YouTube-მა ცოტა ხნის წინ ახალი წესები გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც "ვაქცინებთან დაკავშირებული დამაზიანებელი კონტენტი" სრულად წაიშლება. YouTube-მა ამის შესახებ თავისი ბლოგიდან გვამცნო. მათი თქმით, წესები ძალაში მომენტალურად შევა, თუმცა ვიდეოების გამოვლენასა და წაშლას გარკვეული დრო დასჭირდება.

გასული წლიდან მოყოლებული, COVID 19-ის შემთხვევების ზრდასთან ერთად, კომპანია აქტიურად მუშაობდა ექსპერტებთან ერთად, რათა თავისი პლატფორმიდან ვირუსსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია გაექრო, ახლა კი ისინი ვაქცინებთან დაკავშირებულ ცრუ ინფორმაციასაც დაუპირისპირდებიან. COVID 19-ის ვაქცინები სწრაფად შეიქმნა და მათთან დაკავშირებით უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება. YouTube-ის თქმით, მათ უკვე წაშალეს ასეთი 130 000 ვიდეო.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა შენიშნა, რომ კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებიდან ნელ-ნელა ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიამდე მივედით. პლატფორმაზე აქტიურად ჩნდებოდა ვიდეოები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ყველანაირი ვაქცინა სახიფათოა. ეს იყო მიზეზი, რამაც YouTube-ს თავისი წესების გამკაცრებისკენ უბიძგა.

ისეთი ვიდეოები, სადაც ადამიანები ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ ვაქცინები იწვევს აუტიზმს, კიბოს ან უნაყოფობას სრულად წაიშლება. თუმცა, ვიდეოები, რომლებშიც ვაქცინათა წარუმატებლობა, ახალი ვაქცინების ტესტირების პროცესები ან ვაქცინათა ნებაყოფლობითობა ან სავალდებულოობაა განხილული, პლატფორმაზე ისევ დარჩება.

YouTube-ის ახალი წესები ეხება ყველა ვაქცინას, რომელიც ავტორიზებულია და დამტკიცებულია WHO-ს მიერ. აქ საუბარი არ არის მხოლოდ კორონავირუსის ვაქცინებზე, არამედ ყველა იმ ვაქცინაზე, რომელიც ადამიანს დღემდე შეუქმნია.

YouTube-ის თქმით, მათი ახალი წესები მომართულია იმისკენ, რომ პლატფორმაზე განთავსებული იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სწორი ინფორმაცია. მათი თქმით, ახალი წესები დაეხმარება იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ხარისხიანი და რაც მთავარია, ზუსტი კონტენტი აქვთ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. YouTube თვლის, რომ პლატფორმიდან ყველანაირი დეზინფორმაციის გაქრობა შეუძლებელია, თუმცა ისეთი ანტივაქსერული არხები, რომლებსაც ბევრი მაყურებელი ყავდათ, უკვე წაშლილია.