21-ე საუკუნის 21 ჰიტი და ჩვენი საზაფხულო ისტორიები
ყველაზე დაუვიწყარი ზაფხული რომელი იყო? ალბათ ის, რომელიც ყველაზე მეტი ემოციით დაგამახსოვრდა. მას ის ყველაფერი ქმნის, რაც გვიყვარს: ოჯახი, მეგობრები, დასვენება, მოგზაურობა, თავგადასავლები, საყვარელი ადგილები და, რა თქმა უნდა, მუსიკა.
მუსიკას განსაკუთრებული უნარი აქვს მოგონება სამუდამოდ შემოგინახოს, ყოველი მოსმენისას შენთან დააბრუნოს და წარსულში განცდილი წამი უკვდავი გახადოს. ერთი და იგივე ჰანგი ყველა ჩვენგანისთვის განსხვავებულ ამბავს ყვება.
გავიხსენოთ 21-ე საუკუნის ჰიტები, რომლებიც ყველაზე მწველი ზაფხულის ისტორიებს ინახავენ. ამ სიმღერებმა ბედნიერი მომენტების შეგროვებასთან ერთად რთულ პერიოდებთან გამკლავებაც გვასწავლეს. გახსოვდეს, რომ ემოციას, რომელიც პირველივე ნოტებზე დაბრუნდება, ვერაფერი წაგართმევს.
2021 — Doja Cat & SZA - Kiss Me More
ამ სიმღერას ზუსტად მაშინ შეუძლია შენი ამ პლანეტიდან გატაცება და პასტელის ფერებში სამოგზაუროდ აქეთ-იქით ტარება, როცა ყველაზე მეტად გჭირდება. მისი პოვნა ძალიან მარტივია ტიკტოკ ტრენდებსა თუ ინსტაგრამის სთორებში.
2020 — ჰარი სტაილსი - Watermelon Sugar
ეს მელოდია ერთი შესუნთქვითა და ამოსუნთქვით გახსენებს, რომ ზაფხულში ბედნიერი მომენტით უნდა დატკბე. ეს ბედნიერი მომენტი კი შეიძლება, უბრალოდ, გემრიელმა საზამთრომ და ჰარი სტაილსის ხმამ შეგიქმნას.
2019 — ბილი აილიში - Bad Guy
2019 წლის ზაფხული გამორჩეული იყო. არავინ ვიცოდით, რომ შემდეგი არცერთი ზაფხული იქნებოდა ასეთი ლაღი და მარტივი. ახლა, როცა ახალი რეალობა გვაქვს, შეუძლებელია ბილი აილიშის ხმამ ის ძველი ემოციები არ მოგგვაროს.
ამავე ზაფხულს აგვისტოს მიწურულს KayaKata-ს Polo Palace გამოვიდა, რომელმაც ყველაფერი გადაფარა.
2018 — დრეიკი - In My Feelings
2018 წელი მანქანიდან გადმოხტომის და გზის ცეკვა-ცეკვით გაგრძელების ზაფხული იყო.
2017 — ლუის ფონსი - Despacito
გინდოდა თუ არა, მოულოდნელად "პასიტო, პასიტო!" აგეკვიატებოდა და გონებიდან მისი ამოგდება შეუძლებელი იყო. 2017 წლის ზაფხულში ამაზე დიდი პრობლემა არ გვქონია.
2016 — Coldplay - Up & Up
სიმღერა, რომლის მოსმენის დროსაც გეგონა, რომ ცას ერთი ხელის აწევით მიწვდებოდი, სამყარო კი შენს ხელისგულზე იყო გადაშლილი.
2015 — LOUDspeakers - World In My Eyes
ეს სიმღერა ქართველი მსმენელისთვის მთელი ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული და შემდეგი ისევ ზაფხული იყო. უსმენდი და იმ წუთებში გრძნობდი, რომ უკეთესს ვერასდროს, ვერაფერს მოუსმენდი.
ამ დროს მსოფლიოს თავისი ჰიტი ჰქონდა — უიზ ხალიფას და ჩარლი პუტის See You Again.
2014 — ფარელ უილიამსი - Happy
ის დაუვიწყარი ზაფხული, როცა ფარელ უილიამსმა მთელი დედამიწა გააბედნიერა...
2013 — ლანა დელ რეი - Summertime Sadness
...არადა სულ რაღაც წინა წლებში ლანა დელ რეიმ ზაფხულის მელანქოლია ყველასთვის მოდური გახადა.
2012 — PSY - GANGNAM STYLE
"ოპა განგნამ სთააილ", აუცილებლად უცნაური ცეკვის თანხლებით.
მისგან თავის დაძვრენის ერთადერთი გზა ZurGi-ის დაქავერებული დიდხანს გელოდი იყო.
2011 — ლედი გაგა - Judas
სიმღერა, რომლითაც ლედი გაგამ მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ გამოიწვია და თავდაჯერებულობა შეგვმატა.
2010 — შაკირა - Waka Waka
2010 წლის ზაფხულში უფრო დიდი მოვლენა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატიც არ იყო. ქუჩაში, სახლში, მაღაზიაში, სტადიონებზე, ქორწილებში — ყველგან ბედნიერი ჰანგები ჟღერდა აფრიკაზე.
2009 — Outlandish - Callin U
ყველა მომენტი, როცა აუთლანდიშის ჰიტის პირველი ნოტები გაჟღერდებოდა, წამიერად ჯადოსნური ხდებოდა. ახლა კი უბრალოდ ყველა ის ადამიანი გვახსენდება, რომელსაც ეს სიმღერა მობილურის ზარად ეყენა.
2008 — P!nk - So What
საუკეთესო სიმღერა, რომელსაც პარტნიორთან დაშორების შემდეგ ვუსმენთ.
2007 — რიანა - Umbrella
ელა, ელა, ე, ე, ე - ვინმემ გაგვაგებინეთ, გაგანია ზაფხულში ქოლგაზე სიმღერა ჰიტად როგორ იქცა?
2006 — The Pussycat Dolls - Buttons
როცა ნიკოლ შერზინგერის მოძრაობების გამეორებას ყველა ერთმანეთს ვასწრებდით.
2005 — ხუანესი - La Camisa Negra
ყველაზე ცეცხლოვანი ზაფხული და სიტყვები, რომლის მნიშვნელობა არასდროს გვესმოდა.
2004 — ლექს-სენი და თიკო - გესმოდეს
წუთები წამებად დაგვამახსოვრეს ამ წლებმა, წარსული გვახსოვს და გული არ დაგვწყდება?
P.S. მსოფლიო შოუ-ბიზნესში ქართულ ესტრადას კონკურენციას მაშინ Maroon 5-ის This Love უწევდა.
2003 — ბიონსე - Crazy in Love
არავის გვჯერა, რომ ბიონსეს და ჯეი-ზის პირველი სასიყვარულო ჰიტიდან 17 წელი გავიდა. ამ სიმღერით კი არამხოლოდ მსოფლიო ვარსკვლავების, უამრავი წყვილის ისტორია დაიწყო.
2002 — ჯენიფერ ლოპესი - Ain't It Funny
სიმღერა და კლიპი, რომლის შემდეგაც ჯენიფერ ლოპესს წლები აღარ ემატება, მისი მოსმენისას კი შეუმჩნევლად ამოვყოფთ თავს ბოშების ბანაკში.
2001 — ბრიტნი სპირსი — Oops!...I Did It Again
არსებობენ ადამიანები, უფრო სწორად თაობები, რომლებისთვისაც ეს სიმღერა პირველი დაბადების დღის წვეულებას, პირველ ხალხმრავალ კონცერტს, პირველ უიღბლო ურთიერთობას უკავშირდება, თუმცა დღესაც, 2 ათწლეულის შემდეგ ისევ საყვარელ მელოდიად რჩება, რომლითაც პოპის პრინცესამ ახალი საუკუნე დაიპყრო.
კომენტარები