ავიამზიდის ტესტირების ფარგლებში აფეთქებამ 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია
აშშ-ს საზღვაო ძალებმა ცოტა ხნის წინ თავიანთი ახალი ავიამზიდის გვერდით, ატლანტის ოკეანეში 176 000 ლარის ღირებულების ასაფეთქებელი ნივთიერება ააფეთქეს. მათი მთავარი მიზანი საბრძოლო პირობებში, ავიამზიდის გამძლეობის შემოწმება იყო.
როგორც ABC Australia-ს იუწყება, აფეთქება იმდენად მასიური იყო, რომ 161 კილომეტრის დაშორებით ფლორიდას სანაპიროზე იგი დარეგისტრირდა, როგორც 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა.
ავიამზიდის "სრული შოკური გამოცდა" 18 ივნისს, ატლანტის ოკეანეში გაიმართა. USS Gerald R Ford მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ავიამზიდია. მისი სიმაღლე დაახლოებით 76 მეტრს აღწევს, სიგრძე კი — 304.8 მეტრია, რაც, დაახლოებით, სამი საფეხბურთო მოედნის სიგრძეს უტოლდება.
USNI News-ის მიხედვით, ავიამზიდთან სამი აფეთქება იყო დაგეგმილი, თუმცა, სავარაუდოდ, მესამე აფეთქება აღარ გახდება საჭირო. ზემოთ მოყვანილ ვიდეოზე წარმოდგენილი სანახაობა კი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ომი თანამედროვე მსოფლიოში.
"აშშ-ს საზღვაო ფლოტი, ასაფეთქებლების გამოყენებით, ახალ ავიამზიდზე ატარებს ცდებს. ამის მთავარი მიზანი იმის შემოწმებაა, თუ რამდენად აკმაყოფილებს Ford მისიისთვის საჭირო მოთხოვნებს და რამდენად გამძლეა იგი საბრძოლო პირობების მიმართ",— წერია ფლოტის განცხადებაში. "პირველი კლასის ავიამზიდი თანამედროვე კომპიუტერული მოდელირების მეთოდების, შემოწმებებისა და ანალიზის შედეგად შეიქმნა, ეს საცდელი გასვლა კი აშკარად ადასტურებს მის გამძლეობას".
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ, ოფიციალური პირების თქმით, ცდამ "გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვით" ჩაიარა და გაითვალისწინა "ცდების ადგილას ზღვის ორგანიზმების მიგრაციის ცნობილი ნიმუშები".
BBC-ის მიხედვით, ცდების დასრულების შემდეგ გემი მშრალ დოკს დაუბრუნდება და დამსახურებულად გაივლის მოდერნიზაციასა და შეკეთებას.
კომენტარები