაა მიჩნეული.
ყავისფერ მარმარილოსებრ ფაროსან ბაღლინჯოებს თავისებური, მართკუთხა ფორმის თავები აქვთ, შიშის დროს კი უსიამოვნო სუნს გამოყოფენ ("ცუანა ჭიაც" სწორედ ამიტომ შევარქვით).
შეერთებულ შტატებში სახეობა საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. მათ ფერმებისათვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლიათ — ანადგურებენ ხილს, დეკორატიულს მცენარეებს, ბოსტნეულსა და არაერთ სხვა მცენარეს.
შემოჭრილი სახეობები გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკას წლიურად დაახლოებით 1,8 მილიარდი ფუნტი სტერლინით აზარალებს. მათ შეუძლიათ, სხვა მცენარეებისა და ცხოველების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან.
"ყავისფერი მარმარილოსებრი ფაროსანი ბაღლინჯო ჩვენი მოსავლისათვის მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა სხვა პარაზიტებსა და დაავადებებთან ერთად, მის მეთვალყურეობასაც საკმაოდ სერიოზულად მივუდგებით", — განაცხადა Defra-ის წარმომადგენელმა.
კომენტარები