წუთები, რომლებიც სულ შენთანაა — ნახეთ ქართულ სადღესასწაულო ტრადიციებზე გადაღებული ემოციური ვიდეო
საყვარელი ადამიანები, მყუდროების დამრღვევი ცეცხლის ტკაცატკუცი, მადის აღმძვრელი სუნი და ტაფაზე გოზინაყისთვის დასხმული თაფლივით ჩაღვრილი სითბო გულში. როგორია თქვენი სადღესასწაულო წუთები?
მთავარია, ნამდვილი იყოს. თიბისიმ სწორედ ნამდვილი ახალი წლის და იმ ბედნიერი მომენტების კადრებზე აღბეჭდვა სცადა, რომლებიც სულ შენთანაა. ამ იდეით შექმნილმა ორწუთიანმა ვიდეომ უკვე ბევრ მნახველში გამოიწვია ნოსტალგიური და თბილი ემოცია.
"გვინდოდა, ისეთი ვიდეო შეგვექმნა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და მის სხვადასხვა კუთხეში მომხდარ ნამდვილ საახალწლო და ზამთრის ამბებს გააერთიანებდა", — ამბობს თიბისის ბრენდის ლიდერი, ბეკი ფანცხავა, — "გვეჩვენებინა, თუ რამდენად საინტერესო და საყვარელი არის ზამთარი და ახალი წელი ოჯახებსა და სამეგობროებში".
საინტერესოა ის, რომ ვიდეო 8მმ-იანი ფირის კამერითაა გადაღებული, რაც მისი ყურებისას შინაურულ განწყობას ქმნის და თავს იმ წუთების ნაწილად გაგრძნობინებს.
როგორც ბეკი აღნიშნავს, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებისთვის მოეყარათ თავი, ამიტომ, საბოლოოდ, ვიდეოსთვის სამი განსხვავებული რეგიონი — სამეგრელო, სვანეთი და იმერეთი — შეირჩა. ამ ადგილებში კი იპოვეს ნამდვილი ადამიანები — ისინი, ვინც სადღესასწაულო ტრადიციების სულს აცოცხლებენ.
"მნიშვნელოვანია, რომ დღესასწაული აქ მხოლოდ ახალი წელი არ არის, ეს არის ზამთრის მოსვლა და ის ემოციები, რომლებიც ამ პერიოდში ადამიანებს აკავშირებს", — ჰყვება ბეკი.
ემოციებით დაკავშირებულ ადამიანებთან გადამღებმა ჯგუფმა სამი დღე გაატარა და მათ ყოველდღიურობაში გაერია. ნამდვილი, და არა გამოგონილი, ამბების ვიდეოთი მოსაყოლად კი ოჯახები და მეგობრები გაერთიანდნენ: სვანეთში უშგულში მცხოვრები და თბილისიდან ჩასული ადამიანები შეიკრიბნენ, სამეგრელოში — ის ოჯახი, რომელიც მშობლიურ ოდას ხშირად სტუმრობს, ხოლო იმერეთმა მეგობრებს მოუყარა თავი.
ვიდეოს შექმნაზე წარმოების კომპანია ენკენი ფილმსმა, გიორგი პოპიაშვილმა და მერი გიორგობიანმა იმუშავეს. როგორც გიორგი აღნიშნავს, თიბისისთან მსგავს ფორმატზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ, ამიტომ შეთავაზების მიღებისას ბევრი არ უყოყმანიათ.
"ყველაზე საინტერესო ამ ვიდეოში სწორედ ისაა, რომ ასეთი კამერით გადაღებული ვიზუალი ნოსტალგიურ ემოციას იწვევს", — ამბობს გიორგი, რომელიც სვანეთს პირველად ეწვია, — "ეს ბავშვობას გახსენებს — ჩვენი მშობლები ხომ ხშირად იღებდნენ მსგავს ვიდეოებს. ამიტომ, ამ ვიდეოს ყურება ერთგვარად დროში მოგზაურობას ჰგავს, რადგან თან სასიამოვნო მოგონებები მოჰყვება".
გამორჩეული იყო შემოქმედებითი პროცესიც — "ვერ ხედავ, რას იღებ, ეს კი მუშაობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის". ამასთან, აქ ხომ "გადასაღები მოედანი" და წინასწარდაწერილი სცენარი არ ყოფილა — რეალური ადამიანები ნამდვილ გარემოში ქმნიდნენ კადრებს.
"ნამდვილი", — სწორედ ასე პასუხობს გიორგი შეკითხვას, რომელ ერთ სიტყვას ან ფრაზას გამოიყენებდა ვიდეოს წარსადგენად. თანაც, ეს სიტყვა აფასებს არა მხოლოდ ორწუთიანი ვიდეოს შინაარსს, არამედ მასზე მუშაობის პროცესსაც, რომლის დროსაც "ნამდვილი, ადამიანური" მომენტები და ახალი მეგობრული კავშირები შეიქმნა.
ფოტო: თიბისი
ფოტო: თიბისი
"უნიკალური და გამორჩეული იყო", — ასეთი შეფასებით იწყებს ვიდეოზე მუშაობის პროცესის გახსენებას ენკენი ფილმსის წარმომადგენელი, ბაჩო მებურიშვილიც, — "დღეს საქართველოშიც და მსოფლიოშიც იშვიათია, როცა ვიდეოს ფირზე იღებენ. ეს რაღაც მხრივ ჯადოსნური პროცესია — ციფრულ ფორმატში ხომ ყველაფერს ხედავ და აკონტროლებ — ფირის შემთხვევაში კი შედეგი წინასწარ არ იცი. შემოქმედებითი კუთხით ფირი უნიკალურ ესთეტიკასაც სძენს კადრებს".
ენკენი ფილმსი კინო და სარეკლამო ვიდეო წარმოების ქართული კომპანიაა, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებზე მუშაობს. დიდი გამოცდილების მიუხედავად, შეზღუდულ დროში რამდენიმე კუთხის შემოვლა და თანაც ფირის კამერით მუშაობა, რომელიც რთული ტექნიკაა, გამოწვევა იყო. თუმცა, ბაჩოს თქმით, ამის გამარტივებაში მათ თიბისის შემოქმედებითი და საპროდიუსერო გუნდის შექმნილი სინქრონული პროცესი დაეხმარათ.
სირთულე არ შეუქმნია იმას, რომ ვიდეოში პროფესიონალი მსახიობების ნაცვლად რეალური ადამიანები ჩნდებიან. ბაჩო იხსენებს, რომ თავად "დამკვირვებლების" როლი მოირგეს და ეცადნენ, ბუნებრივი კადრების აღბეჭდვისთვის ხელი არ შეეშალათ.
გიორგის მსგავსად, "ბუნებრივად" ახასიათებს შემოქმედებით პროცესს და ვიდეოს ბაჩოც.
"ბუნებრივი პროცესი იყო მენეჯმენტის — თიბისის გუნდთან ურთიერთობის ნაწილშიც — ეს კი, ჩემი აზრით, ნებისმიერ პროექტში მთავარი ამოცანაა", — ამატებს ბაჩო, — "ბუნებრიობით და დადებითი ემოციებით გმუხტავს იმ სასწაულ და ნამდვილ ადამიანებთან ურთიერთობაც, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ".
ფოტო: თიბისი
ფოტო: თიბისი
ჩვენ გარშემო მცხოვრები უნიკალური ადამიანების ჩვენება თიბისისთვისაც ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო.
"პირველ ყოვლისა, გვსურდა, გვეჩვენებინა, რომ საქართველო აღმოჩენებისთვის საუკეთესო ადგილია", — აცხადებს ბეკი, — "აქ და ახლა შეგიძლია აღმოაჩინო სიახლე ქუჩაში გასვლით, მეზობელ ქალაქში ან სოფელში სტუმრობით, რადგან საქართველო სავსეა განსაკუთრებული ადამიანებით, გამორჩეული ისტორიებითა და იმ ბუნებით, რომელიც გვაქვს და გვეამაყება. ეს უკანასკნელი, ვფიქრობ, შესანიშნავ ჰარმონიაშია იმ ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვა მხარეში ცხოვრობენ".
ფორმატის გათვალისწინებით, ვიდეოში მხოლოდ რამდენიმე კუთხის აღბეჭდვა მოხერხდა თუმცა, ბეკის თქმით, თავიანთ მომხმარებლებთან ერთად მომავალში კიდევ ბევრ გამორჩეულ ამბავს შექმნიან.
ვიდეო ხომ სწორედ თიბისის ბოლოდროინდელი კონცეფციის — სულ შენთანაა — მატარებელია. ბეკის თქმით, ეს კონცეფცია ადამიანებს ახსენებს, რომ რაღაცები, გარემოებების მიუხედავად, მუდმივად ჩვენ გვერდით რჩება.
"ამ ვიდეოთი ვაჩვენებთ, რომ ის ბედნიერი წამები და მომენტები, რომლებიც საუკეთესო მოგონებებს ქმნიან, სულ შენთანაა; წინასაახალწლო ტრადიციები, ფუსფუსი, მეგობრებთან გატარებული დრო და სხვა", — ამბობს თიბისის წარმომადგენელი.
თიბისი, თავის მხრივ, ცდილობს, მუდამ თავისი მომხმარებლის გვერდით იყოს და მას ციფრული პროდუქტებითა და სერვისებით ცხოვრების გამარტივებაში დაეხმაროს. სწორედ ეს დარჩება კომპანიისთვის უმთავრეს ამოცანად 2022-შიც.
კომენტარები