NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა მზეს იმდენად ახლოს ჩაუფრინა, რომ მის გარე ატმოსფეროს "შეეხო"
NASA-ს Parker Solar Probe-მა ახლახან მზეს იმდენად ახლოს ჩაუფრინა, რომ ვარსკვლავის ჯოჯოხეთურად ცხელ გარე ატმოსფეროს "შეეხო" და სრულიად ახალი კუთხით დაგვანახა ჩვენი სისტემის ვარსკვლავი.
როგორც CNET იუწყება, მანქანის ზომის კოსმოსურმა ხომალდმა მზეს უკვე რამდენჯერმე ჩაუფრინა და ყველ ჯერზე უფროდაუფრო მოკლე მანძილზე მიუახლოვდა მას. მაღალი სიჩქარის შესაძენად და მზესთან მისაახლოვებლად იგი ვენერას გრავიტაციულ ძალას შურდულის მსგავსად იყენებს. ეს მიდგომა იმდენად კარგად მუშაობს, რომ ხომალდმა გასულ კვირას ორი ახალი რეკორდი დაამყარა.
პირველ რიგში, CNET-ის მიხედვით, Parker Solar Probe-მა რეკორდული სიჩქარე — 531 083 კმ/სთ განავითარა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოძრავი ობიექტი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს სიჩქარე საკმარისია იმისთვის, რომ დედამიწას ერთ საათში 13-ჯერ შემოუაროს. გარდა ამისა, იგი მზეს ნებისმიერ სხვა კოსმოსურ ხომალდთან შედარებით, ყველაზე ახლო მანძილზე — ვარსკვლავის ზედაპირიდან 10 460 736 კილომეტრზე მიუახლოვდა.
წინა რეკორდის ავტორი — ასევე Parker Solar Probe — ალბათ ამ ფაქტით დიდად იმედგაცრუებული არ დარჩენილა. რა თქმა უნდა, კოსმოსური ხომალდისგან NASA-ში ორივე რეკორდის გაუმჯობესებას ელიან ამ წლის ბოლოს — მას შემდეგ, რაც იგი კიდევ ერთხელ გამოიყენებს ვენერას გრავიტაციულ ძალას რათა კიდევ უფრო ახლო მანძილზე ჩაუფრინოს მზეს და კიდევ უფრო მაღალი სიჩქარე განავითაროს.
კომენტარები