სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია დაგავიწყდათო, გვაძახებენ მავანნი და მამა-პაპათა ადათების პატივისცემისკენ მოგვიწოდებენ. ურაპატრიოტები ხართო, ამასაც ამბობენ და მსგავსი საქციელით მხოლოდ სიტუაციას ძაბავთო — თურმე რუსეთს მხოლოდ პატივისცემით უნდა ველაპარაკოთ, შემთხვევით "ოკუპანტი" არ უნდა წამოგვცდეს, თორემ გულზე მჯიღის დარტყმაში ჩაგვითვლიან. ვაი, თუ გაბედე და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვი, მაშინვე "დასავლეთის მართული რადიკალი" გამოხვალ.

ბოდიში კრიტიკოსებთან, მაგრამ პროტესტის უფლებას არ დავთმობთ — დიახ, ასეთი მასპინძლები ვართ! არ მოგვწონს, როცა ოკუპანტის ქვეყნის რუპორები, რომლებიც სხვადასხვა დროს კრემლის პოლიტიკას ატარებენ და ვლადიმერ პუტინს ხოტბას ასხამენ, ჩვენთან ჩამოდიან. ამას ვაპროტესტებთ და მომავალშიც ასე ვაპირებთ.

დღეს გაგაცნობთ ისეთ 10 ადამიანს, რომელთა საქართველოში გრიალი არ გაგვიხარდება იმისდა მიუხედავად, დარღვეული აქვთ თუ არა მათ ოკუპაციის შესახებ კანონი. მათი უმეტესობა მედიისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელია და როგორც ამტკიცებენ, არანაირი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან — არც ფიცი გვწამს, მაგრამ ვაი, რომ ბოლოც გვაკვირვებს.

1. ალექსანდრ დუგინი

ფოტო: კადრი ვიდეოდან / დენ TV

ალექსანდრ დუგინს დიდი წარდგენა არ სჭირდება. მას ყველა პუტინის მთავარი პროპაგანდისტის სახელით იცნობს. საქართველოზე მისი ყველა განცხადება განმსჭვალულია არამხოლოდ კრემლის, არამედ საბჭოთა ნარატივებით. სხვადასხვა დროს, დუგინი მათ მიერვე ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაში, ჩვენ გვადანაშაულებდა. მეტიც, იგონებდა ამბებს იმაზე, რომ საქართველოში ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს და მეგრელებს გენოციდი მოუწყვეს. ამტკიცებდა იმასაც, რომ მასე შემდეგ, რაც "2 ერი დაიცვეს", სამეგრელოში, აჭარასა და ჯავახეთში გამოყოფის სურვილები გაჩნდა.

დუგინს არ ჰყოფნიდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ამბობდა, რომ "მტერი ჯერ დამარცხებული არ არის". მისი თქმით, მნიშვნელოვანი ბრძოლები მოიგეს, მაგრამ უფრო მეტი უნდა გაეკეთებინათ საქართველოზე ტოტალური კონტროლის მოსაპოვებლად.

"არამხოლოდ თბილისია ჩვენი მიზანი, არამედ შავი ზღვის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის დამყარება. პირველ რიგში, ჩვენი პოზიციების გამყარება ფოთში, სამეგრელოში. ასევე, გურიაში, რომელსაც არ აქვს პორტები, მაქვს აქვს ზღვაზე გასასვლელი. რაც მთავარია ეს არის პორტი ბათუმში, ანუ აჭარა", — ამბობდა ის.

დუგინის რიტორიკა ყოველთვის ატარებს აზრს, რომ ქართველები საყვარელი, მხიარული ძმები არიან, რომლებსაც რუსეთისთვის გული არ უნდა ეტკინათ, რადგან რუსებს ჩვენთან ომი რუსებს "არ მოსწონთ". ის რელიგიაზე, ისტორიასა და "საერთო წარსულზე" აპელირებს და საბჭოთა ნოსტალგიებს აღვივებს ისე, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი გააჩინოს, ამ ყველაფერთან ერთად კი, თავი დამნაშავედ გვაგრძნობინოს.

ამ შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოზე რიტორიკით შემოვიფარგლებით და არ განვავრცობთ, რამდენად ხშირად ემთხვევა დუგინის აზრები პუტინისას. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ნამდვილად არ გაგვიხარდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს დუგინიც გადაწყვეტს წილხვედრში გამოსეირნებას და დღეობის აღნიშვნას.

2. დიმიტრი კოსირევი

კოსირევი მინიმუმ ერთხელ რომ არის საქართველოში ნამყოფი, უკვე ვიცით. ის პრორუსული მედიაფორუმის ფარგლებში "საპატიო სტუმრის" სტატუსით 2018 წელს ჩამოვიდა. კოსირევი კრემლისტური მედიების RIA Novosti-სა და Russia Today-ს პოლიტიკური მიმომხილველი და პროპაგანდისტული ტელევიზიების ხშირი სტუმარიცაა.

მართალია, აღნიშნული ფორუმი დოლ-გარმონისა და ქართული სუფრის ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ საგრიალო განწყობა სულაც არ იყო. ეს აქტივისტების პროტესტის ფორმა იყო, რომლითაც ხელისუფლებას ახსენებდნენ, რომ ოკუპანტების ხელგაშლილი დახვედრა კარგი არ არის.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

კოსირევი რომ პროტესტს იმსახურებდა, ამას მისი იმდღევანდელი განცხადებებიც მოწმობს. რუსი პოლიტიკის მიმომხილველი, რომელიც ქართველ ჟურნალისტებს "მასტერკლასს უტარებდა", ამტკიცებდა, რომ საქართველოს ოკუპაციაზე ინფორმაცია არ აქვს და ამავდროულად, აცხადებდა, რომ კრემლის პოლიტიკა რბილი და ზედმეტად ფრთხილია. მისი აზრით, პუტინი მხოლოდ "აუცილებელს" აკეთებს და საჭიროა მეტი აქტიურობა მსოფლიოში. კოსირევი რომ პროპაგანდისტია, ამაში ეს ვიდეოც დაგარწმუნებთ:

3. ევგენი პრიგოჟინი

პუტინის მზარეულის სახელით ცნობილი ტროლების ქარხნის შეფი, ევგენი პრიგოჟინი არამხოლოდ საქართველოში, რუსეთის გარდა არცერთ ქვეყანაში არ უნდა გრიალებდეს, რადგან თითქმის ყველგან ავრცელებდა პროპაგანდისტულ მესიჯებს და იწვევდა არეულობას.

პრიგოჟინმა კარიერა რესტორანში მუშაობით დაიწყო და როცა მისი სტუმრის, ვლადიმერ პუტინის გული მოიგო, უფრო და უფრო ზევით გადაინაცვლა — იმდენად, რომ 2013 წელს მისი დაბადების დღის შეფმზარეული იყო, მომდევნო წლებში კი უკვე მის მარჯვენა ხელად ითვლებოდა.

ევგენი პრიგოჟინი და პუტინი

ევგენი პრიგოჟინი და პუტინი

ფოტო: Associated Press

ჟურნალისტური გამოძიებები მის სახელს უკავშირებენ სამხედრო ჯგუფ ვაგნერს, რომლის წევრები არაერთი ქვეყნის გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდნენ. თავად პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს, ისევე, როგორც ტროლების ქარხანასთან. თუმცა ის და მისი ტროლები 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში ჩარევასა და გავლენის მოხდენაში დაადანაშაულეს.

ვინაიდან, რუსეთის დიდი ინტერესის სფერო ვართ და მუდმივად ჰიბრიდული ომის კომპონენტებითაც გვიტევენ, გამორიცხული არ არის, რომ პრიგოჟინის ტროლების სამიზნე თითოეული ჩვენგანი გავხდით.

4. მარგარიტა სიმონიანი

Russia Today-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი რომ პუტინის პროპაგანდისტია, არც ამას სჭირდება დიდი მტკიცება. ისიც საკმარისი იქნება მისივე მედიაზე რომ ვისაუბროთ. რუსეთი დღეს ,ანუ რაშა თუდეი კრემლისტური მედიაა, რომელიც დასავლური მედიის "ალტერნატივად" და რუსული პოზიციების გასაჟღერებლად შეიქმნა.

ფოტო: RIA

2008 წელს არხი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველების მიერ "ოსების გენოციდზე" ალაპარაკდა. ისინი დღემდე არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. Russia Today-ს წინააღმდეგ სანქციები გაატარა არაერთმა ქვეყანამ, ფეისბუქმა, ტვიტერმა.

რაც შეეხება მარგარიტა სიმონიანს, თავადაც აქტიურადაა ჩართული კრემლის ნარატივების გავრცელებაში. მაგალითად, 20 ივნისს აქციის დაშლისას მან ირონიული პოსტი გამოაქვეყნა იმაზე, თუ როგორ ადევნებს თვალს ქართულ დემოკრატიას "სისხლიანი დიქტატურიდან", სადაც წლებია არ გამოუყენებიათ აქციებზე ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. თუმცა, იმის მითითება დაავიწყდა, რომ რუსულ სპეცრაზმს ეს ხერხები არ სჭირდება, რადგან უბრალოდ უმისამართოდ სცემს ხელკეტებით თითქმის ყველას, ვინც აქციაზე გასვლას ბედავს. შესაძლოა, RT-ს ამის გაშუქება დიდად არ მოსწონს, მაგრამ რუსეთშიც კი არ იმალება, როგორ რეაგირებს სახელმწიფო პროტესტზე.

5. ოლგა სკაბეევა და ევგენი პოპოვი

სკაბეევას და პოპოვს ვერ დავაცალკევებთ, რადგან ეს განუყოფელი წყვილი ერთიანი ძალებით ავრცელებს კრემლის ნარატივებს. ტელეკომპანია რასია 1-ის წამყვანების ნებისმიერი გადაცემა გაჟღენთილია პროპაგანდით რუსეთის უძლეველობასა და უდანაშაულობაზე. ისინი თავს ესხმიან ყველას და ყველაფერს, ვისაც ვლადიმერ პუტინის მმართველობა არ მოსწონს, იქნება ეს დასავლელი, უკრაინელი თუ ქართველი პოლიტიკოსები ან აქტივისტები.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რასია 1

მათი თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გახდა ტელეკომპანია რუსთავი 2. როცა არხის ყოფილმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს აგინა, სკაბეევა და პოპოვი დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვდნენ და აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას არასაკმარისი რეაგირების გამო. არადა, მაშინ მთელი ხელისუფლება შუაღამისას ვრცელ პოსტებს აქვეყნებდა და გაბუნიას საქციელს გმობდა.

ამ ეთერში სკაბეევა ამბობდა, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში იმდენ დიდსულოვნებას იჩენს, რომ მეტი უკვე შეუძლებელია და დროა, საქართველომ რომელიმე გაკვეთილიდან რამე ისწავლოს. ამავე გადაცემაში წამყვანები საქართველოსგან ბოდიშებს ითხოვდნენ სერგეი გავრილოვის გაძევების გამო. თან ამტკიცებდნენ, რომ ქართველ ხალხს კი არა, ხელისუფლებას ერჩიან, თან სამოქალაქო საზოგადოებას ესხმოდნენ თავს, რომელიც გავრილოვის ვიზიტს აპროტესტებდა.

კრემლის ნარატივის შესაბამისად, ისინი არც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებენ და ისიც კი არ მოსწონთ, რომ ოკუპანტს ვეძახით. ასეთი შეფასების გამო სკაბეევა და პოპოვი საქართველოს პრეზიდენტისგანაც კი ითხოვდნენ ბოდიშს.

მათ უყურადღებოდ არც ის დაუტოვებიათ, რომ პროტესტის ნიშნად ქართულ კინოთეატრებში ფილმების რუსულად ჩვენება შეწყდა. მაშინ ნიშნის მოგებით შეგვახსენეს, რომ რუსებს იაფად დასვენება მხოლოდ საქართველოში კი არა, სომალშიც შეუძლიათ.

ისინი პროპაგანდას აქტიურად ავრცელებდნენ უკრაინაზეც. მაგალითად, 2018 წელს უკრაინული დელეგაციის საპროტესტო პერფომანსს უკრაინის ჰიმნითა და ხელთათმანებით რასია 1-მა სპეციალური გამოშვება მიუძღვნა. "ნაცისტები", "ცირკის მსახიობები", "მაკაკები", "არაფრისმაქნისები", "ბალაგანი" — სკაბეევამ და პოპოვმა გადაცემა მსგავსი შეურაცხმყოფელი სიტყვების ფონზე წარმართეს.

ეს დუეტი ჩვენთან გრიალს ნამდვილად არ იმსახურებს, თუმცა უკვე მოასწრეს 2018 წელს და ინსტაგრამზე ფოტოებიც კი გამოაქვეყნეს წარწერით: "თბილისი სიყვარულია".

6. თინა კანდელაკი

თინა კანდელაკზე საუბარზე ბევრ დროს არ დავხარჯავთ. წარმოშობით ქართველი რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანი მხარს უჭერს კრემლის პოლიტიკას და რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვაზე პასუხისმგებლობას მთლიანად საქართველოს ოპოზიციას ანიჭებს, რომელსაც ექსტრემისტებსა და ტერორისტებს უწოდებს.

თინა კანდელაკის ციტატა ფოტოზე: "ნაციონალიზმის ბაცილა ყოველთვის გამოიყენებოდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გასანადგურებლად"

ფოტო: კადრი ვიდეოდან / რასია 1

ის არაერთხელ ყოფილა ისეთი პროპაგანდისტული გადაცემის სტუმარი, სადაც საქართველო ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინეს. მათ შორის, პოპოვსა და სკაბეევასაც სტუმრობდა და ანტიოკუპაციურ პროტესტს ნეგატიურად განიხილავდა.

ამავე ეთერში კანდელაკი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ქართულად გამართულად საუბრობს, წერს და კითხულობს. არ ვიცით რა წაუკითხავს, მაგრამ გაჟღერებული განცხადებები მოწმობს, რომ საქართველოს ისტორია — არა.

ფოტო: თინა კანდელაკი / ტვიტერი

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კანდელაკი ფრიად უკმაყოფილო დარჩა, როცა გიორგი გაბუნიამ პუტინს აგინა.

"ერთ-ერთი გადაცემის დასაწყისში ტელეწამყვანი დიდხანს, ჭუჭყიანად და ქუჩურად აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ისე, როგორც ამას აკეთებენ მდაბიო რადიკალები", — წერდა ის და ბოდიშს არამხოლოდ გაბუნიასგან, საქართველოს ხელისუფლებისგანაც ითხოვდა.

პოზნერის ვიზიტის პროტესტის გამო კი კანდელაკი "შერცხვენილი" იყო და ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, წარსულსა და ფესვებზე ალაპარაკდა.

"პოზნერმა საქართველოზე უფრო მეტი იცის, ვიდრე იმ ხალხმა, ვინც გადაწყვიტა, თავისი უპატივცემულობა გამოეხატა მისი სასტუმროს ფანჯრებთან.

ძალიან ვწუხვარ, რომ არ გამოინახა ადამიანი, რომელიც ამ უტომო და უგვარო ხალხს გამოათრევდა და გააგდებდა, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. გააგდებდა იქ, სადაც ადამიანები პატივს არ სცემენ საკუთარ ფესვებს და სძულთ საკუთარი წარსული, რომელიც გაცვალეს წუთიერ პოლიტიკურ ამბიციებზე", — დაწერა მან.

7. გრიგოლი ლეპსი

კიდევ ერთი წარმოშობით ქართველი, გრიგოლი ლეპსი ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი და მისი იდეოლოგიის პროპაგანდისტია. მომღერალი სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდა პუტინის მხარდამჭერ კონცერტებში და მის წინასაარჩევნო კლიპშიც კი.

"მე მომწონს ეს ადამიანი. მომწონს მისი ქცევა. მომწონს როგორც ლაპარაკობს, როგორც იქცევა. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი თეთრი ლაქები, მაგრამ ადამიანებიც ამიტომ ვართ", — ამბობდა ის პუტინზე ვლადიმერ პოზნერის გადაცემაში.

ფოტო: კადრი ვლადიმერ პოზნერის გადაცემიდან

გრიგოლი ლეპსს საქართველოში არამხოლოდ ნაგრიალები აქვს, კონცერტიც კი ჩაატარა. რომელმაც საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. კონცერტის დაწყებამდე მაესტროს ჟურნალისტმა მომღერალს ჰკითხა, აწუხებდა თუ არა ხალხის რეაქცია, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ლეპსისთვის დისკომფორტის შექმნის გამო ჟურნალისტი დაცვამ ოთახში გაიყვანა და როგორც ის ამბობს, საათნახევრის განმავლობაში გარეთ გამოსვლის უფლებას არ აძლევდნენ.

საქართველოს ოკუპაციაზე ლეპსის ღია განცხადებები არ იძებნება, თუმცა ცნობილია, რომ ის მხარს უჭერს ყირიმის ანექსიას და არაერთხელ აქვს იქ გამართული კონცერტი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ.

გარდა პუტინთან მეგობრობისა, ლეპსს ხშირად ადანაშაულებენ კრიმინალურ დაჯგუფებებთან ურთიერთობაში. მაგალითად, 2013 წელს მას ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალეს და მაფიასთან ურთიერთობაში დაადანაშაულეს.

8. სერგეი ბეზრუკოვი

იშვიათად, თუმცა გვაქვს შემთხვევები, როცა ღია პროპაგანდისტებს ჩვენთან გრიალის უფლება არ მივეცით. ასეთია სერგეი ბეზრუკოვი. ის საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსიას მხარი დაუჭირა, მისი სპექტაკლი საქართველოში ჩაიშალა.

ფოტო: რუსული გაზეთი

ვიზიტის გაუქმების შემდეგ ბეზრუკოვმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია მიზეზი, რადგან ის ქართველ მაყურებელს ძალიან მოსწონს და თავადაც უყვარს საქართველო და უკრაინა. ამბობდა იმასაც, რომ ხელოვნება და პოლიტიკა უნდა გამიჯნულიყო. ამავეს იმეორებდა რამდენიმე ადამიანი, ვინც ბეზრუკოვის ჩამოსვლა მოითხოვა. ერთ-ერთი მათ შორის, ვინც პოლიტიკისა და სპორტის გამიჯვნისკენ მოგვიწოდებდა, პრორუსული ჯგუფის, ქართული მარშის დამფუძნებელი, გია კორკოტაშვილი იყო.

თუმცა, ბეზრუკოვი ერთი სპექტაკლის გაუქმებით დიდად არ შეწუხებულა და ახალი "ლოკაცია" მარტივად იპოვა — ოკუპირებული ცხინვალი. ბეზრუკოვი რომ პუტინის პროპაგანდისტია, ამაში დასარწმუნებლად ისიც კმარა, რომ მისი თეატრის სპექტაკლები ოკუპირებულ რეგიონებში "რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარების 11 წლისთავისთვის" ჩაინიშნა.

9. დმიტრი კისელევი

დმიტრი კისელევი პროსახელისუფლებო რუსული ტელევიზიიის წამყვანი და Russia Today-ს გენერალური დირექტორია. რაღა თქმა უნდა, როგორც მისი ზემოხსენებული კოლეგები, აქტიურად უწევს პროპაგანდას ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას.

ფოტო: კრემლის პრესსამსახური

გორჩაკოვის ორგანიზებულ ფორუმზე ის ქართველ ჟურნალისტებს უკითხავდა ლექციას, სადაც დიდი დრო დაუთმო პუტინის პოლიტიკის განხილვასაც. გორჩაკოვის ფონდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნიდან მოდის. ის 2010 წელს რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობით შეიქმნა. ფონდის მიზნად სახელდება გლობალიზაციის პირობებში, რუსეთის ინტერესების შესაბამისად, "სახალხო დიპლომატიის" გაძლიერება და რუსული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა. ფონდის მმართველი და პოლიტიკური საბჭოს წევრები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მოხელეები, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მდივანი და შიდა პოლიტიკური ასოციაციის პრეზიდენტი არიან.

10. ქეთა თოფურია

ამ სტატიაში ნებისმიერი წარმოშობით ქართველის ხსენება რისკია, ქეთა თოფურიასი კი განსაკუთრებით, რადგან მისივე თქმით, ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოში ბევრი მხარდამჭერიც ჰყავს. თუმცა, თოფურიას პოპულარობაც კი ვერ გადაფარავს მის ღია მხარდაჭერას პუტინისადმი.

ფოტო: კადრი პუტინის წინასაარჩევნო ვიდეოკლიპიდან

ის მონაწილეობდა პუტინის წინასაარჩევნო კლიპში, სხვა რუს მომღერლებთან და გრიგოლი ლეპსთან ერთად. ვიდეორგოლში ქეთას გამოჩენისას ფონზე ვხედავთ წარწერას "პუტინის გუნდი". გარდა ამისა, არაერთხელ მიუღია მონაწილეობა მის მხარდამჭერ კონცერტებში.

ასევე, 2010 წელს საბჭოთა კავშირისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის სცენაზე სამხედრო ფორმით წარსდგა და სიმღერა "ჩვენ გვჭირდება ერთი გამარჯვება" შეასრულა. 2013 წელს, 12 ივნისს რუსეთის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე თოფურიამ წითელ მოედანზე, რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული კაბით იმღერა.

ფოტო: კადრები კონცერტებიდან

2018 წელს თოფურია ამტკიცებდა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინი რომ არ აირჩიონ, ქვეყანაში ცხოვრება იქნება შეუძლებელი და 2008 წელი სიზმარი იქნება.

"ხალხნო, იმენა ბრმა კლოუნები ხართ. დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ**ნა და არა პუტინმა, მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს", — წერდა ის.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს თოფურია თავის ჯგუფ A-studio-სთან ერთად ბათუმის ერთ-ერთ კლუბში კონცერტის გამართვას გეგმავდა, თუმცა 20 ივნისის შემდეგ გამოწვეული პროტესტის გამო, კლუბს ღონისძიების რამდენჯერმე გადადება, საბოლოოდ კი გაუქმება მოუწია.


ეს პროპაგანდისტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა საქართველიში ჩამოსვლა არ გაგვიხარდებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ათზე მეტნი არ არიან.

ბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ მოგვწონს, როცა ჩვენი სტუმრები ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ და ჩვენვე გვაბრალებენ იმ ტკივილს, რაც საქართველოს ასიათასობით მოქალაქეს მიადგა. კი, ამ დროს ტატუნაშვილი, ოთხოზორია და დათა პაპა გვახსენდება. იმიტომ, რომ სწორედ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ადამიანები აძლიერებენ იმ რეჟიმებს, ვინც ეს ხალხი წაგვართვა.

შეგვიძლია ვიდავოთ ფორმებზე, როგორ უნდა "ვებრძოლოთ" მათ ქვეყანაში შემოსვლას, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ იმას, რომ მჩაგვრელებისთვის კარგი მასპინძლები ვერ ვიქნებით. ეს არ ნიშნავს და არც არასდროს ნიშნავდა, რომ რუს ტურისტებს ვებრძვით — ჩვენ მხოლოდ იმპერიალისტები და პუტინის მხარდამჭერები გვიქმნის დისკომფორტს.