ამიერიდან, დედამიწაზე ხუთი ოკეანეა — რატომ
National Geographic Society-ის ექსპერტებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ დედამიწაზე სინამდვილეში ხუთი ოკეანეა და არა ოთხი, როგორც აქამდე მიიჩნეოდა ოფიციალურად.
National Geographic-ის მოხსენების მიხედვით, ოკეანეთა გუნდს ახლა სამხრეთის ოკეანე შეუერთდა — წყლის მასა, რომელიც ანტარქტიდას არტყამს გარს. პირველად მსოფლიო ოკეანის ამ ნაწილს სამხრეთის ოკეანე 1500-იან წლებში უწოდეს და მას შემდეგ მეცნიერები ხშირად მოიხსენიებდნენ მას საკუთარ ნაშრომებში. Live Science-ს მიხედვით, ამ ნაწილს ისტორიაში მრავალჯერ მიანიჭეს და წაართვეს ოკეანის სტატუსი, ამ ოფიციალურმა აღიარებამ კი ყველაფერს წერტილი დაუსვა.
1921 წელს, როდესაც საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია (IHO) დაარსდა, Live Science-ს მიხედვით, მათ სამხრეთ ოკეანე ცალკე გამოყვეს, შემდეგ კი ისევ შეიცვალეს აზრი და 1953 წელს გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში ისევ წაართვეს მას ოკეანის სტატუსი. მაგრამ, მეცნიერები და სავაჭრო ორგანიზაციები მაინც განაგრძობდნენ მისი სამხრეთ ოკეანედ მოხსენიებას.
როგორც National Geographic Society-ის გეოგრაფი, ალექს ტაითი განმარტავს, სამხრეთ ოკეანის ოფიციალურად აღიარებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბავშვების სამეცნიერო განათლებაზე და გააუმჯობესოს იგი.
"მოსწავლეები ოკეანის სამყაროს შესახებ ინფორმაციას თითოეული ოკეანის მიხედვით სწავლობენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ცალკე არ ისწავლიან სამხრეთის ოკეანეს, მაშინ არ ეცოდინებათ მისი მახასიათებლები და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი", — წერს ტაითი NatGeo-ს სტატიაში.
იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი წყლითაა დაფარული, ოკეანეების რიცხვის დადგენა და მათ შორის საზღვრების დაწესება საკმაოდ პირობითი საკითხია. ბოლოსდაბოლოს, სინამდვილეში ყველა მათგანი ერთი მსოფლიო ოკეანის ნაწილს წარმოადგენს და ერთმანეთთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება სამხრეთის ოკეანეს, მას ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეებისგან წრიული დინება გამოჰყოფს, რომლის გავლენითაც, დანარჩენებთან შედარებით, ამ უკანასკნელს განსხვავებული ტემპერატურა და მარილიანობა ახასიათებს.
"სამხრეთის ოკეანეს დიდი ხნის მანძილზე მიიჩნევდნენ მეცნიერები ცალკე ოკეანედ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო შეთანხმება არ შემდგარა, ოფიციალურად, მას მეხუთე ოკეანედ ჩვენც არ ვაღიარებდით", — განმარტავს ტაითი NatGeo-ს სტატიაში.
კომენტარები