10 შეგრძნება, რომელიც პანდემიის დროს თვითმფრინავით მგზავრობისას გეუფლება
Covid-19-ის გამო თითქმის ყველა ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა და ფრენები გააუქმა. ასე რომ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენთვის ყველაზე ამაღელვებელი მოგზაურობა უბნის მაღაზიაში სტუმრობა იყო.
თუმცა მას შემდეგ რაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყო და ცხოვრების ძველ სტილს ვუბრუნდებით, ნელ-ნელა ქვეყნებს შორის მიმოსვლა გაგრძელდა და ფრენებიც აღდგა.
ბევრი ჩვენგანისთვის საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა ჯერ კიდევ დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ თუ გაგვიმართლებს, ეს სულაც არ არის შეუძლებელი.
პანდემიის შემდეგ პირველი მოგზაურობა მაინც ძალიან უცნაურია, ამ სტატიაში იმ შეგრძნებებზე მოგიყვებით, რომელიც გეუფლება, როდესაც ქვეყნის საზღვრებს პირველად ტოვებ.
1. ბილეთები ნაყიდი გაქვს, მაგრამ მაინც გგონია, რომ არსადაც არ გაფრინდები
რადგან ჩაშლილი გეგმების დიდი გამოცდილება გაქვს, მომავალს ეჭვის თვალით უყურებ. ვაი და კიდევ ახალი ტალღა დაიწყოს.
2. PCR ტესტის პასუხის მოლოდინში დრო უსასრულოდ იწელება
მიუხედავად იმისა, რომ პასუხი მეორე დღეს მოდის, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ორი კვირაა ელი.
3. თითქმის დავიწყებული გაქვს გასამგზავრებლად აუცილებელი პროცედურები და სამოგზაურო დაზღვევის გაკეთება ბოლოს გახსენდება
ის კი გახსოვს, რომ სითხე ძალიან ცოტა უნდა წაიღო და ჩემოდანი ბოლო მომენტში ჩაალაგო.
4. PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიუხედავად გეშინია, რომ მესაზღვრე კიდევ მოგთხოვს დამატებით საბუთს, რომლის შესახებაც არაფერი იცი
მართალია, ბევრჯერ გაიკითხე, რა საბუთები გჭირდებოდა, მაინც ღელავ, იქნებ არ იცი ყველაფერი. რა უნდა ქნა სისხლის ანალიზიც რომ მოგთხოვონ?! ასე ვიზის აღებაზე არ ღელავდი.
5. თვითმფრინავში გგონია, რომ შენ გარდა ყველას კორონა აქვს
იმაზე იწყებ ფიქრს, ჰაერი როგორ მოძრაობს კაბინაში და რა სიხშირით იცვლება. ვინმემ თუ დაახველა შეიძლება სუნთქვაც კი შეიკავო.
6. გეშინია, რომ ფრენა დაიგვიანებს და შენს 48-საათიან PCR ტესტს ვადა გაუვა
საათს გამუდმებით ამოწმებ და ანგარიშობ, როდის გადის 48 საათი.
7. ერთადერთი ძველი შეგრძნება, რაც გეუფლება, ბილეთის დაკარგვის შიშია
ბილეთს ჩანთაში ეძებ და აღმოაჩენ, რომ ხელში გიჭირავს. თურმე კორონა ძველ შიშებს ვერ აქრობს.
8. აეროპორტში წამიერად გავიწყდება, რომ ჯერ კიდევ პანდემიაა
თუმცა შემდეგ აეროპორტის პერსონალს დაინახავ, თავიდან ფეხებამდე კოვიდსაწინააღმდეგო ხელსაწყოებით აღჭურვილს და მეხსიერება გიბრუნდება.
9. აეროპორტში ყველგან საპირფარეშოს ეძებ, რომ ხელები დაიბანო
თავს უმეორებ: ჰიგიენა უპირველეს ყოვლისა.
10. როდესაც სხვა ქვეყნის აეროპორტიდან გადიხარ უდიდეს შვებას გრძნობ
შენ ეს შეძელი, ყველაფერი სწორად გააკეთე და მოახერხე მშვიდობიანი მგზავრობა.
ბონუსი:
თუკი ვაქცინის ორივე დოზა მიღებული გაქვს, საქართველოში ყოველგვარი პროცედურების გარეშე გიშვებენ, მაგრამ პასპორტის კონტროლზე რამდენჯერმე ეკითხები: "დარწმუნებული ხართ, რომე 8-დღიანი კარანტინი არ მჭირდება?".
კომენტარები