მარსის შვეულმფრენმა წითელი პლანეტის ზედაპირზე მოხეტიალე გადაიღო
ამერიკის კოსმოსური სააგენტოს — NASA-ს შვეულმფრენმა — Ingenuity-მ Perseverance მოხეტიალეს კვირას, მესამე სადემონსტრაციო ფრენის დროს ფოტო გადაუღო.
რობოტი, რომელიც 1 ტონას იწონის, ახლადგამოქვეყნებული სურათის ზედა მარცხენა კუთხეში ჩანს. გადაღებისას მინი შვეულმფრენი დაახლოებით 85 მეტრით იყო მოხეტიალისგან დაშორებული და 5 მეტრი სიმაღლეზე დაფრინავდა. კვირას Ingenuity-მ 80 წამში 100 მეეტრის მანძილზე იმოგზაურა მარსის ატმოსფეროში.
NASA-ს მიხედვით, შვეულმფრენის მომდევნო ორი ფრენა, რომლებსაც იგი მომავალ რამდენიმე დღეში განახორციელებს, მისი საბოლოო ფრენები იქნება მარსზე. ამ ფრენების ფარგლებში, მეცნიერები შეეცდებიან, ბოლომდე გამოავლინონ მისი შესაძლებლობები და გააკრვიონ, თუ მაქსიმუმ რა სიჩქარის განვითარებას და რა მაქსიმალური მანძილის გავლას შეძლებს იგი ერთი ფრენის დროს. ამავდროულად, ისინი აანალიზებენ, რომ ამან შესაძლოა შვეულმფრენის დაზიანება ან განადგურება გამოიწვიოს.
ფრენის მთავარ სირთულეს პლანეტაზე თხელი ატმოსფერო წარმოადგენდა, რომლის სიმკვრივე დედამიწის იმავე მაჩვენებლის სულ რაღაც 1%-ს შეადგენს, ამიტომ, განსაკუთრებით დიდი გამოწვევა ზედაპირიდან აფრენა იყო.
Ingenuity შვეულმფრენის მარსზე Perseverance მოხეტიალესთან ერთად გაემართა, ეს უკანასკნელი კი იეზეროს კრატერზე 18 თებერვალს დაეშვა. მას შემდეგ ამ ექვსბორბლიანმა რობოტმა არაერთი ფოტო და ვიდეო გამოუგზავნა NASA-ს მეცნიერებს. მათ შორის იყო Ingenuity-ის ფრენის ამსახველი ვიდეოც. მალე მოხეტიალეს შვეულმფრენის მიტოვება მოუწევს, რათა თავისი მისიის მთავარი მიზნის შესრულება — წითელ პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნების ძიება დაიწყოს.
კომენტარები