ნიუ-იორკში ვირთხის შარდით გადამდები ახალი დაავადება გავრცელდა
იშვიათი ბაქტერიული დაავადება, რომელიც ვირთხის შარდიდან ვრცელდება, ქალაქ ნიუ-იორკს მოედო. ამჟამად უკვე 15 ადამიანია დაავადებული, რომელთაგან 13 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი დაიღუპა.
ლეპტოსპიროზს ან ყველაზე მძიმე ფორმით, ვეილის დაავადებას, კორპსაძრობის ფორმის ბაქტერია იწვევს. იგი ადამიანის ორგანიზმში ისეთი ცხოველების დაინფიცირებული შარდიდან ხვდება, როგორებიც არიან საქონელი, ღორი და ძაღლი, თუმცა, ამ შემთხვევაში დაავადების გავრცელების წყაროს ვირთხები წარმოადგენენ. ინფექციების უდიდესი ნაწილი ამ მღრღნელების შარდთან ადამიანის პირდაპირი კონტაქტის შედეგად ვითარდება, თუმცა დაინფიცირება, შესაძლოა, დაბინძურებულ ნიადაგთან ან მტკნარ წყალთან შეხებამაც გამოიწვიოს.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, მსოფლიოში ყოველწლიურად ამ ინფექციით 1 მილიონი ადამიანი ავადდება და მათგან 59 000 კვდება. აშშ-ში შემთხვევები შედარებით იშვიათია, ნიუ-იორკში კი კიდევ უფრო იშვიათი — 2006-დან 2020 წლის ჩათვლით ქალაქში ლეპტოსპიროზის მხოლოდ 57 შემთხვევა დაფიქსირდა, ამ წელს კი აქ დაავადების უკვე იმაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ვიდრე ნებისმიერ სხვა წელს. ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ნიუ-იორკის ყველა საქალაქო რაიონში სტეიტენ აილენდის გარდა.
შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოიცავს გრიპისმაგვარ სიმპტომებს: ციებ-ცხელება და კუნთებისა და თავის ტკივილი. ზოგიერთ დაინფიცირებულს შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს სიმპტომი, სხვებს კი შეიძლება ახასიათებდეთ გულისრევა, დიარეა და სიყვითლე. ლეპტოსპიროზით დაინფიცირებულთა მხოლოდ 10% ავადდება მძიმედ — მათ უზიანდებათ თირკმელები, ღვიძლი, უვითარდებათ მენინგიტი, სუნთქვის უკმარისობა ან/და სისხლდენა. საბედნიეროდ, დაავადების მკურნალობა ანტიბიოტიკებითაა შესაძლებელი.
სექტემბერში, ლეპტოსპიროზის მე-14 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა საჯარო კონსულტაციები გასცა დაინფიცირების თავიდან აცილების შესახებ. მას შემდეგ დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. მათ უდიდეს ნაწილს აღენიშნებოდა თირკმელებისა და ღვიძლის მკვეთრი დაზიანება, ორ მათგანს კი ფილტვებზეც შეექმნა პრობლემა. დაინფიცირებულების უმეტესობას ისეთ ადგილებთან ჰქონდათ შეხება, სადაც ვირთხების შემოჭრა იყო დაფიქსირებული. ჯანდაცვის წარმომადგენლები შემთხვევებს იკვლევენ და მღრღნელებთან გამკლავებას ცდილობენ.
ურბანული ლეგენდის თანახმად, ნიუ-იორკში იმდენივე ვირთხა ცხოვრობს, რამდენიც ადამიანი, თუმცა ზუსტი მონაცემები არ არსებობს. 2021 წელს ვირთხების რაოდენობა ქალაქში წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით კიდევ გაიზარდა, მაგრამ ეს შეიძლება ადამიანების პანდემიის შემდგომ საქმიანობაზე უფრო მეტს მეტყველებდეს, ვიდრე თვითონ ვირთხების სიმრავლეზე.
ჯანდაცვის დეპარტამენტი მოსახლეობას ურჩევს, თავიდან აიცილონ კონტაქტი ვირთხებთან და მათ სამყოფელ ადგილებთან. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ადამიანებმა უნდა დაასუფთაონ ის ტერიტორია, სადაც ვირთხები შეიძლება ყოფილიყვნენ, ატარონ რეზინის ხელთათმანები და ხშირად დაიბანონ ხელები.
კომენტარები