ვინ რას თმობდა — ოპოზიციისა და "ოცნების" განმარტებები ვერშემდგარ შეთანხმებაზე
ქართული ოცნებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს — შეთანხმება ისევ ვერ შედგა. დღეს მხარეებმა მოლაპარაკებების პროცესის თავიანთი ვერსიების გასაჯაროება შეძლეს და ცნობილი გახდა, რომელი მხარე რას თმობდა კომპრომისის მისაღწევად.
შვედი დიპლომატის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტს მოიცავდა, ესენია:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
- კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
- მომავალი არჩევნები.
დანიელსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის კრისიზიდან გამოსაყვანად საჭიროა კომპრომისი, რისი მზაობაც მოლაპარაკების მაგიდასთან არ ყოფილა.
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ვერმიღწეულ შეთანხმებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტებს ოპოზიცია არ დაეთანხმა, ზურაბ ჯაფარიძის თქმით კი, ოპოზიციას ხუთიდან სამ საკითხზე მაინც შეეძლო შეთანხმების მიღწევა, ხოლო ქართული ოცნებისთვის არცერთი იყო მისაღები.
მეტიც, ზურაბ ჯაფარიძემ ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ტყუილი უწოდა, სწორედ იგივე გააკეთა შემდეგ ქართული ოცნების ახლად არჩეულმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა და თქვა, რომ 7-ვე ოპოზიციონერისგან ტყუილები გაჟღერდა.
აბსოლუტურად სხვა რეალობაზე ისაუბრა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა და თქვა, რომ კობახიძე და თალაკვაძე დოკუმენტზე ხელის მოწერას აპირებდნენ.
ქართული ოცნებისა და ხელისუფლების განცხადებებიდან ირკვევა, რომ სამ საკითხზე შეთანხმება მიღწევადი იყო, თუმცა პრინციპული თემებზე პოზიციების შეჯერება კვლავ ვერ მოხერხდა — პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.
ქართული ოცნების პუნქტები
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობდა ოთხ პუნქტს, ესენია — საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღება და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული რეფორმა.
- საარჩევნო რეფორმა მოიაზრებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირებას, საკრებულოებში ოპოზიციური პარტიების უფრო ფართო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საარჩევნო სისტების თვისებრივ გადასინჯვასა და საარჩევნო ბარიერების შემცირებას, სამივე დონის საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის 8 წევრამდე გაზრდას, საარჩევნო უბნების 10%-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავტომატურ გადათვლას, საარჩევნო უბნების გარშემო 100-მეტრიანი რადიუსის დაწესებას, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას;
- სასამართლო რეფორმა მოიაზრებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენამდე საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვას ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინკლუზიური ფორმით არჩევას, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღების შესწავლასა და დასკვნების საფუძველზე შემდგომი სასამართლო რეფორმების დაგეგმვა-გატარებას;
- ამნისტიის კანონი მოიაზრებდა, რომ ქართული ოცნება უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას, რაც ნიკა მელიას შეეხებოდა გირაოს გადახდის შემთხვევაში;
- დოკუმენტის ბოლო პუნქტის მიხედვით, მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობდა ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების მინიმალური რაოდენობის 4-მდე შემცირებას, რაც ხუთ ოპოზიციურ პარტიას პარლამენტში ფრაქციების შექმნისა და შესაბამისი ბერკეტებით სარგებლობის შესაძლებლობას მიანიჭებდა.
ოპოზიციის პუნქტები
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს, ისინი შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ხუთი პუნქტიდან სამ პუნქტს თანხმდებოდნენ, დანარჩენ 2-ზე კი, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეთანხმება არ იყო, ვინაიდან ეს პუნქტები მანდატით იყო განსაზღვრული.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პარლამენტს უნდა წარდგენოდა ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხებოდა. ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების პოზიციები ჯერჯერობით ბუნდოვანია, კონკრეტულად კი ის, ვინ იყო თანახმა ამნისტა შეხებოდათ პოლიციელებსაც. ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ამ საკითხზე ასეთი განმარტება გააკეთა:
"ამნისტია გულისხმობს სისხლის სამართლის ყველა საქმეს, საქმის შეწყვეტა მე ასე მესმის. რა თქმა უნდა, კანონი როდესაც დაიწერება სრულად, იქ თქვენს კითხვებზე იქნება პასუხი გაცემული, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 19-20 ივნისი აღძრულ სისხლის სამართლის დანაშაულებებთან დაკავშირებით ამნისტიას, ეს გულისხმობს სისხლის სამართლის ყველა საქმესთან დაკავშირებულ ამნისტიას".
ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას არაერთი კომფორტული წინადადება შესთავაზეს, თუმცა მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი შეთავაზებით ამნისტიის კანონის მიღების შესახებ საპატიმროს მხოლოდ 1 პოლიტპატიმარი ტოვებდა — ნიკა მელია, თანაც გირაოს გადახდის შემთხვევაში, ხოლო გიორგი რურუაზე საუბარი არ ყოფილა, რაც მათთვის მიუღებელია.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა მძევლად დაიტოვოს ორიდან ერთი ადამიანი.
"ქართულმა ოცნებამ დღეს გადაწყვიტა, რომ მძევლად დაიტოვოს ორიდან ერთი ადამიანი, გადაწყვიტა, რომ საერთოდ თავის გაცემულ პირობაზე შარლ მიშელთან თქვას უარი და არანაირი ჩანაწერი არ ყოფილიყო ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით", — ამბობს ვაშაძე.
სამადაშვილის განცხადებით, არჩევნების საკითხზე ოპოზიციის მხრიდან რამდენიმე შესაძლო კომპრომისული ვარიანტის წინადადება იყო წარდგენილი. მაგალითად ერთ-ერთი შეთავაზება იყო, რომ პლებისციტზე დასმულიყო განსახილველად ახალი კონსტიტუციის მიღებისა და ამ კონსტიტუციის საფუძველზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი. საგულისხმოა, რომ დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
როგორც გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, ოპოზიციას სამ პუნქტზე პრობლემა არ ჰქონდა, მაშინ, როცა მმართველი პარტიისთვის არცერთი არ იყო მისაღები.
"პროცესი, პრინციპში, ზუსტად ისე განვითარდა, როგორც წინა მოლაპარაკებების რაუნდის დროს. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც მისაღები იქნებოდა ქართული ოცნებისთვის. გასაგებია, რომ იქ იყო ორი პუნქტი, რომელიც პრობლემური იყო ოპოზიციისთვის, ეს არის ხელახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების თემა, თუმცა მაგის გარდა იყო სამი პუნქტი, რომელიც არ იყო ოპოზიციისთვის პრინციპული და ჩვენ საჯაროდაც განვაცხადეთ, რომ თანახმა ვიყავით, მაგრამ იმ პუნქტებთან მიმართებაშიც კი, ქართული ოცნება არ იყო მზად, რომ ხელი მოეწერა და იმ პუნქტებზე მაინც დათანხმებულიყო", — ამბობს ჯაფარიძე.
მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის აზრით, გულწრფელი კომპრომისის მზაობა მოლაპარაკებეზე არ ჩანდა.
"ჩემს პირად განცდას ვიტყვი, რომ გულწრფელი მზაობა იქ რეალური შეთანხმების და კომპრომისების არ იყო. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ვადამდელი არჩევნების საკითხი ჰაერშია გამოკიდებული. ოპოზიცია ამბობს კიო და ხელისუფლება — არაო. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, თითქოს ვთანხმდებოდით, მაგრამ ვერ შევთანხმდით. რეალურად, მთავარი პრობლემა ის არის, რომ გულწრფელი კომპრომისის მზაობა მე პირადად ვერ დავინახე", — თქვა მან.
ქართულმა ოცნებამ მისთვის სასურველი პუნქტების შესრულება დააანონსა ოპოზიციის ჩართულობის გარეშეც. ოპოზიცია კი აანონსებს, რომ გააგრძელებს ხელისუფლებაზე ზეწოლის მობილიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, სანამ ის მიზანი არ მიიღწევა, რაც დასახული აქვთ.
კომენტარები