ამ მუმიის აღმოჩენის შემდეგ ისტორიის წიგნების ახლიდან დაწერა მოგვიწევს — რატომ
ახალი მტკიცებულების მიხედვით, ეგვიპტელები მკვდრებს მუმიფიცირებას იმაზე 1 000 წლით ადრე უკეთებდნენ, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ეს მთელი ისტორიის წიგნების თავიდან გადაწერას ხდის საჭიროს.
დიდგვაროვნის, სახელად ქუვის მუმიფიცირებული სხეული, რომელიც 2019 წელს აღმოაჩინეს, იმაზე ბევრად ძველი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ეგონათ. მეტიც, იგი ერთ-ერთი უძველესი ეგვიპტური მუმიაა, რაც ოდესმე უნახავთ. მუმია ძველი სამეფოს (ძვ. წ. 2780–2280 წლები) პერიოდით თარიღდება, რაც ადასტურებს, რომ მუმიფიცირების ტექნიკა 4 000 წლის წინ უკვე საკმაოდ დახვეწილი იყო.
სხეულის მუმიფიკაციის პროცესისა და გამოყენებული მასალების, მათ შორის მაღალი ხარისხის ფისისა და გამორჩეულად კარგად დამზადებული ტანსაცმლის ასეთი დახვეწილობისთვის, ისტორიკოსების აზრით, ამ პერიოდიდან მხოლოდ 1 000 წლით გვიან უნდა მიეღწიათ.
"თუ ეს მართლაც ძველი სამეფოს მუმიაა, მაშინ ამ პერიოდსა და მუმიფიკაციაზე დაწერილი ყველა წიგნის გადახედვა არის საჭირო", — განუცხადა Observer-ს ეგვიპტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში და მუმიფიკაციის ისტორიის მთავარმა ექსპერტმა, პროფესორმა სალიმა იკრამ.
"ეს სრულიად შეცვლის ჩვენს წარმოდგენას მუმიფიკაციის ევოლუციის შესახებ. გამოყენებული მასალები, მათი წარმომავლობა და სავაჭრო გზები, რომლებიც ამ მასალების ტრანსპორტირებასთანაა დაკავშირებული, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ გვესმის ძველი სამეფოს ისტორია", — დასძინა მან.
"აქამდე ვფიქრობდით, რომ ძველ სამეფოში მუმიფიკაცია შედარებით მარტივად ხდებოდა — ჩვეულებრივი გაშრობის გზით, ტვინის მოცილების გარეშე და იშვიათად შინაგანი ორგანოების მოცილებით. ჩვენი ამჟამინდელი გაგებით მაშინ უფრო დიდი ყურადღება ექცეოდა გვამის გარეგნობას, ვიდრე მის ინტერიერს. ასევე, აღწერებს თუ დავუჯერებთ, ფისის გამოყენება ძველი სამეფოს მუმიებში ბევრად შეზღუდული იყო, ეს მუმია კი ფისით და ქსოვილებითაა სავსე, რაც სრულიად განსხვავებულ წარმოდგენას გვიქმნის იმ პერიოდის მუმიფიკაციის შესახებ. მეტიც, იგი 1000 წლით გვიან დათარიღებულ მუმიებს უფრო ჰგავს".
ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვან აღმოჩენებს შორის, რომლებსაც 7 ნოემბრიდან National Geographic-ის დოკუმენტურ სერიებში — ეგვიპტის დაკარგულ საგანძურებში ვიხილავთ. სერიებს Windfall Films უშვებს, კამერები კი საერთაშორისო არქეოლოგებს ეგვიპტეში გათხრების სეზონის დროს დაჰყვებიან. მუმიფიკაციის აღმოჩენას მეოთხე ეპიზოდში —მუმიების აღზევებაში 28 ნოემბერს ვიხილავთ.
მუმიის აღმოჩენა საქარას ნეკროპოლისის მდიდრულ სამარხში National Geographic-ის ერთ-ერთ წინა სეზონში გადაიღეს, მისი დათარიღება, გამოძიება და ანალიზი კი ახალ სერიებში ჩნდება. იეროგლიფების მიხედვით, სამარხი ქუვის ეკუთვნოდა, სამეფო ოჯახის ნათესავს რომელიც დაახლოებით 4 000 წლის წინ ცხოვრობდა.
უძველესი მებალზამეები სხეულს ხის წვენიდან მიღებულ ძვირ ფისში ავლებდნენ, რაც სხეულს იქამდე ინახავდა, სანამ ისინი გვამს შეახვევდნენ. ქუვის მუმია მაღალი ხარისხის ფისითაა გაჟღენთილი და ასევე მაღალი ხარისხის სახვევებშია შეხვეული.
"ასეთი ხარისხის ქსოვილი მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი, 21-ე დინასტიის სამარხებში", — ამბობს იკრამი. ეგვიპტელი ფარაონების 21-ე დინასტია ქუვის ცხოვრების პერიოდიდან 1 000 წლის შემდეგ მართავდა ეგვიპტეს.
კომენტარები