ბნელი მატერიის ახალი რუკა მიანიშნებს, რომ აინშტაინი, შესაძლოა, ცდებოდა
როგორც BBC იუწყება, ბნელი მატერიის ახალი დეტალური რუკის მიხედვით, სამყარო შეიძლება იმაზე უფრო ფართო და გლუვი იყოს, ვიდრე აქამდე არსებულ თეორიებში იყო აღწერილი.
კვლევამ, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროს ცის დაახლოებით მეოთხედს მოიცავს, შესაძლოა, აინშტაინის ფარდობითობის თეორიის სიმცდარე დაადასტუროს და შეცვალოს ჩვენი წარმოდგენები კოსმოსის შესახებ.
"თუ ეს შეუსაბამობა მართლაც არსებობს, მაშინ, შესაძლოა ითქვას, რომ აინშტაინი ცდებოდა",— განუცხადა BBC-ს École Normale Supérieure-ის მკვლევარმა ნაილ ჯეფრიმ, რომელიც ამ რუკაზე მუშაობდა. "ფიზიკოსისთვის ეს ძალიან ამაღელვებელი რამ არის. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია რაღაც ახალი გავიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო სინამდვილეში", — ამბობს იგი.
მეცნიერებს სჯერათ, რომ ბნელი მატერია სამყაროს მატერიის დაახლოებით 80%-ს შეადგენს, თუმცა, ჯერჯერობით არავინ იცის, რისგან შედგება იგი და ზუსტად როგორ ურთიერთქმედებს დანარჩენ მატერიასთან.
როგორც ვიცით, ბნელი მატერია მიმართულებას უცვლის შორეული ვარსკვლავიდან მომავალ სინათლეს. მეცნიერების აზრით, რაც უფრო დიდია ეს ეფექტი, მით უფრო დიდი რაოდენობით ბნელი მატერიაა კონცენტრირებული ამა თუ იმ ადგილას.
ახალი რუკა, რომელიც ბნელი ენერგიის კვლევის თანამშრომლობის ფარგლებში მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა შექმნა, ამ ტიპის ყველაზე დიდი და დეტალური რუკაა, რაც აქამდე შექმნილა. გუნდმა ჩილეს ვიქტორ ბლანკოს ტელესკოპის მონაცემების გამოყენებით რუკაზე 100 მილიონი გალაქტიკა დაიტანა.
მიღებულ რუკაზე მთელი ცა არის გამოსახული, იისფერით კი ის ნაწილია მონიშნული, რომელსაც კვლევის ფარგლებში ასტრონომები სწავლობდნენ. აქ ჩანს, რომ გალაქტიკები ერთად დიდ ზე-სტრუქტურებს ქმნიან. განათებული ადგილები იისფერზე იმ ნაწილს აღნიშნავს, სადაც ბნელი მატერიის სიმკვრივე ყვალაზე მაღალია — ეს უკანასკნელი გალაქტიკების ზეკლასტერებისგან შედგება. შავი ადგილები კოსმოსურ "სიცარიელეებს" წარმოადგენს — ეს სწორედ ის ადგილებია, რომლებზეც, შესაძლოა, ფიზიკის კანონები განსხვავებული იყოს.
აინშტაინის თეორიების საფუძველზე, ასტრონომებმა იწინასწარმეტყველეს, თუ როგორ შეიძლება განლაგებულიყო ბნელი მატერია სამყაროში 13.8 მილიარდი წლის მანძილზე, დიდი აფეთქების შემდეგ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს პროგნოზი რამდენიმე პროცენტით სცდება დაკვირვებებს, რომლებიც მეცნიერებმა ბნელი ენერგიის კვლევის ფარგლებში ჩაატარეს.
"შესაძლოა, სამყაროს შესახებ რაღაც ფუნდამენტური და ახალი აღმოვაჩინეთ" — უყვება BBC-ს კარლოს ფრენკი, დარემის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ამჟამინდელ კოსმოლოგიურ თეორიებზე მუშაობდა.
სამყაროში ბნელი მატერიის გავრცელება ფრენკმა აინშტაინის თეორიებზე დაყრდნობით განსაზღვრა, თუმცა შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა.
"მთელი ცხოვრება ამ თეორიებზე მუშაობაში გავატარე და ჩემი გული მეუბნება, რომ არ მინდა, ეს ყველაფერი არასწორი აღმოჩნდეს", — ყვება მეცნიერი. "თუმცა, ტვინი მეუბნება, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული გაზომვები სწორია და ეს სრულიად ახალი ფიზიკის ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე მიუთითებს".
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფრენკის აზრით, ეს ყველაფერი საკმარისი არაა აინშტაინის თეორიის უგულებეყოფისთვის. "მთავარი შეკითხვა ისაა, არის თუ არა აინშტაინის თეორია სრულყოფილი. შესაძლოა, უბრალოდ გალაქტიკების ასტროფიზიკას სჭირდება გარკვეული შესწორებების შეტანა", — ამბობს იგი.
კომენტარები